შაბათი, სექტემბერი 14, 2024
spot_img

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ბოლნისის თეატრის შემოქმედებით პერსონალთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ბოლნისის მუნიციპალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ლაშა ნოზაძემ, თეატრის შემოქმედებით და ადმინისტრაციულ პერსონალთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, თეატრი სრულად ითვალისწინებდა უწყებათაშორისი სარეკომენდაციო საბჭოს რეკომენდაციებს. მას შემდეგ, რაც შესაძლებელი გახდა თეატრებში შემოქმედებითი პროცესის აღდგენა, ბოლნისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა სამომავლო გეგმებსა და პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრის ძირითადი ნაწილი სარეპერტუარო პოლიტიკის ფორმირებას დაეთმო. სამხატვრო ხელმძღვანელი მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ახალი სეზონის განმავლობაში თეატრმა უნდა უზრუნველყოს სამი ახალი წარმოდგენის განხორციელება.

ლაშა ნოზაძის აზრით მნიშვნელოვანია რეჟისორ იოსებ ბაკურაძის თანამშრომლობა თეატრის დასთან, რომელიც უახლოეს პერიოდში მაიკლ ფრეინის ცნობილ პიესაზე – ,,ხმაური სცენის მიღმა“ დაიწყებს მუშაობას. პიესა, რომელიც თეატრის შიდა სამზარეულოს ასახავს განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ევროპულ თეატრში. რეჟისორ იოსებ ბაკურაძის კიდევ ერთი ახალი თეატრალური ინტერპრეტაცია განსაკუთრებით საინტერესო იქნება ბოლნისელი მაყურებლისათვის. ასევე, აღნიშნულ ნაწარმოებზე მუშაობა, რომელიც თავისი სირთულითა და მხატვრული სტრუქტურით სამსახიობო აბნსამბლისგან შესაბამის შესრულებას მოითხოვს, მნიშვნელობნად ხელს შეუწყობს დასის პროფესიულ ზრდას.

თეატრი კარგად აცნობიერებს სახელმწიფოს კულტურული პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტს, რაც ქართული კულტურის ევროპულ კულტურებთან ინტეგრაციის პროცესს გულისხმობს. შესაბამისად თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალური თეატრის საერთაშორისო საფესტივალო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის აუცილებლობა. ამ თვალსაზრისით ლაშა ნიოზაძ გეგმავს ცნობილი ქართული კლასიკური ნაწარმოებების სინთეზის საფუძველზე ექსპერიმენტული სპექტაკლის განხორციელებას, რომელიც ადგილობრივი მაყურებლის გარდა, საერთაშორისო საფესტივალო ურთიერთობებისათვის იქნება გათვალისწინებული.

სამუშაო შეხვედრისას აღინიშნა თეატრის რეპერტუარში საბავშვო წარმოდგენის არსებობის მნიშვნელობაც. ამ შემთხვევაში სამხატვრო ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ეს არ იქნება ერთჯერადი საშობაო წარმოდგენა, არამედ ცნობილი ზრაპრული სიუჟეტის საფუძველზე შეიქმნება საბავშვო სპექტაკლი, რომელიც მომავალი თაობების ესთეტიურ აღზრდაზე იქნება ორიენტირებული, გაზრდის თეატრის მაყურებელთა სეგმენტს და ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ეროვნული ცნობიერების გაღრმავებას.

ახალი წლიდან თეატრი აპირებს აქტიურ თანამშრომლობას სხვადასხვა ფონდებთან თუ საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან საგრანტო დაფინანსების მოპოვების მიზნით, რაც თეატრში სრულფასოვანი შემოქმედებითი პროცესის წარმართვის საუკეთესო წინაპირობა იქნება.

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები