ხუთშაბათი, ოქტომბერი 3, 2024
spot_img

გაიცანით პატარა მოჭადრაკე-დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლე

,,კატო 9 წლისაა, ძალიან თბილი და გონიერია, ვფიქრობ მისი აზროვნება ასაკს უსწრებს, ხშირად მისგან  გონივრულ რჩევებსაც ვიღებ, არა როგორც შვილისგან, არამედ, როგორც მეგობრისგან. არის შემოქმედებითი, ხელოვნების კუთხითაც განვითარებული აქვს ბევრი უნარი, ხატავს, მღერის, ცეკვავს“ – ასე ახასიათებს კატოს დედა გვანცა ყალაიჩიშვილი

,,კატოსთან მუშაობა სტიმულისა და შემოქმედებითი უნარების გაღვიძებას უწყობს ხელს. მასწავლებელი ბედნიერი ხარ, როცა კატოს ჭკვიანი თვალებიდან ხედავ, როგორ იბადება ახალი აზრი და სურვილი გიჩნდება,  თავადაც არ მოდუნდე. გასაოცარი ოსტატობით გამოჰყავს ქართული ასოები. ვფიქრობ, კატო კოდელაშვილი ბევრჯერ გაგვაოცებს!“- მაია მოსეშვილი, კატოს მასწავლებელი

-თუ გახსოვს, რამდენი წლის იყავი, როცა პირველად ნახე ჭადრაკის დაფა და ფიგურები?

 -4 წლის ვიყავი, როდესაც პირველად დავინახე და დავინტერესდი ჭადრაკით.

-ვინ გასწავლა ჭადრაკის თამაში?

-ჭადრაკის თამაში ბებომ მასწავლა. ბებო და პაპა ჭადრაკის მოყვარულები არიან და ყოველ საღამოს  სახლში სამაგიდო თამაშები იმართება. შემატყვეს, რომ დავინტერესდი ჭადრაკით  და მასწავლეს ფიგურების ამოცნობა, მოძრაობა. ადვილად რომ ავითვისე, უფრო დიდი ინტერესით შეუდგნენ ჩემს მეცადინეობას.

-როგორი იყო პირველი ემოცია, როცა მოწინააღმდეგეს ამარცხებდი?

-ეს ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა, მითუმეტეს, თუ დამარცხებული ჩემზე ბევრად უფროსია, აი მაგალითად ბებო და პაპა ვეღარ მიგებენ.

-რომელი შეხვედრა გახსოვს ყველაზე მეტად?

-ჩემთვის გამორჩეული  ბოლნისში, ნონა გაფრინდაშვილის სახელობის საჭადრაკო სკოლაში გამართული სარვამარტო ტურნირი იყო ,როდესაც მეთერთმეტე კლასელი დავამარცხე და პირველი ადგილი დავიკავე.

-ამჯერად რამდენი მედალი გაქვს?

-5 ოქროს მედალი, 4 დიპლომი და სიგელები.

-რა დროს უთმობ ჭადრაკის თამაშს?

-ყოველ საღამოს გაკვეთილების მომზადების შემდეგ ჯერ პაპას და ბებოს ვხვდები, შემდეგ კი ტელეფონში სპეციალური აპლიკაცია მაქვს, სადაც ონლაინ ვხვდები ძლიერ მოთამაშეებს.

-თუ გყავს საყვარელი მოჭადრაკე და ვის დაასახელებდი?

-ნონა გაფრინდაშვილი. ვთვლი, რომ ის მსოფლიოს დღემდე აოცებს, ნეთფლიქსმა ფილმიც გადაიღო მასზე ,,ლაზიერის გამბიტი“

-გარდა ჭადრაკისა, კიდევ რომელი საგანი გიყვარს?

-ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა.

-წიგნების კითხვა გიყვარს?

-დიახ, ძალიან.განსაკუთრებით ენციკლოპედიის.

-რომელია შენთვის საყვარელი წიგნი?

-საყვარელი წიგნი ,,მოკლე კატოა“, რადგან გმირს ჩემი სახელი ჰქვია.

– რა გსურს მომავალში?

-გავხდე ცნობილი მოჭადრაკე.

-რა გასწავლა მიღწეულმა წარმატებებმა?

-წარმატებამ მასწავლა თვითდაჯერებულობა, დროის სწორად გამოყენება, საკუთარ თავზე მუშაობა, რადგან, თუ გინდა იყო წარმატებული, ძალიან ბევრი უნდა იმუშაო… ბოლოს, მადლობა მინდა გადავუხადო კაზრეთის N1 საჯარო სკოლას, რომელიც ყოველთვის აღნიშნავს  და განსაკუთრებული ზეიმით გვხვდება მე და ჩემს თანატოლებს, როცა წარმატებას ვაღწევთ. მადლობა ჩემს მასწავლებელ ხვიჩა მაღრაძეს.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები