შაბათი, მაისი 30, 2026
spot_img
Home Blog

„რა მნიშვნელობა აქვს სად ხარ, როცა შენს სამშობლოს გულით ატარებ“  -17 წელი უცხო მიწაზე და არც ერთი წუთი საქართველოს გარეშე

0

„უცნაური და ძალიან ემიციური შეგრძნებაა ,როცა საკუთარ ქალაქს, საკუთარ ხალხს უნდა წარუდგინო თავი.განსაკუთრებით მაშინ, როცა ინტერვიუს ბავშვობის მეგობარს აძლევ.თითოეულ კითხვასთან ერთად მთელი ცხოვრება გახსენდება  .მადლობა შენ, მაიკო, ბავშვობიდან მოყოლებული სიყვარულისვის.“

ასე ემოციურად დაიწყო ინტერვიუ ეთერ ჩუმაშვილთან,როდესაც ვთხოვეთ გაზეთი“ბოლნისის „მკითხველისთვის წარედგინა თავი.ეს არ იყო უბრალოდ ინტერვიუ,ეს იყო სევდანარევი სიყვარულითა და მონატრებიტ სავსე საუბარი ორი ბავშვობის მეგობრის,სადაც ერთი კორესპოდენტია,მეორე -რესპოდენთი.ერთი საქართველოშია და მეორო საქართველოდან შორს ,უცხო მიწაზე.ჩვენი რუბრიკის სტუმარია ეთერ ჩუმაშვილი,უბრალოდ“პეპელა“.

„ მე ვარ ეთერ ჩუმაშვილი.თუმცა ბევრმა არც კი იცის ჩემი ნამდვილი სახელი.ყველასათვის „პეპელა“ ვიყავი.ეს სახელი ყველაზე თბილ და ნათელ წლებს უკავშირდება.მე რომ დავიბადე იმ დღეს გადიოდა ფილმი „დაკარგული სამოთხე „,სადაც ერთ-ერთ პერსომაჟს ერქვა პეპელა .სწორედ მაშინ ჩემმა „ერში მოსიარულე მონაზონმა“მამიდამ შემარქვა ეს სახელი.დღემდე ისე მიყვარს, თითქოს, ჩემს ნამდვილ სახელსაც კი სჯობია.


30 წლამდე საქართველოში, ჩემს ბოლნისში ვცხოვრობდი.უკვე 17 წელია ემიგრნტი ვარ.“

ამბობენ, სამშობლო იქ არის სადაც დაიბადეო.მაგრამ არიან ქალები,რომლებსაც სამშობლო თან დააქვთ გულით,ფიქრებით და და თავად ხდებიან პატარ საქართველო უცხო მიწაზე.ეთერ ჩუმაშვილი ერთ-ერთი მათქნია.„ემიგრაციაში მივხვდი,რომ ფესვების შენარჩუნება ყოველდღიური შრომაა“-ეთერ (პეპელა) ჩუმაშვილი 17 წელია ამ შრომასა და ქართული იდენტობის შენარჩუნებაშია . ხე ფესვების გარეშე ხმება,მაგრამ ემიგრანტობა ის საოცარი ფენომენია ,როდესაც შენს ფესვებს  მშობლიურ მიწაში ტოვებ და ცხოვრებას უცხო ცის ქვეშ აგრძელებ საკუთარი  ქვეყნის კიდევ უფრო დიდი სიყვარულით.

„ რაც უფრო  შორს ცხოვრობ სამშობლოდან, მით უფრო ხვდები, რომ დაბადების ადგილის სიყვარული  ადამიანის სულში სამუდამოდ რჩება, თან დაგაქვს. დრო და მანძილი მას ვერ ანელებს.

2009 წელს ქვეყანაში შექმნილმა რეალობამ მაიძულა ქვეყანა დამეტოვებინა. ხშირად ჰგონიათ, ემიგრაციაში მხოლოდ ფინანსური პრობლემების გამო მიდიან ადამიანები. ჩემს შემთხვევაში ასე არ იყო. არც ფინანსურად მიჭირდა და არც უკეთესი ყოფისთვის წავსულვარ. უბრალოდ იყო დრო, როდესაც ცხოვრებამ ჩემს მაგივრად გააკეთა არჩევანი. ალბათ ბედიც იყო, რადგან სწორედ ამ გზამ განაპირობა ჩემი მომავალი ცხოვრება“.

გზა ბოლნისიდან ემიგრანტობამდე არ იყო მატივი. წინ უამრავი დაბრკოლება ელოდა. „ეს იყო ბრძოლა მარტოობასთან, მონატრებასთან,  საკუთარ თავთანაც კი“. მაგრამ, ყოველი დაცემის შემდეგ, ისევ აგრძელებდა წინ სვლას.

„პირველი დღე ბელგიაში ცხადად მახსოვს. ვუსმენდი ადამიანებს, რომლებიც ამბობდნენ: 5 წელია აქ ვარ, 10 წელია, 15 წელია ემიგრაციაში ვარ და  გულში ვფიქრობდი: „ამდენ ხანს აქ ვერ გავჩერდები“. თუმცა,  უკვე 17 წელია ემიგრანტი მქვია.

ემიგრაცია ბევრს მხოლოდ ფიზიკური შრომა ჰგონია. სინამდვილეში, ეს არის ბრძოლა მარტოობასთან, მონატრებასთან და საკუთარ თავთან.

ენის ბარიერი, უცხო გარემო, არავინ ახლობელი და ამ დროს, მაინც უნდა შეძლო, რომ არ გატყდე. ძალიან გამიმართლა ადამიანებში. აქ საოცარი სითბო და თანადგომა   დამხვდა. მე ცხოვრებაში ბევრჯერ დავეცი, მაგრამ არ ვნებდები. ალბათ ჩემი ყველაზე   დადებითი თვისება სწორედ ეს არის -დაცემის შემდეგ წამოდგომა.“

ემიგრანტობა ეს არის  ცხოვრების ორი სამყარო,  წარსული და აწყმო, „აქ“ და „შინ. უცხო მიწაზე მცხოვრებ „ჩვენებურებს “  რწმენა  და სამშობლოს სიყვარული აძლიერებთ. თითოეული წამოწყებული საქმე საქართველოსთან უხილავი ძაფით არის დაკავშირებული.  სწორედ ეს ქმნის ორ ქვეყანას შორის გადებულ ხიდს.

„ ემიგრაციაში ყველაზე მეტად რწმენა გვაძლიერებს. ჩვენთვის წმინდა ნინოს სახელობის ქართული ეკლესია მხოლოდ ტაძარი არ არის. ის ჩვენი ნავსაყუდელია. ბელგიისა და ჰოლანდიის მეუფე დიოსთეოსმა ქართულ საზოგადოებას ძალიან დიდი საქმე გაუკეთა. ერთ-ერთი ეკლესია სახელმწიფოსგან 30 წლიანი ვადით ავიღეთ და ეს ადგილი ქართველი ემიგრანტებისთვის ნამდვილ ოჯახად იქცა. ეს სიყვარული და რწმენა  აძლიერებს  ჩვენს ერთობას. გვყავს საოცარი მამები – მამა დავითი და მამა ლუკა.  ეკლესიასთან ფუნქციონირებს საკვირაო სკოლა, რომლის დამფუძნებელიც მანანა ხორბალაძეა. სწორედ მან შემომთავაზა, რომ ბავშვებს გვერდში დავდგომოდი, რათა არ დაეკარგათ ენა, ფესვები და საკუთარი იდენტობა. ამ ქალაქში ორი ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლი, თეატრი  და საესტრადო სიმღერების ჯგუფი ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი სშუალებას არ გვაძლევს, რომ საკუთარ ფესვებს მოვწყდეთ. ხის სიმაღლე ხომ ფესვებიდან იზომება. მე ამჟამად ვმუშაობ ერთ-ერთ პრესტიჟულ სკოლაში, ასევე მაქვს  ორგანიზაცია და უამრავი იდეა, რაც ისევ და ისევ, ჩემს ქვეყანას უკავშირდება. როგორც იცით, პროფესიით ჟურნალისტი ვარ და ძალან მინდა პროექტი გავაკეთო. თუმცა ჯერ საქმე…

ემიგრაციაში დაბადებული დიდი სიყვარული და უცხო მიწაზე შექმნილი ლამაზი ქართული ოჯახი  – ეს არის ისტორია, თუ როგორ შეხვდა ორი ფესვებიდან  მოშორებული ადამიანი  და ერთმანეთის სულებში  იპოვეს საკუთარი  საშობლო.

„ემიგრანტობის დრო შევხვდი ჩემს მეუღლეს – კახა კაშიას. კახა სააღდგომო ტრაპეზზე გავიცანი. როგორც მერე გავიგე , თურმე დანახვისთანავე შევყვარებივარ. თუმცა ამის თქმა ერთი წლის  შემდეგ გაბედა. იმ პერიოდში ანტვერპენის მონასტერში ვცხოვრობდი. მას შემდეგ დღემდე ერთად მოვდივართ ამ რთულ, მაგრამ ლამაზ გზაზე და გვყავს სამი შვილი -დეა, მარიამი და გური. როცა პირველი შვილი დეა შემეძინა, მეგონა, რომ დედამიწამ სხვანაირად დაიწყო ბრუნვა. მერე მოვიდნენ მარიამი და გური. მაშინ მივხვდი, რომ მიუხედვად ყველაფრისა, მე ბედნიერი ქალი ვარ. ჩვენი ოჯახი, მეუფე დოსითეოსის კურთხევით, ჩართულია ბრიუსელის ფსალმუნთა ჯგუფში. ჩემი შვილები ამით სწავლობენ რწმენას, ადამიანების პატივისცემას, გარდაცვლილების და ცოცხლების სიყვარულს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართული კითხვა არ ავიწყდებათ.

მინდა  ჩემმა შვილებმა იცოდნენ, რომ მათ ორი სამშობლო აქვთ. ერთი ქვეყანა, სადაც იზრდებიან, ბელგია და  მეორე – საქართველო, რომელიც მათ სისხლშია. ემიგრაციაში ყოფნისას მივხვდი, რომ ფესვების შენარჩუნება ყოველდღიური შრომაა. სახლში ქართულად ვსაუბრობთ, ქართულად ვლოცულობთ, ქართულ სიმღერებს ვუსმენთ. მინდა საქართველო მხოლოდ რუკაზე მონიშნული ქვეყანა არ იყოს. მინდა შინაგანი განცდა დარჩეს და უყვარდეთ სამშობლო.“

მაია გავაშელი

„არავის აგრძნობინო რა გტკივა…ადექი და გააგრძელე. “დედის ეს ფრაზა ეთერ ჩუმაშვილის ცხოვრების დევიზად იქცა. მის ცხოვრებაში იყო ბევრი ლამაზი წელი, მაგრამ იყო სევდა და ტკივილიც, რომელმაც არ შეაშინა და კიდევ უფრო ძლიერ ქალად აქცია. ბავშვობის წლებმა და  ოჯახმა განსაკუთრებული გავლენა იქონია  მის პიროვნებად ჩამოყალიბებაში.

„ჩემი ბავშვობა ძალიან თბილი, ფერადი და თავისუფალი იყო, სანამ მამა გარდამეცვლებოდა. ზუსტად იმ დღიდან მივხვდი, რომ ბავშვობა უცებ დასრულდა. დედა მარტო დარჩა დიდი ოჯახის საიმედოდ და მთავარ ძალად. მეც, თითქოს ერთიანად გავიზარდე. მას შემდეგ სულ მაქვს განცდა, ვინმეს კი არ დავეყრდნო – პირიქით, სხვისთვის ვიყო საყრდენი.

დედამ მასწავლა, რომ არასოდეს მეღალატა ადამიანებისთვის. სუფთა ქრისტიანული სულით გვზრდიდა. ერთ ფრაზას სულ მეუბნებოდა – არავის აგრძნობინო, რა გტკივა, ადექი და გააგრძელე“  და დღემდე ასე ცხოვრობს. გულწრფერად რომ ვთქვა, დედა ძლიერი ქალია. დღეს რომ ასეთი ვარ, სწორედ მისი დიდი დამსახურებაა.“

მრავალწლიანი გაშორების შემდეგ, ეთერი  ცოტახნის წინ სტუმრობდა მშობლიურ ბოლნისს.

„აღდგომის დღესასწაულზე ვიყავი საქართველოში. თბილისს რომ გავცდი უკვე გული ამიჩქარდა. გამახსენდა „თერგდალეულები“ როგორ მიმიღებს ჩემი ქვეყანა.

სასწაულების  მოლოდინებში ვიყავი და მართლაც სასწაული ოჯახი მყავს. ნამდვილი დღესასწაული მომიწყვეს. ბოლნისური  ემოცია, ის სითბო და სიყვარული, რომელიც საქართველოდან წამოვიღედღემდე მომყვება,.

ბოლნისი ჩემთვის სახლია. მჟავეწყლიდან რომ ჩამოვივლი, უკვე გული მიჩქარდება. ყველა ქუჩას, ყველა ადამიანს ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. აქ გავატარე ყველაზე სუფთა და ნამდვილი წლები. აქ არის ჩემი ბავშვობა, ჩემი ოჯახი და ჩემი მოგონებები.“

კითხვაზე – საქართველოში დაბრუნებაზე თუ ფიქრობ, მოკლედ გვიპასუხა

„დაბრუნება“? კარგი კითხვაა.

სიმართლე რომ ვთქვა, მე თითქოს არც არასდროს წამოვსულვარ. მე დღემდე  ჩემი ქვეყანის, ჩემი ოჯახის, ჩემი ახლობლების ცხოვრებით ვცხოვრობ. რა მნიშვნელობა აქვს, სად ხარ, თუ შენი ქვეყანა გულით დაგაქვს.“

„ბოლნური ჯვარი, სულიერი და ეროვნული სიმბოლოა“

0

ხეზე კვეთის ტრადიცია საქართველოში, საუკუნეებს ითვლის. ხის მხატრულ დამუშავებას უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია, როგორც საეკლესიო, ისე საერო ხელოვნებაში. ხეში ამოკვეთილი ორნამენტები ჩვენი ქვეყნის კულტურაზე და ტრადიციებზე მოგვითხრობს.

28 წლის გიორგი მელიქიშვილისთვის  ხეზე კვეთა,  ორი წელია, საყვარელ საქმიანობად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ  დამწყები ოსტატია, მის შემოქმედებაში მრავალი საინტერესო  ნაკეთობაა.

„ხეზე კვეთა მხოლოდ ხელოვნება არ არის. ეს არის ჩემი სულის გამოძახილი“, ამბობს გიორგი. ნამუშევრებზე ამოკვეთილი თითოეული ხაზი ავტორის შინაგან სამყაროსა და განცდებს ასახავს. სწორედ ამიტომ,   მისთვის ეს საქმე განსაკუთრებული და ძვირფასია.

„თითქმის ორი წელია, რაც ხეზე კვეთის ხელოვნებას დავეუფლე. ზუსტად ვერ გეტყვით, დღეისთვის, რამდენი ნაკეთობა მაქვს დამზადებული, თუმცა, იმის თქმა ნამდვილად  შემიძლია, რომ თითოეული მათგანი დიდი სიყვარულით, სიფაქიზით და მთელი პასუხისმგებლობით მაქვს შექმნილი.

ხეზე კვეთა – ეს არის ძველი და სუფთა საქმე, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება. როდესაც ხეზე ვმუშაობ, განსაკუთრებული ემოციები მეუფლება, სიამაყეც, სიამოვნებაც და განცდა იმისა, რომ წინაპრების უძველეს ტრადიციას ვაგრძელებ. ხეზე კვეთა – ეს არის ჩემი შინაგანი მდგომარეობა.“

უყვარს ყველაფერი ქათული, ის რაც ეროვნულ ფასეულობებს უკავშირდება. თითოეული ნივთის შექმას თავისი ისტორია აქვს. ყოველი ნამუშევრის დამზადება იწყება იდეით, გრძელდება დიდი შრომით და სრულდება სიყვარულით. პროცესი რთულია, თუმცა საინტერესო. მთის სიყვარულით დაიწყო თავისუფლებისა და სიძლიერის სიმბოლოების – სვანური და ხევსურული  კოშკების შექმნა. ამზადებს ასევე  ქართული საკრავების მინიატურებს.  გიორგი მელიქიშვილი განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება ბოლნური ჯვრების დამზადებას. ამ  დროს მაქსიმალურ ყურადღებას აქცევს დეტალებს, რადგან ხელნაკეთი მისთვის  მხოლოდ ხელოვნების ნიმუში არ არის. ბოლნური ჯვარი, პირველ რიგში, სულიერი და ეროვნული სიმბოლოა.

„თითოეული ჩემი ნაკეთობა დიდი სიფრთხილით იქმნება. თუმცა როდესაც ბოლნურ ჯვრებს ვამზადებ,  განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდები სამუშაოს. თითოელი ორნამეტი და ჩუქურთმა აუჩქარებლად, სიყვარულით და რწმენით იკვეთება, რადგან

ბოლნური ჯვარი ხომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი და მნიშვნელოვანი  ქრისტიანული სიმბოლოა. რაც შეეხება სვანური და ხევსურული კოშკების მინიატურებს, მთის სიყვარულით დავამზადე. ჩემთვის ისინი სიმტკიცესთან და დამოუკიდებლობასთან  იგივდება. ნაკეთობების დამუშავების პროცესში  ორმაგად ამაყი ვარ, რადგან თავად ვუკრავ ქართულ  საკრავებზე. ამიტომ,  გადავწყვიტე ინსტრუმენტების მინიატურების დამზადებაც.“

ხეზე კვეთის დროს მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული მასალა, მოწესრიგებული იარაღი, ფანტაზია და მარჯვე ხელები, განსაკუთრებით კი სიფრთხილე, რადგან უმნიშვნელო ცდომილებამ შეიძლება სერიოზული დაზიანებაც გამოიწვიოს. გიორგისთვის უდიდესი ბედნიერებაა, როდესაც ხის უბრალო ნაჭერს ახალ სიცოცხლეს აძლევს და, მისგან ორნამენტებით მორთულ არაჩვეულებრივ ნივთს ქმნის. თითოეული ახალი ნამუშევარი კი ავტორისთვის შემოქმედებითი გამოწვევაა.

„ხეზე კვეთა მარტივი პროცესი ნამდვილად არ არის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ სწავლის პროცესში ხარ. ნაკეთობის დამზადებისას  აუცილებელია დიდი ნებისყოფა, განსაკუთრებული სიფრთხილით  და მშვიდად მუშაობა, რაიმე სახის დაზიანება რომ არ მიიღო. სწორად შერჩეული მასალა კი ყველაზე მთავარია, რომ ნამუშევარი სრულყოფილი იყოს. ყველა ჩემი დამზადებული ნივთი მიყვარს. ისინი დიდი შრომის შედეგია“.

დიდი ხნის სურვილი, გამხდარიყო ხეზე მკვეთი, მალე რეალობად იქცა. ხის მხატვრული დამუშავების ხელოვნებას  გიორგი მელიქიშვილი ხეზე კვეთის ოსტატის  ნოდარ გოგებაშვილის დახმარებით  დაეუფლა. მასწავლებელმა მოსწავლეს  პროფესიური უნარები შეასწავლა და ხელოვნების სიყვარულსაც აზიარა.

„ხეზე  კვეთის შესწავლის სურვილი ყოველთვის მქონდა.  ოცნების ახდენაში კი  ნოდარ გოგებაშვილი დამეხმარა. დღეს, თუ რამე ცოდნა გამაჩნია ამ სფეროში  და ვამზადებ ნაკეთობებს,  ეს სწორედ ბატონი ნოდარის დამსახურებაა. დიდი მადლობა მას, რომ ყოველთვის გვერდში მიდგას და ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ რაც  შეიძლება მეტი ვისწავლო და წარმატებებს მივაღწიო ამ მიმართულებით. სწორედ ასეთი ადამიანები უწყობენ ხელს, რომ საუკუნოვანი ტრადიცია მომავალ თაობებს გადაეცეს. პირველი ჩემი  ნამუშევარი იყო „გემი იალქნებით“, რომელიც  მასწავლებლის რჩევით დავამზადე. ხეზე კვეთის მრავალი სახეობა არის. ხეზე მუშაობას თავის ეტაპები აქვს, სირთულეებიდან გამომდინარე. მე, ამ ეტაპზე, რელიეფურ კვეთას ვსწავლობ.“

გიორგი მელიქიშვილის ნამუშევრების პირველი შემფასებლები და მისი შემოქმედების ყველაზე გულწრფელი გულშემატკივრები  მისი ოჯახის წევრები არიან. ადამიანები, რომელთა მხარდაჭერა და სიყვარული, ახალი ნამუშევრების შექმნის  შთაგონების წყაროა.

„ჩემი ოჯახი ყოველთვის გვერდში მიდგას, მოტივაციას მაძლევს და მამხნევებს. სწორედ მათი მხარდაჭერით და სიყვარულით ვამზადებ ბევრ ნაკეთობას. ჩემი საქმიანობის  ყველაზე დიდი გულშემატკივრები ჩემი ოჯახის წევრები არიან.“

გიორგი მელიქიშვილისთვის ხეზე კვეთა არის საქმე, სადაც ერთმანეთს ერწყმის ტრადიცია, რწმენა და შემოქმედებითი თავისუფლება. ფიქრობს, რომ ამ მიმართულებით, კიდევ უფრო  მეტი გამოცდილება მიიღოს, ცოდნა გაიღრმაოს, რომ მომავალში უფრო ლამაზი და ორიგინალური ნამუშევრები შექმნას.

მაია გავაშელი

ლეგენდა ბეთქილზე ბოლნისის თეატრის სცენაზე გაცოცხლდა

0

ბოლნისის თეატრის სცენამ მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრს უმასპინძლა სპექტაკლით „ბეთქილი“, რომელიც კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.სპექტაკლს ბოლნისის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ . სცენაზე გაცოცხლდა სვანური მითოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მისტიკური ლეგენდა , მონადირე ბეთქილისა და ნადირობის ქალღმერთ დალის ტრაგიკული ისტორია, რომელიც სიყვარულს, შთაგონებასა და ადამიანურ ვნებას შორის არსებულ დაპირისპირებას ასახავს. ბეთქილი , გამორჩეული მონადირე, ძლიერი და თავისუფალი ადამიანი, ბედისწერის წინაშე აღმოჩნდება მაშინ, როდესაც მის ცხოვრებაში ჩნდება ძალა, რომელიც მის შინაგან სამყაროს მთლიანად ცვლის. ქალღმერთი დალი მისთვის იქცევა არა მხოლოდ მისტიკურ არსებად, არამედ გრძნობის, ცდუნებისა და გარდაუვალი არჩევანის სიმბოლოდ. რეჟისორის კახა ბაკურაძის და პიესის ავტორის ევა მარგიანის ხედვით, სპექტაკლი ქმნის განსაკუთრებულ სცენურ სამყაროს, სადაც უძველესი სვანური თქმულებები თანამედროვე თეატრალურ ენას ერწყმის. „ბეთქილი“ სცენაზე პოეტურად, დრამატულად და ემოციურად გაცოცხლდა ,როგორც ისტორია, რომელიც ადამიანის შინაგან ბრძოლას, არჩევანსა და ბედისწერის ძალას გვიჩვენებს.

სკოლამდელი განათლების ახალი ეტაპი –ბოლნისის საბავშვო ბაღები ავტორიზაციის პროცესში

0

ქვეყანაში ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში ავტორიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

2023 წლის 21 თებერვლის საქართველოს მთავრობის N76 დადგენილებით დამტკიცდა „ადრეული აღზრდისა და განათლების ან  /და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის გავლის, აგრეთვე დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის დროებითი წესი“. კანონმდებლობის შესაბამისად, ბაღებში ავტორიზაცია არის ეტაპობრივი პროცესი და მისი საბოლოო ვადა 2030 წლამდეა განსაზღრული. რეფორმას  სსიპ  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს.

პროცესში ჩაერთო ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოქმედი ბაღებიც. როგორც ცნობილია, ბაღებმა უკვე გაიარეს პირველადი შეფასების ეტაპი.

 რამდენი საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს დღეს ბოლნისი სმუნიციპალიტეტში და რა ძირითადი ეტაპები გაიარეს ავტორიზაციის პროცესში ჩასართავად? ამ და სხვა საკითხებზე ისაუბრებს  ააიპ „ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულების ‘’ დირექტორი ლელა გოგმაჩაძე.

მოგესალმებით ქალბატონო ლელა, რამდენი საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში და რა ძირითადი ეტაპები გაიარეთ ავტორიზაციის პროცესში ჩასართავად?

-ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ამ ეტაპზე, რეგისტრირებულია 12 საბავშვო ბაღი, რომლებიც ეტაპობრივად ჩაერთვებიან ავტორიზაციის პროცესში. ავტორიზაციისთვის მზადება, ქვეყნის მასშტაბით, 2023 წელს დაიწყო, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობით. პირველ ეტაპზე საბავშვო ბაღებში განხორციელდა თვითშეფასების პროცესი, რაც გულისხმობდა სპეციალური კითხვარის შევსებას. აღნიშნული ინსტრუმენტი საშუალებას აძლევდა თითოეულ ბაღს, შეეფასებინა საკუთარი შესაბამისობა ავტორიზაციის სტანდარტებთან. თვითშეფასების შედეგებზე დაყრდნობით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა ავტორიზაციის გავლის განრიგი.

შემდგომ ეტაპზე დაიწყო სისტემური მზადება, რაც მოიცავდა ცენტრის მიერ მეთოდოლოგიური დოკუმენტების შემუშავებას; ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას; მუნიციპალიტეტების მხარდაჭერას პროცესის ეფექტიანად წარმართვის მიზნით.

ამ პროცესს თან ახლდა საკმაოდ დიდი შრომა. საჭირო გახდა არაერთი ახალი დოკუმენტის შემუშავება, რომელთა უმრავლესობა  ჩვენთვის სრულიად უცნობი იყო. შესაბამისად, ავტორიზაციისთვის მზადება იყო ინტენსიური და მრავალმხრივი სამუშაო პროცესი, რომელიც  გუნდურ  ძალისხმევას მოითხოვდა.

დამტკიცებული განრიგის შესაბამისად, 2026 წლის პირველ კვარტალში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, 4 საბავშვო ბაღში უკვე განხორციელდა ავტორიზაციის პროცესები. ამ ეტაპზე განხორციელებული ვიზიტები და შეფასებები წარმოადგენს ადგილზე არსებული მდგომარეობის დოკუმენტურ შესწავლას და არ ითვალისწინებს პრაქტიკაში შესვლას, ამასთანავე,  არ წარმოადგენს საბოლოო შეფასებას.

საბოლოო შედეგები ცნობილი გახდება მოგვიანებით, ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე, სადაც თითოეული საბავშვო ბაღის ავტორიზაციის სტატუსი ოფიციალურად განისაზღვრება.

რას ნიშნავს ბაღების ავტორიზაცია?

-ავტორიზაცია წარმოადგენს მნიშვნელოვან რეფორმას, რომელიც მიზნად ისახავს სკოლამდელი განათლების ხარისხის გაუმჯობესებას და ერთიანი სტანდარტების დამკვიდრებას ქვეყნის მასშტაბით. ეს ნიშნავს, რომ თითოეულ საბავშვო ბაღში უნდა იყოს უზრუნველყოფილი უსაფრთხო, განვითარებაზე ორიენტირებული და ბავშვზე მორგებული გარემო, სადაც თანაბრად ხელმისაწვდომია განათლება ყველა ბავშვისთვის და დაცულია ინკლუზიური სწავლების პრინციპები. მოკლედ რომ ვთქვათ, ავტორიზაცია არის ინსტრუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ საბავშვო ბაღი იყოს ადგილი, სადაც, ნებისმიერი ტიპის გადაწყვეტილების მიღებისას, ბავშვის საუკეთესო ინტერესი არის მთავარი საზომი.

– რატომ გახდა აუცილებელი ბაღების ავტორიზაცია და რას არეგულირებს ის?

ავტორიზაცია არ არის მხოლოდ შეფასების პროცესი – ეს არის განვითარების შესაძლებლობა. პროცესში მიღებული რეკომენდაციები დაგვეხმარება, გავაუმჯობესოთ არსებული პრაქტიკა, გავაძლიეროთ უკვე დანერგილი სტანდარტები და დავინახოთ ის გამოწვევები, რომლებიც აუცილებლად საჭიროებს რეაგირებას.

ავტორიზაცია მოიცავს ოთხ ძირითად სტანდარტს:

  • დაწესებულების მისია და სტრატეგიული განვითარება;
  • კურიკულუმი;
  • ოჯახისა და თემის ჩართულობა;
  • სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესის მხარდაჭერა.

შესაბამისად, შეფასება ხორციელდება მრავალ მიმართულებაზე – სასწავლო გარემო, უსაფრთხოება, ჰიგიენა, კვება, საგანმანათლებლო პროგრამა, მშობლებთან თანამშრომლობა და პერსონალის პროფესიული მზადყოფნა.

დღეს საბავშვო ბაღი აღარ არის ადგილი, სადაც ბავშვი უბრალოდ ელოდება მშობელს, ეს არის სივრცე, სადაც ის სწავლობს ნდობას, ურთიერთობას, საკუთარი ემოციების მართვას და სამყაროსთან პირველ დიალოგს იწყებს. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, ეს გარემო იყოს ხარისხიანი და პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული.

-რაა ის  ძირითადი პირობები და კრიტერიუმები, რომლებიც  ავტორიზაციისთვის არის აუცილებელი?

-ავტორიზაციის მოთხოვნები ეფუძნება კონკრეტულ, მკაფიო კრიტერიუმებს, რომლებიც უზრუნველყოფს ბავშვის სრულფასოვან განვითარებას.

მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:

  • უსაფრთხო და ადაპტირებული ინფრასტრუქტურა;
  • ჰიგიენისა და ჯანმრთელობის დაცვის სტანდარტების დაცვა;
  • მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვება;
  • ხარისხიანი და ბავშვზე მორგებული საგანმანათლებლო პროგრამა;
  • კვალიფიციური და მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული პერსონალი;
  • მშობლებთან და თემთან აქტიური თანამშრომლობა;
  • ინკლუზიური გარემო, სადაც ყველა ბავშვს აქვს განვითარების თანაბარი შესაძლებლობა.

ეს კრიტერიუმები არ არის ფორმალური მოთხოვნები. ეს არის ის საფუძველი, რაზეც დგას ბავშვის უსაფრთხოება და კეთილდღეობა.

 – თქვენი აზრით, რის გარანტიას იძლევა ბაღების ავტორიზაცია და რას შეცვლის ეს პროცესი?

-ავტორიზაცია არის ხარისხის, უსაფრთხოების და ნდობის გარანტია. ეს ნიშნავს, რომ მშობელს შეუძლია მშვიდად დატოვოს შვილი გარემოში, სადაც დაცულია მისი ჯანმრთელობა, განვითარება და ემოციური კეთილდღეობა. ამ პროცესების შედეგად საბავშვო ბაღი კიდევ უფრო მეტად გახდება ბავშვზე ორიენტირებული სივრცე, ადგილი, სადაც სწავლა და განვითარება ბუნებრივად, თამაშით და სიყვარულით მიმდინარეობს.

იცვლება არა მხოლოდ გარემო, არამედ დამოკიდებულებაც — ბავშვი აღიქმება, როგორც ინდივიდი – თავისი საჭიროებებით, ინტერესებითა და შესაძლებლობებით.  იცვლება დამოკიდებულება საბავშვო ბაღის მიმართაც – სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება დღეს უკვე არის სრულფასოვანი ინსტიტუცია, საკუთარი მისიით, ხედვითა და ღირებულებებით, რომელიც ამკვიდრებს თანამედროვე მიდგომებსა და ახალ ხედვებს მომავალი თაობის აღზრდის პროცესში.

-ავტორიზაციის პროცესში  რა ძირითადი გამოწვევები გამოიკვეთა?

-ავტორიზაციის მიმდინარე პროცესმა ნათლად წარმოაჩინა ის მიმართულებები, სადაც დამატებითი გაძლიერებაა საჭირო. ძირითადი გამოწვევები დაკავშირებულია ინფრასტრუქტურის სრულ შესაბამისობაში მოყვანასთან, რესურსების განახლებასთან და ზოგ შემთხვევაში ადამიანური რესურსების პროფესიულ განვითარებასთან. არსებული სურათი კიდევ უფრო დაზუსტდება და სრულად გამოიკვეთება საბოლოო დასკვნის გაცნობის შემდეგ.  თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ეს გამოწვევები აღიქმებოდეს არა როგორც ბარიერი, არამედ როგორც განვითარების შესაძლებლობა, ვინაიდან სწორედ ავტორიზაციის პროცესი გვაძლევს საშუალებას, უფრო რეალისტურად შევაფასოთ არსებული მდგომარეობა და მიზანმიმართულად ვიმოქმედოთ გაუმჯობესებისთვის.

– როგორია მუნიციპალიტეტის მხარდაჭერა ბაღებისთვის ამ პროცესში ?

-მუნიციპალიტეტი აქტიურად არის ჩართული ავტორიზაციის პროცესში და უზრუნველყოფს ბაღების მხარდაჭერას, როგორც ორგანიზაციულ, ასევე, პრაქტიკულ დონეზე. ჩვენი მიდგომა არის თანმიმდევრული. თითოეული ბაღი, თავისი საჭიროებების გათვალისწინებით, მიიღებს შესაბამის მხარდაჭერას, რათა ავტორიზაციის მოთხოვნები, რეალურად და არა ფორმალურად, შესრულდეს.

– რა გზავნილს გაუგზავნიდით მშობლებს?

-მშობლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია – რამდენად უსაფრთხო და სწორ გარემოშია მისი შვილი. ავტორიზაციის პროცესი სწორედ ამ კითხვაზე პასუხია. ეს არის გარანტია იმისა, რომ საბავშვო ბაღში შექმნილია გარემო, სადაც თითოეული ბავშვი დაცულია, პატივისცემით მიღებულია და მისი განვითარება სწორად არის მხარდაჭერილი. მშობლებს მინდა ვუთხრა – ეს პროცესი ჩვენთვის ფორმალობა არ არის.
ეს არის პასუხისმგებლობა, რომელიც ყოველდღე გვახსენებს, რომ თითოეული ბავშვი იმსახურებს საუკეთესო გარემოს.

მაია გავაშელი

ბოლნისის მუნიციპალურ ტრანსპორტში საბარათე გადახდის სისტემა ინერგება

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, საქართველოს ბანკის წარმომადგენელთან და შპს ,,მუნიციპალური ტრანსპორტის სამსახურის“ ხელმძღვანელთან ერთად სამმხრივ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა მოსახერხებელი და გამარტივებული გადაადგილების მიზნით უახლოეს პერიოდში მგზავრობის საფასურის საბარათე სისტემით გადახდის სერვისი ინერგება.

მგზავრობის საფასურის გადახდა განხორციელდება საქართველოს ბანკისა და სპეციალური სამგზავრო ბარათის საშუალებით.

შეღავათიანი სტატუსის მქონე მოქალაქეებისთვის და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებისთვის დამზადდება ინდივიდუალური სამგზავრო ბარათები, რაც მათთვის მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობას კიდევ უფრო ხელმისაწვდომსა და კომფორტულს გახდის.

შეხვედრას, ასევე, მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანი, მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსი გიზო კორტავა და ეკონომიკის განვითარებისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსი რატი ბაკურაძე ესწრებოდნენ. 

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა

0

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს სამოქალაქო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. შეხვედრის ფორმატში მუნიციპალიტეტის მერი, პირველ მოადგილესთან ერთად, სხვადასხვა პროფესიის მოქალაქეებით დაკომპლექტებულ საბჭოს წევრებს პირადად შეხვდა და ქალაქის განვითარებისთვის კოორდინირებულ თანამშრომლობაში ჩართვა შესთავაზა. სხდომაზე საბჭოს წევრებმა თავმჯდომარე, მოადგილე და მდივანი აირჩიეს, რის შემდეგაც მუნიციპალიტეტში მიმდინარე და განსახორციელებელ ინიციატივებზე ისაუბრეს და ერთხმად შეთანხმდნენ, საჭიროების შემთხვევაში, სამუშაო ფორმატში შეიკრიბონ და მაქსიმალურად ჩაერთონ მუნიციპალიტეტის განვითარების სხვადასხვა პროცესში, ასევე ხელი შეუწყონ ადგილობრივ თვითმმართველობასა და მოსახლეობას შორის კომუნიკაციის გაძლიერებას.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე სოფელ ტანძიაში წყალმომარაგების ახალი ქსელზე დაერთების პროცესს გაეცნო

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ზაბახიძე, სოფელ ტანძიაში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და ამხანაგობა „ინვესტ გრუპის“ წარმომადგენლებს შეხვდა და სოფელ ტანძიის მოსახლეობის ახალ წყალმომარაგების ქსელზე დაერთების პროცესი განიხილა.

სოფელ ტანძიაში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროექტი დასრულებულია. პროექტის ფარგლებში აშენდა 300 მ³ მოცულობის რეზერვუარი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საქლორატორო. ასევე მოეწყო დაახლოებით 15 000 მეტრი სიგრძის წყალმომარაგების ქსელი და მაგისტრალური მილი.

სოფლის ერთ ნაწილში ამ დრომდე ძველი ქსელი ფუნქციონირებდა. დღეიდან, 10 დღის განმავლობაში, მოხდება ძველი ქსელის ეტაპობრივი დალუქვა, რათა ცენტრალურ ქსელთან აბონენტების დაერთების პროცესი გაიტესტოს. ქსელის დატესტვის პერიოდში გამოვლენილი შესაძლო ხარვეზების შემთხვევაში, კონტრაქტორი კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს მათი დროული აღმოფხვრა. ტესტირების დასრულების შემდეგ ახალი ქსელი ექსპლუატაციაში გაეშვება, რის შედეგადაც ადგილობრივი მოსახლეობა სტაბილური და ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

როგორც ალექსანდრე ზაბახიძემ შეხვედრაზე აღნიშნა, მუნიციპალიტეტისთვის თითოეული მოქალაქის ინტერესების დაცვა და მათი საჭიროებების დროული უზრუნველყოფა უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა როგორც სამუშაოების ხარისხს, ასევე მოსახლეობის უსაფრთხო და სტაბილურ მომსახურებას.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი გიორგი გასვიანი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი სიკინჭალაშვილი, მერის წარმომადგენელი სოფელ ტანძიის ადმინისტრაციულ ერთეულში ლევან მურცხვანაძე, საკრებულოს დეპუტატი შერმადინ დადვანი, ქვემო ქართლის რეგიონული ფილიალის მენეჯერი კახა ჩოგოვაძე, ტექნიკური განყოფილების მენეჯერი ზურა გობეჯიშვილი და ბოლნისის სერვისცენტრის მენეჯერი გია ყიფიანი. 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქვემო ქართლის ფილიალის ბოლნისის მომსახურების ცენტრის წარმომადგენელთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, პირველ მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძესთან ერთად, კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქვემო ქართლის ფილიალის ბოლნისის მომსახურების ცენტრის წარმომადგენელთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს მუნიციპალიტეტში ენერგომომარაგების მიმართულებით არსებული მდგომარეობა და ძირითადი გამოწვევები. აღინიშნა, რომ ენერგომომარაგების ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად არის მოძველებული და საჭიროებს განახლებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ელექტროგადამცემი ხაზებისა და საყრდენი ბოძების მდგომარეობას, რაც ზრდის ავარიული შემთხვევების რისკს და უარყოფითად აისახება მოსახლეობის უწყვეტ და უსაფრთხო ელექტრომომარაგებაზე.

მხარეებმა ასევე იმსჯელეს უამინდობის პირობებში წარმოქმნილ პრობლემებზე. განსაკუთრებით ძლიერი ქარისა და ინტენსიური ნალექის დროს ხშირია ავარიული გათიშვები, ხოლო ელექტროენერგიის აღდგენა რიგ შემთხვევებში დროულად ვერ ხერხდება, რაც მნიშვნელოვან დისკომფორტს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას და აფერხებს სხვადასხვა სერვისის გამართულ ფუნქციონირებას.

არსებული მდგომარეობის შეფასების შედეგად, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქვემო ქართლის აფილიალის ბოლნისის მომსახურების ცენტრში დაიგეგმა 65 ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლებიც ეტაპობრივად, სამი წლის განმავლობაში განხორციელდება. აღნიშნული პროექტები მოიცავს ენერგომომარაგების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და ოპტიმიზაციას, მათ შორის ავარიული საყრდენების გამოცვლას, სატრანსფორმატორო ქვესადგურების განახლებასა და დამატებას.

სამუშაოები განხორციელდება ქალაქ ბოლნისში, დაბა კაზრეთსა და თამარისში, ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებში: ცურტავში, ბალიჭში, დისველში, რაჭისუბანში, ხატისოფელში, ფოლადაურში, სამწევრისში, ზემო და ქვემო ბოლნისში, რატევანში, აკაურთაში, ტალავერში, დარბაზში, სოფელ ბოლნისში, ზვარეთში, ნახიდურსა და სავანეთში.

ამ ეტაპზე უკვე მოწესრიგებულია ყველაზე პრობლემური და ავარიული ლოკაციები. დასრულებულია სამუშაოები სოფელ დისველში, ხოლო მიმდინარე პერიოდში სამუშაოები იწყება სოფელ ქვემო ბოლნისში.

პარალელურად, მიმდინარე წელს დაგეგმილია და უკვე მიმდინარეობს სოფელ ხატისოფლის, ფოლადაურის, სამწევრისის, ზემო და ქვემო ბოლნისის, სავანეთის, აკაურთისა და ზვარეთის ტერიტორიებზე არსებული 10 კვ მაღალი ძაბვის მაგისტრალების ოპტიმიზაცია და მათი მიუვალი ადგილებიდან გამოტანა. აღნიშნული სამუშაოები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ენერგომომარაგების ხარისხს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უწყვეტ ელექტრომომარაგებას.

თეონა ჩაგელიშვილი, ადამიანი, რომელიც უკვე 30 წელია, წიგნებსა და მკითხველს შორის ხიდად დგას

0

30 აპრილი ბიბლიოთეკარის დღეა. ბოლნისის მთავარ ბიბლიოთეკაში ერთი გამორჩეული ისტორია იმალება — თეონა ჩაგელიშვილი, ადამიანი, რომელიც უკვე 30 წელია, წიგნებსა და მკითხველს შორის ხიდად დგას.პროფესიული დღესასწაულის აღსანიშნავად, თეონამ საკუთარი გამოცდილებით გვიჩვენა, თუ რამხელა ძალა აქვს ამ საქმეს.

ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტის მერები არემჯის გარემოსდაცვით საქმიანობას ადგილზე გაეცნენ

0

კომპანია „არემჯისა“ და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან არსებული ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის ინიციატივით, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტების მერები საწარმოს გარემოსდაცვით საქმიანობას ადგილზე გაეცნენ.ვიზიტის მიზანი არსებული გარემოსდაცვითი პროექტების გაცნობა, გამოწვევების შეფასება და სამომავლო გეგმების განხილვა იყო. ზამურ ჭითანავა და კობა მურადაშვილი, სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, კომპანიის სხვადასხვა სტრატეგიულ ობიექტს ეწვივნენ . ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს მადნეულის ისტორიული კარიერი,  მე-4 სანაყაროს მიმდებარედ მოწყობილი წყლის გამწმენდი ნაგებობა და წყალდამჭერი ინფრასტრუქტურა. ასევე მოინახულეს მე-2 სანაყაროზე განხორციელებული სარეკულტივაციო სამუშაოები და გაეცნენ, როგორც მოქმედ კუდსაცავს, ისე ახალი, მშრალი კუდსაცავის პროექტს.დელეგაციამ ასევე დაათვალიერა „არემჯი გოლდის“ საწარმოო უბანი, სადაც განთავსებულია სამსხვრევი საამქროები და დასხურების მოედნები, .საწარმოო ტერიტორიაზე საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით აშენებული თანამედროვე წყლის გამწმენდი ნაგებობები,რომელიც ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე უზრუნველყოფს მდინარეების ფოლადაურის, კაზრეთულასა და მაშავერას დაცვას საწარმოო და სანაყაროებიდან ჩამდინარე წყლებისგან. როგორც კომპანის წარმომადგენლები აცხადებენ,გარემოს დაცვის მიმართულებით, მუდმივად ხორციელდება მტვრისა და მავნე ნივთიერებების გაფრქვევის საწინააღმდეგო ღონისძიებები, მათ შორის გზების რეგულარული მორწყვა და სპეციალური აირმტვერდამჭერი სისტემების გამოყენება. ღია სამსხვრევ კვანძებზე კი მოწყობილია წყლის გამშხეფი სისტემები.ნიადაგის დაცვის მიზნით მიმდინარეობს სანაყაროების სტაბილიზაცია, ბიოლოგიური რეკულტივაცია და ფუნქციონირებს სანერგე მეურნეობა.