
როგორც ყველა ახალგაზრდა, ანნა ბრჟეზოვსკაიაც საზღვარგარეთ განათლების მიღებაზე ოცნებობდა. წინსვლა-წარმატებაზე ოცნება დაბა კაზრეთის მე-2 საჯარო სკოლიდან დაიწყო. ჩანაფიქრი მხოლოდ ოცნებად რომ არ დარჩენილიყო, სწავლობდა საუკეთესოდ, კითხულობდა ბევრს, ჩართული იყო სხვადასხვა საგანმანათლებლო-შემეცნებით პროექტებში, იყო ძიებაში და ყოველ წუთს ცდილობდა საკუთარი თავი ახალი გამოწვევების წინაშე დაეყენებინა. პირველი ასეთი გამოწვევა FLEX-ის პროგრამაში ჩართვა იყო, მე-12-ე კლასი ამერიკაში, ილინოისის შტატში გაატარა და მაღალი აკადემიური მოსწრების გამო, ამერიკული სკოლის დიპლომიც აიღო, მაგრამ ანნა ამით არ დაკმაყოფილდა, მეტის მისაღწევად ყველა შესაძლებლობა, წლების მანძილზე დაგროვილი ცოდნა, რესურსი მაქსიმალურად გამოიყენა და სწავლა საზღვარგარეთ გააგრძელა.
2018 წელს „სტიპენდიუმ ჰუნგარიკუმის“ პროგრამის ფარგლებში, ანნას მიეცა უნიკალური შანსი, ბუდაპეშტში, იოტვოშ ლორანდის უნივერსიტეტში, სრული დაფინანსებით, საერთაშორისო ურთიერთობების განხრით, სწავლა ბაკალავრის საფეხურზე გაეგრძელებინა. ამჟამადაც ანნა სწავლას ამავე უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე აგრძელებს.
თავდაპირველად არსებობდა დაბნეულობა და გაურკვევლობა, თუმცა მალევე გაიაზრა, რომ იყო იქ, სადაც დაძაბვის, მოდუნების, უკანდახევისა და შიშის უფლება არ ჰქონდა.
დატვირთული სასწავლო გრაფიკი, კონკურენტუნარიანი გარემო და უცხო ქვეყანაში ინტეგრირება, ანნას თითქმის არ გასჭირვებია, რადგან თვლის, რომ მუდამ კომფორტულ ზონაში ყოფნა არ არის საკმარისი იმ მწვერვალების დასაპყრობად, რომლისთვისაც თავდაუზოგავად შრომობ, ათენებ ღამეებს და მზად ხარ, გაუმკლავდე ყველა იმ დაბრკოლებას, რაც პიროვნულ და პროფესიულ ზრდას თან ახლავს.
„კონკურენტუნარიანი გარემოა, საკმაოდ წარმატებული და პერსპექტიული ახალგაზრდები სწავლობენ ჩემთან ერთად. ამიტომ სწავლა ნამდვილად არ არის მარტივი, მოდუნების დრო არ მრჩება. ძალიან დატვირთული გრაფიკია, საკმაოდ მომთხოვნი ლექტორები და უნივერსიტეტია. ამჟამად ვსწავლობთ როგორც ონლაინ, ასევე უნივერსიტეტში მისვლითაც და ვცდილობთ მარტივად შევეგუოთ ამ რთულ პერიოდს. ასევე ყველანაირ წყაროსთან და სასწავლო ბაზასთან გვაქვს წვდომა სახლიდან გაუსვლელად, მულტიკულტურული გარემოა, რადგან მსოფლიოს ყველა წერტილიდან გვყავს სტუდენტები. ეს ძალიან საინტერესოს და მრავალფეროვანს ხდის სწავლას, რადგან შემიძლია პერსონალურად გავესაუბრო ყველას და გავიგო მათი გამოცდილება ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით.“
ანნა ბრჟეზოვსკაია უნივერსიტეტში სამაგალითო სტუდენტის სახელით სარგებლობს, სხვადასხვა აქტივობებშია ჩართული, იღებს არაფორმალურ განათლებას, ზაფხულობით ახალგაზრდული ბანაკის მენტორი და ლიდერია, არის ვორქშოპებისა და კონფერენციების აქტიური მონაწილე. თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად ატარებს, უყვარს გორგოლაჭებით სიარული და წვიმიან ამინდში ფილმების ყურება.
„აქტიურად ვარ ჩართული სხვადასხვა აქტივობაში, როგორც უნივერსიტეტში, ასევე მის გარეთ. მაგალითად წინა წელს ვიყავი ჩემი სტიპენდიის საერთაშორისო მენტორი, ასევე რამდენიმე დღის წინ დავამთავრე სტაჟირება ტერორიზმის კვლევით ცენტრსა და ბუდაპეშტის კულტურული ურთიერთობების პოლიტიკის ინსტიტუტში. ყოველთვის ვცდილობ სწავლის გარდა სხვა აქტივობებითაც დავკავდე და არაფორმალური განათლებაც მივიღო. ზაფხულობით სხვადასხვა ახალგაზრდული ბანაკის მენტორი, ლიდერი, სტუდენტური ვორქშოპებისა და კონფერენციების მონაწილე ვარ.“
ანნა ბრჟეზოვსკაიას სამომავლო გეგმები თავიდან ბოლომდე საქართველოს უკავშირდება, როგორც თავად აღნიშნავს, არის მაქსიმალისტი, მუდამ ძიებაშია, უყვარს რთული გამოწვევების წინაშე ყოფნა და რაც მთავარია, 23 წლის გოგონასთვის არ არსებობს წინაღობა, რომელსაც ვერ გადალახავს. სწორედ ეს სტრატეგიული გეგმა აძლევს მას განვითარებისა და კარიერული წინსვლის საშუალებას. მაგისტრატურის დასრულების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდება და იქ მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას ახალგაზრდებს გაუზიარებს.
„სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ მინდა ჩემ კარიერულ განვითარებას მივხედო და საქართველოში ჩასვლისას ვეცადო განვავითარო და წინ წამოვწიო ის საზოგადოება, რომელშიც ვცხოვრობ, რადგან მიმაჩნია ახალგაზრდები ვართ ერთადერთი მთავარი ძალა წარმატებული სახელმწიფოს აშენებისთვის, იმ ძველი სტერეოტიპების დანგრევაა საჭირო, რაც სამწუხაროდ, არ აძლევს ქვეყანას განვითარების და წინსვლის საშუალებას. როგორც ასეთი, წარმატების ფორმულა არ მაქვს, რადგან ყოველთვის ვცდილობ ახალი გამოწვევების წინაშე დავაყენო ჩემი თავი, მეტი გამოცდილება მივიღო და ვისწავლო რაღაც ახალი. ამიტომ, ვცდილობ, შანსი არ გავუშვა ხელიდან, რადგან შემდეგ არ მქონდეს სინანულის გრძნობა, არასდროს ვჯერდები იმას, რაც მაქვს, რადგან მაქსიმალისტი ვარ.“
ანნა მაგალითია იმ აბიტურიენტებისა, ვინც სწავლას უცხოეთში აპირებს, ურჩევს თანატოლებს, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ საკუთარი პოტენციალი, იყვნენ შრომის მოყვარულნი, ინოვატორები და მაძიებლები, რადგან ქვეყნის სიძლიერეს, განვითარებას და წინსვლას, სწორედ ახალგაზრდები წარმოადგენენ.
მარინა გავაშელი