რამდენიმე წელია ბოლნისის მუნიციპალიტეტი აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მათი დაფინანსებით, არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტი შეიქმნა, სწორედ ამ განხორციელებული პროექტების წარდგენა მოხდა დონორ ორგანიზაციებთან, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება და მეწარმეები დაესწრნენ. 2021 წელს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ინიცირებით, ჩამოყალიბდა პარტნიორობა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისთვის, რომლის წევრებიც სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურები და საერთაშორისო ორგანიზაციები არიან, მათი მიზანია შეაფასონ და დაეხმარონ მუნიციპალიტეტებს ეკონომიკური გაძლიერების კუთხით.
დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ადგილზე მოინახულეს რამდენიმე ობიექტი, მათ შორის ქალაქ ბოლნისში ყოფილი კატერინენფელდის ტერიტორიაზე არსებული თამაზ სტეფანიას სახელობის ქუჩა, სადაც მოეწყო ქვაფენილი, მიწისქვეშა კომუნიკაციები და გარე განათების ქსელი, დამონტაჟდა მარკირების ნიშნები და ლაიტბოქსი, რაც ერთგვარად გზამკვლევია ვიზიტორებისთვის. ასევე დაათვალიერეს მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით აშენებული აგრო ცენტრი, რომელიც სოფლის მეურნეობაში ჩართულ მეწარმეებს ემსახურება და ადგილზე სთავაზობს ყველა საჭირო სერვისს. სტუმრები გაეცნენ საწამოო პროცესს და ბოლნისური ღვინოებიც დააგემოვნეს.
ჩართულმა მხარეებმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს, მუნიციპალიტეტის მერმა მათ ინფორმაცია მიაწოდა დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებზე, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებას და ტურიზმის განვითარებას ბოლნისში.