პარასკევი, მარტი 29, 2024
spot_img
Homeგანათლებაპირველი მარტიდან ბოლნისის საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდება

პირველი მარტიდან ბოლნისის საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდება


მიმდინარე წლის პირველი მარტიდან, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოქმედი 12 საბავშვო ბაღიდან 10-ში სააღმზრდელო პროცესი განახლდება, ხოლო სოფელ ტანძიასა და დაბა კაზრეთში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი მომავალი კვირიდან დაიწყება. როგორ ხვდება სასწავლო პროცესის განახლებას ბოლნისის მუნიციპალიტეტი, აღნიშნულთან დაკავშირებით სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის სამსახურის უფროსი ქალბატონი ლელა გოგმაჩაძე გვესაუბრება:
-როგორც იცით, გუშინ გახდა ცნობილი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება, რიგი შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ. მათ შორის, საბავშვო ბაღებში 1 მარტიდან სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის აღდგენის თაობაზე. ამ გადაწყვეტილების გახმოვანებისთანავე დავიწყეთ შესაბამისი ზომების მიღება, გვქონდა კომუნიკაცია მომწოდებლებთან პროდუქტების შემოტანის თაობაზე. ყველა მომწოდებელი მაქსიმალურად მზად არის, მხოლოდ სოფლის მეურნეობის პროდუქტების მომწოდებელმა ვერ მოგვცა 100%-იანი გარანტია იმისა, რომ ორშაბათამდე შეძლებს სრულფასოვანი მომარაგების უზრუნველყოფას. მისი თქმით, მან გუშინვე დაიწყო მზადება, თუმცა ამინდიდან გამომდინარე, ბაზარი იყო თითქმის ცარიელი და ვერ შეიძინა პროდუქტი. დღესაც გვქონდა მასთან კომუნიკაცია, დაგვპირდა, რომ ეცდება არ შეგვაფერხოს და სრულად მოგვაწოდოს პროდუქცია.
ასე რომ, თუ მომარაგების მხრივ არ შეიქმნება პრობლემები, ყველანაირად მზად ვართ პროცესის დასაწყებად. მართალია, ძალიან შემჭიდროებული ვადები გვაქვს, მაგრამ ამ დღეებს მათ შორის შაბათ-კვირას, თითოეული ბაღი, მაქსიმალურად გამოიყენებს პროდუქტების მისაღებად, დალაგება-დასუფთავებისთვის და დეზინფექციის ჩასატარებლად. დღეიდან გასულები არიან საბავშვო ბაღებში, მოხდა პირველ რიგში გათბობის სისტემების შემოწმება და ჩართვა, რათა ბავშვებს ბაღში სრულად უსაფრთხო გარემო დახვდეთ.
-პანდემიიდან გამომდინარე, როგორ შეხვდნენ მშობლები სასწავლო პროცესის განახლებას?
-ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია მშობლებთან. შევისწავლეთ რამდენი აღსაზრდელი გვეყოლება ამ ეტაპზე ბაღებში და აღმოჩნდა, რომ რეგისტრირებული 1253-დან 710 ბავშვის გამოცხადების მოლოდინი გვაქვს. დანარჩენები ამ ეტაპზე თავს იკავებენ.
-რა რეგულაციები და რეკომენდაციებია გასათვალისწინებელი საბავშვო ბაღებში ?
-საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ყოველ 2 კვირაში უნდა მოხდეს თანამშრომელთა 20% ტესტირება. ამ თემაზეც უკვე გვქონდა კომუნიკაცია ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელთან ქალბატონ მაკა მამარდაშვილთან და შევთანხმდით, რომ ხვალიდან უკვე დავიწყებთ ამ პროცესს. ეტაპობრივად გაგრძელდება და სისტემატურად მოხდება ყველა თანამშრომლის ტესტირება. საბავშვო ბაღებში უსაფრთხო ფიზიკური გარემოს უზრუნველსაყოფად რეგულაციებით გათვალისწინებული ყველა წესი იქნება დაცული.
12 საბავშვო ბაღიდან 10-ში განახლდება ამ ეტაპზე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი, ვფიქრობ, რომ შემდეგი კვირიდან ტანძიისა და კაზრეთის საბავშვო ბაღებშიც განახლდება, შეუერთდება ამ პროცესს, რომელიც ამ ეტაპზე იქ მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო ცოტა ხნით გადავადდა.

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

Most Popular

Recent Comments