შაბათი, ოქტომბერი 12, 2024
spot_img

ახალგაზრდა სპორტსმენის წარმატებები და სამომავლო გეგმები

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში, ბერლინის 1936 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის, კრისტიან პალუსაალის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც, საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდში წარმატებით იასპარეზა ბოლნისის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის 17 წლის მოჭიდავემ გიგა შავაძემ. მან მეოთხედფინალში, სლოვაკეთის წარმომადგენელი დაამარცხა, ნახევარფინალში ესტონელი სპორტსმენი, ხოლო ფინალურ შეხვედრაში შვედეთის წარმომადგენელი და გახდა ამ საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული. გაზეთი „ბოლნისი“ გიამბობთ ახალგაზრდა სპორტსმენის წარმატებებზე და სამომავლო გეგმებზე.

„ჩემთვის ყველა საერთაშორისო ტურნირი  მნიშვნელოვანია, რადგან მონაწილეობენ  სხვადასხვა ქვეყნის უძლიერესი მოჭიდავეები, კონკრეტულად, ეს ტურნირი ქალაქ ტალინში ჩატარდა. მეტოქეები ჩემზე ასაკით ბევრად უფროსები იყვნენ და გამარჯვება მართლაც სასიხარულო იყო. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრები ოთხი წევრით ვმონაწილეობდით,  ყველამ ოქროს მედლები ავიღეთ და   გუნდურ პირველ ადგილზე გავედით“.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლე გიგა შავაძე წელს აბიტურიენტია, მიუხედავად მისი დატვირთული გრაფიკისა, საყვარელ საქმეს დიდ დროს უთმობს. ვარჯიში 13 წლის ასაკში დაიწყო. მამას, რომელიც თავად  ჭიდაობდა, სურდა შვილსაც ძალები სპორტის ამ სახეობაში მოესინჯა. გიგამ თავისუფალ ჭიდაობას ალღო მალევე აუღო, შეიყვარა, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ,  წარმატებებმაც არ დააყოვნა, რაც შემდგომში სტიმულის მომცემი გახდა.

„ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აქტიურად ვემზადები, ვაპირებ ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ფაკულტეტზე გავაგრძელო სწავლა, თუმცა, ვარჯიში   ჩემი ცხოვრების თანმდევია. ყოველდღიურად 4 საათი მაინც ვვარჯიშობ, ეტაპობრივად დავდივარ საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების საწვრთნელ შეკრებებზე, სპორტს თან ახლავს წაგებაც და მოგებაც, ეს კარგად მაქვს გააზრებული, წაგებაც ყოფილა, მაგრამ გული არ გამტეხია, მეტი შემართებით გამიგრძელებია, რათა დამემტკიცებინა ჩემი შესაძლებლობები. თუმცა გამარჯვების ემოცია სულ სხვაა, ამ დროს ვფიქრობ ოჯახზე, მწვრთნელზე და ჩემს ქვეყანაზე. წარმატებისთვის აუცილებელია მიზნის დასახვა და ბევრი შრომაა.

გიგა 2021 წლის საქართველოს ჩემპიონია ჭაბუკთა შორის და საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების წევრი. მონაწილეა   არაერთი საერთაშორისო თუ რესპუბლიკური ტურნირის, აქვს უამრავი მედალი და სიგელი.

„ჩემს წარმატებაში და სპორტსმენად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის  მწვრთნელს ავთანდილ ბჟალავას. მან შემაყვარა ჭიდაობა და მომცა იმის რწმენა, რომ შეუძლებელი არაფერია.  ამიტომ ვინც ახლა გადის ამ გზას, ვეტყოდი, მთავარია უყვარდეთ არჩეული სპორტი და ბევრი იშრომონ  მიზნის მისაღწევად“.

„გიგა ძალიან მონდომებული და შრომისმოყვარე სპორტსმენია, ზედმიწევნით ასრულებს მითითებებს,    შანსი აქვს იასპარეზოს მომდევნო ოლიმპიადაზე. დიდ იმედებს ვამყარებ, ვიცი  აუცილებლად მიაღწევს მიზანს,  ხელს უწყობს ფიზიკური მონაცემები და მტკიცე ხასიათი, მას უყვარს თავისი საქმე, იცის ურთიერთობები ადამიანებთან. სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში, იზრდებიან არამარტო კარგი სპორტსმენები, არამედ კარგი ადამიანები.“ აღნიშნა გიგა შავაძის მწვრთნელმა ავთანდილ ბჟალავამ.

ახალგაზრდა სპორტსმენს წინ დიდი გეგმები აქვს. იცის გზა, რომელიც დასახულ მიზნამდე მიიყვანს, მარტივი არ იქნება, თუმცა გამოწვევებისთვის მზადაა, მისი მიზანია ევროპის, მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონი გახდეს.

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები