ყოველდღიური ცხოვრების აურზაურში ყვავილების არსებობა მაგიური და ჯადოსნურია. ისინი სამყაროს სიმშვიდის ელფერს სძენენ. ერთი საინტერესო ადამიანი, რომელმაც მიზნად დაისახა ამ ელფერის გავრცელება ადამიანების ცხოვრებაში, არის ნათია ბჟალავა.
საინტერესო ის არის, რომ ნათია არ გაჩერებულა მხოლოდ ცოცხალი ფლორის მოვლაზე, რომელიც ამშვენებს ჩვენს გარე სივრცეებს. მცენარეებისადმი სიყვარულმა , იგი დააყენა უფრო კრეატიულ გზაზე, სადაც ხელნაკეთ ქოთნებს ამზადებს. ქოთნები, რომლებიც დამზადებულია ზრუნვითა და ოსტატობით, არ არის მხოლოდ მცენარეების შესამოსელი; ისინი ფერის, მხატვრულობისა და ბუნებისადმი ღრმად ფესვგადგმული ვნების განსახიერებაა.
ამ სტატიაში ჩვენ გავეცნობით სიმწვანესა და სიფერადეზე შეყვარებული გოგონას საქმიანობის დეტალებს, რომლებშიც ლანდშაფტის დიზაინი ხვდება ხელოვნებას და ადამიანების ცხოვრებაში მეტი ფერების შემოტანის იდეა სცდება ნიადაგის საზღვრებს.
,,მე ნათია ბჟალავა ვარ მებაღე – დიზაინერი, მშობლები ჩვენს მოკრძალებულ ბაღში ბავშვობიდან მასწავლიდნენ ყვავილებთან ურთიერთობას, მათზე ზრუნვასა და სიყვარულს. სიყვარული კი ჩამინერგეს, მაგრამ დიდი ინტერესი მებაღეობის მიმართ მაშინ ნამდვილად არ გამომიჩენია და არც ამ საქმის პროფესიად ქცევა მიფიქრია. დავამთავრე თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიაში ხელოვნებათმცოდნეობა , ასევე საქართველოს საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯი და ჩემი ცხოვრების ეს ერთ-ერთი და მთავარი ეტაპი მონასტრიდან დაიწყო, ყველაზე მშვიდ, დიდებულ ადგილას, სადაც მივხვდი, შევისწავლე და შევიმეცნე მცენარეებზე ზრუნვის დეტალები, იქიდან დაბრუნებულმა კი ცოდნის, იდეებისა და სურვილების რეალობად ქცევა დავიწყე. იყო ბევრი შრომა, სწავლა, მონდომება, იმედგაცრუება, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი გამოვიდა. დღეს მაქვს მცენარეების მოვლისა და გამწვანების კომპანია Cover Green, რომელიც სრული სერვისით თავს უკვე თამამად იმკვიდრებს და ბევრ ადამიანს უმარტივებს ყოველდღიურობას.“
Cover Green-ი უვლის და ალამაზებს ისეთ ცნობილ ობიექტებს, როგორიცაა – გრანდ შერატონ მეტეხი პალასი, ლისი ინტელიგენცი, მალამედის კლინიკა და ბევრი სხვა. გარდა ამისა, ახალი მიმართულებაც დაიწყეს – ხელნაკეთი ქოთნები და მასში მოთავსებული ყვავილები.
,,როგორც მიხვდით, ჩემს ცხოვრებაში მცენარეებზე ზრუნვას უდიდესი ადგილი უჭირავს, მეტიც, ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. სწორედ ამიტომ, ამ სილამაზეების შესამოსელი, ლამაზი ხელნაკეთი ქოთნების იდეაც ადამიანების ცხოვრებაში მეტი ფერების შემოტანის სურვილით გამიჩნდა.ყოველთვის მინდოდა რაღაც ისეთი შემექმნა, რაც ბევრ დადებით ემოციას გამოიწვევდა და სწორედ მაშინ, ფერადი, ხელნაკეთი, ნაქსოვი ქოთნების იდეა დამებადა. თავიდან მხოლოდ მე დავიწყე ქსოვა, შემდეგ საოცარი ადამიანები შემომიერთდნენ და ფერად-ფერადი ხელნაკეთი ქოთნებიც გამოვიდნენ სამზეურზე. ასეა, როდესაც ხელსაქმე სიყვარულით კეთდება, შედეგი დიდებული გამოდის.
მოქსოვილ ქოთანში მოთავსებული მაქვს უკვე გადარგული მცენარე, ვარჩევ ისეთებს, რომელსაც ბევრი წყალი არ უყვარს და მოვლაც შესაბამისად მარტივია. მცენარის ქოთანს ვიღებთ მოქსოვილი ქოთნიდან, სასხურებელით ვრწყავთ, ვამშრალებთ ქოთანს და ისევ ვათავსებთ ნაქსოვ ფერად ქოთანში .
შრომატევადი, მაგრამ საინტერესო საქმეა, ჩვენი ქოთნები განსხვავებული, სქელი ძაფით იქსოვება. ცალკე მზადდება ხის ძირი, რომელზეც განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანები (შ.შ.მ პირები) მუშაობენ და მიხარია, რომ მათ შეაქვთ წვლილი ჩემი ნამუშევრების შექმნაში.
ეს ქოთნები და მასში მოთავსებული მცენარეები მინდოდა კარგი საჩუქარი ყოფილიყო ყველასთვის და გაამართლა, განსაკუთრებით აბედნიერებთ ბავშვებს მათი შეძენა და ამით ზრუნვას და სიყვარულს სწავლობენ. ადამიანები ჩუქნიან მეგობრებს, მშობლებს, შეყვარებულებს. მოკლედ ყველას, ვისთვისაც სიხარულის და სითბოს გაზიარება უნდათ. მათი მთავარი აზრი ისაა, რომ ნაზი, სადა და ყველა ინტერიერისთვის გათვლილი მცენარეების გარდა, ისინი სიმბოლურ და ემოციურ დატვირთვასაც ატარებენ.
ეს არის ის, რაც მინდოდა თქვენთვის მომეყოლა. მინდოდა ჩემი ამბავი ასე მოკლედ გამეზიარებინა, უფრო სიღრმისეულად კი ფურცელს მიღმა, საკუთარ ემოციებსა და გაკეთებულ საქმეებში დავტოვებ.“
მარიამ ონიანი