ოთხშაბათი, დეკემბერი 11, 2024
spot_img

ხელოვანი ადამიანები სამყაროს განსხვავებული ფერებით აღიქვამენ – გაიცანით ქეთი ზურაბაშვილი

შემოქმედი ადამიანები განსხვავებული ფერებით აღიქვამენ სამყაროს,ხელოვნება მათ შინაგან თავისუფლებას ანიჭებს, სათქმელს კი, ნამუშევრებში ფერთა შეხამებით  გადმოსცემენ. ამჯერად გაზეთი ,,ბოლნისი”გაგაცნობთ ნიჭიერ ახალგაზრდას, რომელმაც საყვარელი საქმე შემოსავლის წყაროდ აქცია, არც თუ დიდი ხანია სოციალურ ქსელში გაჩნდა გვერდი ,,კუდრაჭა”, სადაც ქეთი ზურაბაშვილის ხელნაკეთი ნივთებია განთავსებული, ერთმანეთისგან განსხვავებულმა, დახვეწილმა აქსესუარებმა საზოგადოების ყურადღება მალევე მიიპყრო.

-ქეთი გვიამბე  შენზე, საყვარელ ხელსაქმეზე?

-მე ვარ ქეთევან ზურაბაშვილი, აგროინჟინერიის ბაკალავრი, რომელსაც ძალიან უყვარს თავისი საქმე, თუმცა ჩემს ჰობს წარმოადგენს ქარგვა და ხატვა. ეს პროცესი უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. ხატვა დავიწყე ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან. თუ სწორად მახსოვს, პირველი ნახატის თემატიკა იყო ცხოველები, ვინაიდან ისინი ძალიან მიყვარს.  ძირითადად ვხატავ ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლებს. ვცდილობ, თითოეული ნახატი შემოქმედებითი ხასიათის იყოს. ახლობლების უმეტესობამ არ იცის ჩემი ჰობის შესახებ, ვინაიდან ეს არ არის პროფესიონალური ხატვა. ვხატავ მხოლოდ ჩემთვის და მხატვარს, ასე მკაფიოდ, ჩემს თავს ვერ ვუწოდებ.

-გვიამბე როგორ მიხვედი ამ საქმიანობამდე,  რა იყო ხატვის დაწყების მიზეზი?

-ბავშვობიდან მიყვარდა შემოქმედებითი საქმიანობა, ვცდილობდი დამეხატა ყველაფერი, რაც მიყვარდა. მომწონდა ფერებთან ურთიერთობა, მათი ერთმანეთთან შეხამება .

-რა გარემოში გიყვარს მუშაობა?

-მუშაობისას უპირატესობას ვანიჭებ წყნარ, კომფორტულ გარემოში ყოფნას, რადგან ვფიქრობ, რომ სწორედ სიმშვიდეში შეუძლია ადამიანს საუკეთესოდ გამოხატოს საკუთარი თავი.

-ძირითადად რითი ხატავ, როგორ ფერებს იყენებ?

-არის შემთხვევები, როცა სახატავად გუაშებს ვიყენებ, ხანდახან, უბრალოდ, ფერადი ფანქრებით ვხატავ. გააჩნია ნახატის შინაარსს. შეძლებისდაგვარად ვცდილობ  გამოვიყენო ღია, ნათელი ფერები, რათა ნამუშევარი უფრო მარტივად აღსაქმელი იყოს და არც  თვალი გადაღალოს. ამ ფერებში კარგად ჩანს ჩემი ხასიათი, რადგან ყოველთვის ვცდილობ, ვიყო მხიარული და პოზიტიური.ხატვის პროცესის დროს მიღებული განცდების სიტყვებით გადმოცემა  რთულია, ეს უდიდესი სიამოვნებაა.

-ხატვის გარდა აკეთებ აქსესუარებს, გაქვს სოციალურ ქსელში შენი გვერდი „კუდრაჭა“. გვიამბე ამაზე, როგორია საზოგადოების დაინტერესება?

 -დიახ, ვამზადებ თმის აქსესუარებს, როგორებიცაა  ბაფთა და სქრანჩი. თითოეული აქსესუარი მზადდება მხოლოდ ერთ ეგზეპლარად. მაქვს ფეისბუქ გვერდი, სადაც ვდებ ჩემი ნამუშევრების ფოტოებს სარეალიზაციოდ. ამ ეტაპზე ხალხის დაინტერესება მაღალია და ცნობადობაც იზრდება. ვფიქრობ, ეს იმითიცაა გამოწვეული, რომ დღესდღეობით ხალხს მოწონს ხელნაკეთი აქსესუარები და აფასებენ იმ სამუშაოს, რომელსაც მათი დამზადების პროცესში გავდივართ.

-როგორ ფიქრობ, ადამიანის ცხოვრებაში რამდენად დიდი გავლენა აქვს ხელოვნებას?

-ვფიქრობ, ხელოვნების გარეშე ჩვენი ცხოვრება ძალიან მოსაწყენი იქნებოდა, ის ადამიანებს აძლევს საშუალებას გამოხატონ საკუთარი გრძნობები და შთაბეჭდილებები, გამოავლინონ ნიჭი და შესაძლებლობები.

-რომელი მხატვარია შენი ინსპირაციის წყარო?

-ინსპირაციის წყარო, როგორც ასეთი, არცერთი მხატვარი არ ყოფილა, ხატვა დავიწყე მხოლოდ საკუთარი სურვილითა და მონდომებით. თუმცა გამორჩეულად მომწონს ვან გოგის შემოქმედება, მისი სტილი და ფერთა შეხამება ნამუშევრებში. ასევე მომწონს მოდილიანი თავისი ეპატაჟურობითა და ბობოქარი სულისკვეთებით.

-გარდა ხატვისა, რითი ხართ დაკავებული?

-ხატვის გარდა, როგორც უკვე აღვნიშნე, დაკავებული ვარ ქარგვით, რაც უკვე გადავაქციე ერთგვარ ბიზნესად. ვამზადებ აქსესუარებს და ვცდილობ საკუთარი თავის დამკვიდრებას მოცემულ სფეროში.

-რას გეგმავთ მომავალში?

-სამომავლოდ მსურს, გავაფართოვო ჩემი ბიზნესი და ვიყო წარმატებული ამ სფეროში.

-მადლობა საინტერესო საუბრისთვის, წარმატებებს გისურვებ.

ავტორი:მაგდა დევნოზაშვილი

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები