სოფელ ტანძიაში, სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმის ეზოში, სადაც დიდი ქართველი მწერლის, დიპლომატისა და საზოგადო მოღვაწის მემკვიდრეობა ცოცხლობს, სახალხო დღესასწაული „საბაობა 2026“ აღინიშნა.ფესტივალმა ადგილობრივი მოსახლეობა, ხელოვანები, ახალგაზრდები, მოსწავლეები და სტუმრები მრავალფეროვან კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამაზე გააერთიანა. ღონისძიება ბოლნელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე ეფრემის მიერ აღვლენილი სულხან-საბა ორბელიანის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდით დაიწყო.
მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის, რეწვის ოსტატებისა და ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. გაიმართა სპორტული აქტივობები ქართულ ჭიდაობაში, მკლავჭიდსა და ჭადრაკში, სადაც გამარჯვებულებს სიმბოლური ,,საბა”ს პრიზი გადაეცათ.ფესტივალის განსაკუთრებული ნაწილი პატარებისთვის გამართული თოჯინების თეატრის სპექტაკლი იყო, რომელიც სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკების მიხედვით დაიდგა. მაყურებლის წინაშე მცირე პერფორმანსით წარდგა ბავშვთა და მოზარდთა თეატრი „საზღაპრეთი-2“.
ფესტივალის მუსიკალური ნაწილი ჯგუფ „ეგარის“ კონცერტმა გაალამაზა. ბენდმა მაყურებელს მრავალფეროვანი რეპერტუარი შესთავაზა და ყველასთვის საყვარელი მუსიკალური ნომრები შეასრულა. ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ნაწილი 2026 წლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია იყო. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა,ადმინისტრაციის სამსახურის უფროსთან და რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ერთად წარმატებულ ახალგაზრდებს სპეციალური ,,საბა”ს პრიზები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
,,საბაობა 2026” ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.




