ზოგისთვის ხატვა უბრალოდ ჰობია, ზოგისთვის კი საკუთარი თავის აღმოჩენის გზა. 20 წლის ნუში ჯაყელისთვის ხელოვნება სწორედ ის სივრცეა, სადაც ემოციები სიტყვების გარეშე ლაპარაკობს. თვითნასწავლი ახალგაზრდა მხატვარი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ფინანსების მიმართულების მესამე კურსის სტუდენტია, თუმცა აღიარებს, რომ შინაგანი სამყარო ყველაზე მეტად ფურცელსა და ფანქარში ცოცხლდება.
მისი ყოველდღიურობა დატვირთული და მრავალფეროვანია. ის სწავლასთან ერთად ციფრული მარკეტინგითაც არის დაკავებული, გავლილი აქვს სთორი მენეჯმენტისა და ტარგეტოლოგიის კურსები, მართავს პროექტ „AION“-ის სოციალურ ქსელს და ამბობს, რომ ფინანსების, მარკეტინგისა და ხელოვნების შერწყმა სამყაროს განსხვავებული თვალით დანახვაში ეხმარება.
მისი ისტორია კი გაცილებით ადრე, ჯერ კიდევ ბაღის ასაკში დაიწყო. პატარა ნუშოს თითოეულ ნახატს აღმზრდელები და მასწავლებლები განსაკუთრებულად აქებდნენ. სწორედ ამ მხარდაჭერამ გააჩინა სურვილი, ყოველი ახალი ნამუშევარი წინაზე უკეთესი ყოფილიყო.

,, ეს აღიარება ბავშვურ ასაკში იმდენად დიდ სიამოვნებას მანიჭებდა, რომ მიჩნდებოდა სურვილი, ყოველი მომდევნო ნახატი უკეთესი ყოფილიყო. სკოლაშიც ხელოვნების საგანი ჩემი ფავორიტი იყო, ყოველთვის უმაღლეს შეფასებებს ვიღებდი. სწორედ ამ პერიოდში, როდესაც მივხვდი, რომ ფურცელთან და ფანქართან მარტო დარჩენა ჩემთვის საუკეთესო პროცესი იყო, გავაცნობიერე, რომ ხატვა უბრალო გატაცება კი არა, დიდი სიყვარული იყო.’’
თავის ყველაზე დიდ შთამაგონებლად და მხარდამჭერად, ოჯახს ასახელებს. ამბობს, რომ მშობლებმა მისი ნიჭი თავიდანვე დაინახეს, ირწმუნეს მისი შესაძლებლობების
,, როდესაც მშობელი პედაგოგებისგან ისმენს, რომ მის შვილს ხელოვნების ნიჭი აქვს, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ რეაგირებს ამაზე. ჩემმა მშობლებმა ეს ნიჭი დააფასეს, ირწმუნეს ჩემი და ყველანაირად გვერდში დამიდგნენ. უზომოდ მადლიერი ვარ მათი ,ისინი რომ არა, შესაძლოა, საკუთარი თავი მხატვრობაში ვერც მეპოვა. არ მახსოვს ხელოვნების მხრივ რაიმე დამჭირვებოდეს, თუნდაც უბრალო ფუნჯი თუ ფანქარი, და მათ ჩემთვის არ შეესრულებინოთ. მათი მხარდაჭერა ჩემი მთავარი მამოძრავებელი ძალაა.
მართალია, თავს თვითნასწავლ მხატვრად მიიჩნევს, თუმცა ამბობს, რომ მთავარი დრო კი არა, მუზაა.
„ძირითადად თვითნასწავლი ვარ და ყოველთვის მეამაყებოდა, რომ ამ ხელოვნებას ინტუიციურად, საკუთარი პრაქტიკითა და ინტერესით ვეუფლებოდი. თუმცა, სკოლის პერიოდში გადავწყვიტე, ჩემი უნარები უფრო მეტად დამეხვეწა და ჩემივე სკოლის ხატვის მასწავლებელთან, გვანცა ყალაიჩიშვილთან დავიწყე დამატებითი მეცადინეობა. ქალბატონ გვანცასთან ერთად ბევრი ტექნიკური დეტალი გავაუმჯობესე და უფრო ღრმად ჩავწვდი ხელოვნების საფუძვლებს. მისი ძალიან მადლიერი ვარ, რადგან ჩემს შემოქმედებით ზრდაში უდიდესი წვლილი მიუძღვის.სტუდენტობასთან, გამოცდებთან და სხვა საქმიანობებთან ერთად დროის გამონახვა, რა თქმა უნდა, საკმაოდ რთულია, რადგან სასწავლო მასალა დიდ ენერგიას მოითხოვს,მუზის გარეშე შეიძლება დახატო, მაგრამ მასში ის სული და გული ვერ ჩადო, რაც აუცილებელია. ჩემთვის ხელოვნება გულწრფელობაა.თითოეულ ნამუშევარს მთელი შინაგანი სამყარო უნდა მიუძღვნა, რომ ზუსტად ის შედეგი მიიღო, რაც გონებაში გქონდა დასახული. ამიტომ, როგორც კი სათანადო ემოცია მიპყრობს, დროს ყოველთვის ვპოულობ’’.
მის შემოქმედებაში ერთმანეთს ენაცვლება ფერადი ტილოები და შავ-თეთრი გრაფიკა, თუმცა ყველაზე ახლოს მაინც ფანქრით შესრულებული ნამუშევრებია.


„არჩევანს ყოველთვის ჩემი იმჟამინდელი ხასიათი და განწყობა განაპირობებს. მიუხედავად ამისა შავ-თეთრ ტონებში ხატვა უფრო ორგანული და კომფორტულია. ფერების არარსებობა ხშირად უფრო მეტად უსვამს ხაზს ფორმას, ემოციას და ნახატის შინაგან დრამატიზმს.“
ყველაზე მეტად პორტრეტები იზიდავს. ადამიანის სახე, თვალები, გამოხედვა სწორედ აქ პოულობს ყველაზე ძლიერ
ემოციურ კავშირს.ახალი ნამუშევარი ზოგჯერ შინაგანი განცდიდან იბადება, ზოგჯერ კი იდეის ძიებას ინტერნეტში, ფოტოებსა და სხვადასხვა ვიზუალურ მასალაში იწყებს, თუმცა საბოლოოდ ყველაფერს საკუთარ ინტერპრეტაციად აქცევს.ნუშოს თქმით, მისი ნახატები ადამიანურ ემოციებზე გვიყვება.
,,როდესაც შთაგონება თავად მოდის, შინაგანად ვგრძნობ კონკრეტულ იდეას და პირდაპირ გადამაქვს ფურცელზე. თუმცა, არის მომენტებიც, როცა ხატვის უდიდესი სურვილი და მუზა მაქვს, მაგრამ კონკრეტული იდეა არ ჩანს. ასეთ დროს ვიზუალური შთაგონების ძიებას ინტერნეტში, სხვადასხვა პლატფორმებზე ვიწყებ, ვათვალიერებ საინტერესო სახეებს, ფოტოებს და იქიდან ვქმნი ჩემს საკუთარ ინტერპრეტაციას.მინდა, მაყურებელმა ჩემს ნამუშევრებში დაინახოს გულწრფელობა, იგრძნოს ის განწყობა, რომლითაც ნახატი შეიქმნა და, შესაძლოა, საკუთარი თავიც კი აღმოაჩინოს რომელიმე პერსონაჟის გამოხედვაში.“
ყველაზე გამორჩეულ ნამუშევრად კოვიდპანდემიის პერიოდში შექმნილ ჩანახატს ასახელებს. მისთვის ეს მხოლოდ ნახატი არ არის,ის იმ რთული დღეების, შიშის, გაურკვევლობისა და იმედის სიმბოლოა.

პორტრეტებს როგორც რეალური ადამიანების მიხედვით, ისე წარმოსახვითაც ქმნის. თითოეულ ნამუშევარზე საშუალოდ ორი-სამი დღე მუშაობს, რადგან მიაჩნია, რომ ყველა დეტალი დასვენებული თვალით უნდა შეაფასოს.სრულყოფილი ნამუშევარის შექმნაში მას მშვიდი გარემო, მარტოობა და წყნარი მუსიკა ეხმარება.
„როდესაც სახლში მარტო ვარ და მშვიდი მუსიკა მესმის, სწორედ მაშინ შემიძლია მთელი ჩემი ემოციები ფურცელზე გადავიტანო.“
მისი პირველი პერსონალური გამოფენა 2018 წლის დიაბეტის ცენტრში გაიმართა. ეს მისთვის უდიდესი სიამაყისა და ემოციის დღე იყო. გამოფენის იდეა თავად ცენტრის თანამშრომლებს ეკუთვნოდათ. მანამდეც ნუშო მათ ხშირად ჩუქნიდა საკუთარ ნამუშევრებს და მათი დადებითი შეფასებები მისთვის ყოველთვის დიდი მოტივაციის წყარო იყო. მოგვიანებით, სკოლის პერიოდში, თითქმის არცერთი ღონისძიება არ ტარდებოდა მისი მონაწილეობის გარეშე. მისი ნამუშევრები წარმოდგენილი იყო ქალაქ ბოლნისში სხვადასხვა ღონისძიებებზე და დაბა კაზრეთის კულტურის სახლში გამართულ გამოფენაზეც. თითოეული ასეთი შესაძლებლობა ახალგაზრდა მხატვრისთვის ახალი სტიმული იყო , რაც უფრო მეტ გულწრფელ შეფასებას იღებდა, მით უფრო უმტკიცდებოდა რწმენა, რომ ხატვა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი უნდა ყოფილიყო’’.
ნუშოსთვის ხატვა ჰობიზე ბევრად მეტია, ეს არის თერაპია, განტვირთვა და საკუთარი თავის ყველაზე გულწრფელი გამოხატვა.
,,ხელოვანი ადამიანები სამყაროსა და მოვლენებს ოდნავ სხვანაირად, უფრო ფაქიზად აღიქვამენ და გამონაკლისი არც მე ვარ. ჩემი მომავალი ხელოვნებასთან მიმართებით ბევრად უფრო აქტიური და წარმატებული წარმომიდგენია. ვხედავ ჩემს თავს, თუ როგორ ვაცნობ საზოგადოებას ახალ ნამუშევრებს, როგორ ვუზიარებ მათ ჩემს შემოქმედებით ისტორიას. უდიდესი იმედი მაქვს, რომ წინ კიდევ ბევრი საინტერესო პორტრეტის შექმნა მელოდება.ჩემი მომავალი ცხოვრება ხატვის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია. ეს არის ის საქმე, რაც მავსებს და მამშვიდებს. შესაბამისად, ჩემი სამომავლო გეგმები პირდაპირ უკავშირდება შემოქმედებით ზრდას. ვაპირებ კიდევ უფრო მეტად განვვითარდე, დავხვეწო და არასდროს მივცე უფლება ყოველდღიურობას, ჩემი ნიჭი და გატაცება დამავიწყოს.’’

სამომავლოდაც საკუთარ თავს ხელოვნებისგან განუყოფელს ხედავს. სურს, კიდევ უფრო განვითარდეს, საზოგადოებას ახალი ნამუშევრები გააცნოს და არასოდეს დაკარგოს ის სიყვარული, რომელიც ბავშვობიდან ფურცელსა და ფანქარს აკავშირებს.










