2 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ანგელოზის დღეა. მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს წინასწარმეტყველის, ილია თეზბიტელის და ილია მართლის (ჭავჭავაძე) ხსენების დღეს აღნიშნავს.სიონის საკათედრო ტაძარში ილიაობის დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია შესრულდა.პატრიარქმა მრევლს ილიაობა მიულოცა.
“იხარეთ ორსავე სოფელსა შინა! სიხარული შედეგია სიყვარულისა; გიყვარდეთ ერთმანეთი. ერთმანეთის სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი. ჩვენთან არს ღმერთი!” – განაცხადა პატრიარქმა.
წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და ტაძრის მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა.
საეკლესიო გადმოცემით, ილია თეზბიტელის ხალენი საქართველოშია დაფლული, სვეტიცხოვლის ტაძარში, წმიდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ეკვდერში.
ილია ჭავჭავაძე (1837-1907წ.წ.) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა 1987 წელს, ერისა და ეკლესიის წინაშე ღვაწლისთვის, წმინდანად შერაცხა და მას წმინდა ილია მართალი უწოდა.