„ რაც უფრო შორს ცხოვრობ სამშობლოდან, მით უფრო ხვდები, რომ დაბადების ადგილის სიყვარული ადამიანის სულში სამუდამოდ რჩება, თან დაგაქვს. დრო და მანძილი მას ვერ ანელებს.
2009 წელს ქვეყანაში შექმნილმა რეალობამ მაიძულა ქვეყანა დამეტოვებინა. ხშირად ჰგონიათ, ემიგრაციაში მხოლოდ ფინანსური პრობლემების გამო მიდიან ადამიანები. ჩემს შემთხვევაში ასე არ იყო. არც ფინანსურად მიჭირდა და არც უკეთესი ყოფისთვის წავსულვარ. უბრალოდ იყო დრო, როდესაც ცხოვრებამ ჩემს მაგივრად გააკეთა არჩევანი. ალბათ ბედიც იყო, რადგან სწორედ ამ გზამ განაპირობა ჩემი მომავალი ცხოვრება“.
გზა ბოლნისიდან ემიგრანტობამდე არ იყო მატივი. წინ უამრავი დაბრკოლება ელოდა. „ეს იყო ბრძოლა მარტოობასთან, მონატრებასთან, საკუთარ თავთანაც კი“. მაგრამ, ყოველი დაცემის შემდეგ, ისევ აგრძელებდა წინ სვლას.
„პირველი დღე ბელგიაში ცხადად მახსოვს. ვუსმენდი ადამიანებს, რომლებიც ამბობდნენ: 5 წელია აქ ვარ, 10 წელია, 15 წელია ემიგრაციაში ვარ და გულში ვფიქრობდი: „ამდენ ხანს აქ ვერ გავჩერდები“. თუმცა, უკვე 17 წელია ემიგრანტი მქვია.
ემიგრაცია ბევრს მხოლოდ ფიზიკური შრომა ჰგონია. სინამდვილეში, ეს არის ბრძოლა მარტოობასთან, მონატრებასთან და საკუთარ თავთან.
ენის ბარიერი, უცხო გარემო, არავინ ახლობელი და ამ დროს, მაინც უნდა შეძლო, რომ არ გატყდე. ძალიან გამიმართლა ადამიანებში. აქ საოცარი სითბო და თანადგომა დამხვდა. მე ცხოვრებაში ბევრჯერ დავეცი, მაგრამ არ ვნებდები. ალბათ ჩემი ყველაზე დადებითი თვისება სწორედ ეს არის -დაცემის შემდეგ წამოდგომა.“
ემიგრანტობა ეს არის ცხოვრების ორი სამყარო, წარსული და აწყმო, „აქ“ და „შინ. უცხო მიწაზე მცხოვრებ „ჩვენებურებს “ რწმენა და სამშობლოს სიყვარული აძლიერებთ. თითოეული წამოწყებული საქმე საქართველოსთან უხილავი ძაფით არის დაკავშირებული. სწორედ ეს ქმნის ორ ქვეყანას შორის გადებულ ხიდს.
„ ემიგრაციაში ყველაზე მეტად რწმენა გვაძლიერებს. ჩვენთვის წმინდა ნინოს სახელობის ქართული ეკლესია მხოლოდ ტაძარი არ არის. ის ჩვენი ნავსაყუდელია. ბელგიისა და ჰოლანდიის მეუფე დიოსთეოსმა ქართულ საზოგადოებას ძალიან დიდი საქმე გაუკეთა. ერთ-ერთი ეკლესია სახელმწიფოსგან 30 წლიანი ვადით ავიღეთ და ეს ადგილი ქართველი ემიგრანტებისთვის ნამდვილ ოჯახად იქცა. ეს სიყვარული და რწმენა აძლიერებს ჩვენს ერთობას. გვყავს საოცარი მამები – მამა დავითი და მამა ლუკა. ეკლესიასთან ფუნქციონირებს საკვირაო სკოლა, რომლის დამფუძნებელიც მანანა ხორბალაძეა. სწორედ მან შემომთავაზა, რომ ბავშვებს გვერდში დავდგომოდი, რათა არ დაეკარგათ ენა, ფესვები და საკუთარი იდენტობა. ამ ქალაქში ორი ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლი, თეატრი და საესტრადო სიმღერების ჯგუფი ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი სშუალებას არ გვაძლევს, რომ საკუთარ ფესვებს მოვწყდეთ. ხის სიმაღლე ხომ ფესვებიდან იზომება. მე ამჟამად ვმუშაობ ერთ-ერთ პრესტიჟულ სკოლაში, ასევე მაქვს ორგანიზაცია და უამრავი იდეა, რაც ისევ და ისევ, ჩემს ქვეყანას უკავშირდება. როგორც იცით, პროფესიით ჟურნალისტი ვარ და ძალან მინდა პროექტი გავაკეთო. თუმცა ჯერ საქმე…
ემიგრაციაში დაბადებული დიდი სიყვარული და უცხო მიწაზე შექმნილი ლამაზი ქართული ოჯახი – ეს არის ისტორია, თუ როგორ შეხვდა ორი ფესვებიდან მოშორებული ადამიანი და ერთმანეთის სულებში იპოვეს საკუთარი საშობლო.
„ემიგრანტობის დრო შევხვდი ჩემს მეუღლეს – კახა კაშიას. კახა სააღდგომო ტრაპეზზე გავიცანი. როგორც მერე გავიგე , თურმე დანახვისთანავე შევყვარებივარ. თუმცა ამის თქმა ერთი წლის შემდეგ გაბედა. იმ პერიოდში ანტვერპენის მონასტერში ვცხოვრობდი. მას შემდეგ დღემდე ერთად მოვდივართ ამ რთულ, მაგრამ ლამაზ გზაზე და გვყავს სამი შვილი -დეა, მარიამი და გური. როცა პირველი შვილი დეა შემეძინა, მეგონა, რომ დედამიწამ სხვანაირად დაიწყო ბრუნვა. მერე მოვიდნენ მარიამი და გური. მაშინ მივხვდი, რომ მიუხედვად ყველაფრისა, მე ბედნიერი ქალი ვარ. ჩვენი ოჯახი, მეუფე დოსითეოსის კურთხევით, ჩართულია ბრიუსელის ფსალმუნთა ჯგუფში. ჩემი შვილები ამით სწავლობენ რწმენას, ადამიანების პატივისცემას, გარდაცვლილების და ცოცხლების სიყვარულს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართული კითხვა არ ავიწყდებათ.
მინდა ჩემმა შვილებმა იცოდნენ, რომ მათ ორი სამშობლო აქვთ. ერთი ქვეყანა, სადაც იზრდებიან, ბელგია და მეორე – საქართველო, რომელიც მათ სისხლშია. ემიგრაციაში ყოფნისას მივხვდი, რომ ფესვების შენარჩუნება ყოველდღიური შრომაა. სახლში ქართულად ვსაუბრობთ, ქართულად ვლოცულობთ, ქართულ სიმღერებს ვუსმენთ. მინდა საქართველო მხოლოდ რუკაზე მონიშნული ქვეყანა არ იყოს. მინდა შინაგანი განცდა დარჩეს და უყვარდეთ სამშობლო.“

„არავის აგრძნობინო რა გტკივა…ადექი და გააგრძელე. “დედის ეს ფრაზა ეთერ ჩუმაშვილის ცხოვრების დევიზად იქცა. მის ცხოვრებაში იყო ბევრი ლამაზი წელი, მაგრამ იყო სევდა და ტკივილიც, რომელმაც არ შეაშინა და კიდევ უფრო ძლიერ ქალად აქცია. ბავშვობის წლებმა და ოჯახმა განსაკუთრებული გავლენა იქონია მის პიროვნებად ჩამოყალიბებაში.
„ჩემი ბავშვობა ძალიან თბილი, ფერადი და თავისუფალი იყო, სანამ მამა გარდამეცვლებოდა. ზუსტად იმ დღიდან მივხვდი, რომ ბავშვობა უცებ დასრულდა. დედა მარტო დარჩა დიდი ოჯახის საიმედოდ და მთავარ ძალად. მეც, თითქოს ერთიანად გავიზარდე. მას შემდეგ სულ მაქვს განცდა, ვინმეს კი არ დავეყრდნო – პირიქით, სხვისთვის ვიყო საყრდენი.
დედამ მასწავლა, რომ არასოდეს მეღალატა ადამიანებისთვის. სუფთა ქრისტიანული სულით გვზრდიდა. ერთ ფრაზას სულ მეუბნებოდა – არავის აგრძნობინო, რა გტკივა, ადექი და გააგრძელე“ და დღემდე ასე ცხოვრობს. გულწრფერად რომ ვთქვა, დედა ძლიერი ქალია. დღეს რომ ასეთი ვარ, სწორედ მისი დიდი დამსახურებაა.“

მრავალწლიანი გაშორების შემდეგ, ეთერი ცოტახნის წინ სტუმრობდა მშობლიურ ბოლნისს.
„აღდგომის დღესასწაულზე ვიყავი საქართველოში. თბილისს რომ გავცდი უკვე გული ამიჩქარდა. გამახსენდა „თერგდალეულები“ როგორ მიმიღებს ჩემი ქვეყანა.
სასწაულების მოლოდინებში ვიყავი და მართლაც სასწაული ოჯახი მყავს. ნამდვილი დღესასწაული მომიწყვეს. ბოლნისური ემოცია, ის სითბო და სიყვარული, რომელიც საქართველოდან წამოვიღედღემდე მომყვება,.
ბოლნისი ჩემთვის სახლია. მჟავეწყლიდან რომ ჩამოვივლი, უკვე გული მიჩქარდება. ყველა ქუჩას, ყველა ადამიანს ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. აქ გავატარე ყველაზე სუფთა და ნამდვილი წლები. აქ არის ჩემი ბავშვობა, ჩემი ოჯახი და ჩემი მოგონებები.“
კითხვაზე – საქართველოში დაბრუნებაზე თუ ფიქრობ, მოკლედ გვიპასუხა
„დაბრუნება“? კარგი კითხვაა.
სიმართლე რომ ვთქვა, მე თითქოს არც არასდროს წამოვსულვარ. მე დღემდე ჩემი ქვეყანის, ჩემი ოჯახის, ჩემი ახლობლების ცხოვრებით ვცხოვრობ. რა მნიშვნელობა აქვს, სად ხარ, თუ შენი ქვეყანა გულით დაგაქვს.“







