არემჯის სტუდენტური მხარდაჭერის პროექტის – საზაფხულო სკოლის ფარგლებში, კომპანიის საწარმოებში ერთთვიან სტაჟირებას ქართველ სტუდენტებთან ერთად წელს პირველად უცხოელი სტუდენტებიც გაივლიან.
კომპანიის ინიციატივითა და მხარდაჭერით, საზაფხულო სკოლა უკვე მერვე წელია სტუდენტებს პრაქტიკული გამოცდილების მიღებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას სთავაზობს. პროექტი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით ხორციელდება და წელს პირველად საერთაშორისო ფორმატში იმართება.
2026 წლის საზაფხულო სკოლაში 30-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობს. ქართველ სტუდენტებს გერმანელი, ხორვატი და ეგვიპტელი მონაწილეები შეუერთდნენ, რომლებიც საქართველოში ევროპული საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის – TIMREX-ის (T-Shaped Master Programme for Innovative Mineral Resource Exploration) ფარგლებში იმყოფებიან.
TIMREX მინერალური რესურსების ინოვაციური კვლევის მიმართულებით შექმნილი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამაა. იგი აერთიანებს ევროპის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებს, მათ შორის მისკოლცის უნივერსიტეტს (უნგრეთი), ზაგრების უნივერსიტეტს (ხორვატია), ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა (პოლონეთი) და ლულეოს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს (შვედეთი). პროგრამა სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, სწავლების სხვადასხვა ეტაპი პარტნიორ უნივერსიტეტებსა და ინდუსტრიულ ორგანიზაციებში გაიარონ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი TIMREX-ის პარტნიორი ინსტიტუციაა. სწორედ ამ საერთაშორისო პარტნიორობისა და არემჯისთან მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად გახდა შესაძლებელი TIMREX-ის სტუდენტების საზაფხულო სკოლაში ჩართვა.
მონაწილეები პროფესიული ინტერესებისა და სპეციალიზაციის მიხედვით სხვადასხვა მიმართულებაზე გადანაწილდნენ. ერთი თვის განმავლობაში ისინი პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან გეოლოგიის, რესურსული გეოლოგიის, გეოტექნიკის, სამარკშეიდერო საქმის, მიწისქვეშა სამთო მოპოვების, მადნის გამდიდრებისა და ქიმიური ტექნოლოგიების მიმართულებებით.
სასწავლო პროცესს არემჯის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები უხელმძღვანელებენ. სტუდენტები უშუალოდ საწარმოო გარემოში გაეცნობიან თანამედროვე სამთო-მოპოვებითი და გადამამუშავებელი წარმოების სრულ ციკლს.
„არემჯის საზაფხულო სკოლა უკვე რვა წელია წარმატებით აერთიანებს განათლებას, მეცნიერებასა და ინდუსტრიას და სტუდენტებს რეალურ საწარმოო გარემოში პროფესიული განვითარების შესაძლებლობას სთავაზობს. საერთაშორისო მონაწილეების ჩართვამ პროექტს ახალი საგანმანათლებლო და კულტურული მნიშვნელობა შესძინა. ქართველი და უცხოელი სტუდენტები ერთმანეთს უზიარებენ აკადემიურ გამოცდილებას, ეცნობიან სხვადასხვა ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემებსა და აკადემიური მობილობის შესაძლებლობებს. მულტიკულტურული გარემო ხელს შეუწყობს მათ შორის პროფესიული კავშირების ჩამოყალიბებასა და სამომავლო საერთაშორისო თანამშრომლობას“, – განაცხადა არემჯის საგანმანათლებლო და საერთაშორისო აკადემიური პროექტების მენეჯერმა გიორგი ხეცურიანმა.
პროექტის საერთაშორისო განვითარება მომავალშიც გაგრძელდება. 2027 წლიდან საზაფხულო სკოლაში ავსტრიის Montanuniversität Leoben-ის სტუდენტების ჩართვაც იგეგმება. ეს კიდევ უფრო გაზრდის პროექტის საერთაშორისო მასშტაბს და ხელს შეუწყობს საქართველოს სამთო-გეოლოგიური განათლებისა და პროფესიული თანამშრომლობის საერთაშორისო კავშირების გაძლიერებას.
ერთთვიანი სტაჟირების დასრულების შემდეგ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება, რომელზეც სტუდენტები ჯგუფურ პრეზენტაციებს წარადგენენ და მიღებულ გამოცდილებას შეაჯამებენ.კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, არემჯის ერთ-ერთი პრიორიტეტია ხარისხიანი განათლების მხარდაჭერა, რაც გაეროს მდგრადი განვითარების მე-4 მიზანს ეხმიანება. კომპანია უმაღლეს სასწავლებლებთან პარტნიორობით ახორციელებს საზაფხულო სკოლის, სასტიპენდიო, ინდივიდუალური განვითარების და სხვა საგანმანათლებლო პროგრამებს.




