ბოლნისის მუნიციპალიტეტში კოვიდ-19-ით დაინფიცირების შემთხვევებმა იკლო

0
81

ბოლო დღეების მონაცემებით ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირების შემთხვევებმა იკლო, ეპიდსიტუაცია სტაბილურდება, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 10%-ის ფარგლებში მერყეობს, კოვიდ ვითარება სტაბილურია ბოლნისის მუნიციპალიტეტშიც, გასულ პერიოდთან შედარებით ინფიცირების ნაკლები შემთხვევები ვლინდება. აქამდე  თუ დღეში 60-70 ინფიცირებული ფიქსირდებოდა, დღეს ეს მონაცემი  20-მდე შემცირდა.  იმისთვის, რომ მეტად დაიკლოს მაჩვენებელმა,  ეპიდსიტუაცია გაუმჯობესდეს და ადამიანები ნელ-ნელა დაუბრუნდნენ ცხოვრების შედარებით აქტიურ რიტმს, აუცილებელია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვა. ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებულ ეპიდსიტუაციაზე, იმუნიზაციის კაბინეტებსა და ვაქცინაციაზე ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის  ხელმძღვანელი  გვესაუბრება.

„კოვიდ სიტუაცია მუნიციპალიტეტში შედარებით სტაბილურდება. იკლო ინფიცირებულთა რაოდენობამ, არსებული  ეპიდსიტუაციის მეტად გასაუმჯობესებლად აუცილებელია გავითვალისწინოთ ის ძირითადი რეკომენდაციები, რომელიც ვირუსით დაინფიცირების რისკს შეამცირებს. მოსახლეობას მივმართავ თხოვნით  დაიცვან რეკომენდაციები, კერძოდ: მოვუწოდებ ვაქცინაციისკენ, ბოლნისის მუნიციპალიტეტში შესაძლებელია ვაქცინაცია ფაიზერით, სინოფარმით და სინოვაკით, ასევე აუცილებელია პირბადის სწორად მოხმარება, სოციალური  დისტანცია და ხელების ჰიგიენა, ვფიქრობ ამ პრევენციულ ღონისძიებებს თუ გავითვალისწინებთ,  გავაუმჯობესებთ ეპიდსიტუაციას და  მოვერევით პანდემიას. თითქმის ყველამ გამოვცადეთ თუ რა რთულ ვირუსთან გვიწევს ბრძოლა, ამიტომ აუცილებელია გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას.  დაინფიცირების შემთხვევაში – აუცილებელია კოვიდ დადასტურებული პაციენტი იყოს იზოლაციაში ექიმის ზედამხედველობის ქვეშ (საჭიროების შემთხვევაში კოვიდ კლინიკაში), დაავადებულ პირთან  კონტაქტში მყოფ პირებს ვთხოვ გამოიჩინონ სოციალური პასუხისმგებლობა, იყვნენ თვითიზოლაციაში, ინფიცირებულ პირთან ბოლო კონტაქტიდან 12 დღის განმავლობაში, თვითიზოლაციის პერიოდში ჩატარებული კოვიდ ტესტირების უარყოფითი შედეგი ნიშნავს რომ პიროვნება დიდი ალბათობით ტესტირების პერიოდში არის უარყოფითი, მაგრამ მომდევნო თვითიზოლაციის დღეების ნებისმიერ დღეს შეიძლება გახდეს დადებითი და შესაბამისად გადამდებიც არის გარშემომყოფებისათვის, ძალზედ მნიშვნელოვანია იზოლაციის სრულფასოვნად დაცვა;   ამიტომ გთხოვთ,  რომ კოვიდ დადასტურებულებმა და თვითიზოლაციაში მყოფმა პირებმა დაიცვათ იზოლაციის წესები, რათა არ შევუქმნათ პრობლემა სხვის ჯანმრთელობას, რომლისთვისაც კოვიდ ინფექცია შესაძლოა ლეტალური შედეგითაც დასრულდეს“. აღნიშნა ჯანდაცვის  ცენტრის ხელმძღვანელმა მაკა მამარდაშვილმა.

წინა სტატიასაჯარო და კერძო სკოლების მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 65% ვაქცინირებულია
შემდეგი სტატიაბოლნისის მუნიციპალიტეტში კოვიდვაქცინაზე გაფართოვდა ხელმისაწვდომობა, რომელ ამცრელ პუნქტებშია ვაქცინაცია შესაძლებელი..