„მასწავლებელი მოსწავლეების მსგავსად მუდმივი სწავლისა და განვითარების პროცესში უნდა იყოს. გარდა იმისა, რომ მოსწავლეებს მხარს ვუჭერ სხვადასხვა პროექტებში მიიღონ მონაწილეობა, პირადად აქტიურად ვესწრები ტრენინგებს განსხვავებულ თემებზე, ეს მეხმარება არა მხოლოდ პროფესიულ, არამედ პიროვნულ განვითარებაში. კარგი მასწავლებლი მუდმივად ცოდნისა და გამოცდილების ძიებაშია, როგორც კი წყვეტს ახლის სწავლას, მასში კვდება მასწავლებელი“.
ია ნიქაბაძე დაბა კაზრეთის №2 საჯარო სკოლის ინგლისურისა და რუსული ენების პედაგოგია, ის მუდმივად ახლის ძიებაშია, სწავლობს და ასწავლის, მუდმივად იზრდება პიროვნულად და პროფესიულად. არ იღლება, წლების მანძილზე არაერთი ჯილდო და დიპლომი აქვს მიღებული, არის უფროსი მასწავლებელი, 2019 წელს, წლის საუკეთესო პედაგოგის ხუთეულში შევიდა. თანამშრომლობს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციასთან, გავლილი აქვს პროფესიული განვითარების პროგრამები, მისი მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები სხვადასხვა გაცვლით პროგრამებში. წინ უამრავი გეგმა აქვს, რომლის განხორციელებას უახლოეს მომავალში აპირებს.
-გვიამბეთ თქვენზე, ბავშვობაზე, სტუდენტობაზე.
-დავიბადე და გავიზარდე ბოლნისის რაიონში, დაბა კაზრეთში. აქ გავატარე მთელი ბავშვობა. შემდგომ ჩავაბარე ლინგვისტიკის ინსტიტუტში ინგლისურ-თურქული ენების მიმართულებაზე. 1997 წელს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, დავბრუნდი მშობლიურ სკოლაში და უკვე 25 წელია აქ ვმოღვაწეობ ჩემი სპეციალობით.
-რას ნიშნავს თქვენთვის იყოთ მასწავლებელი, რატომ აირჩიეთ და რამდენი წელი ემსახურეთ ამ პროფესიას
-ვარ უცხო ენების სპეციალისტი. ჩემი არჩევანი განპირობებული იყო იმით, რომ უცხო ენის შესწავლა არ არის მხოლოდ ენის შესწავლა – არამედ მასთან ერთად ჩვენ შევისწავლით უცხო ქვეყნის კულტურასა და ისტორიას. უცხო ენების სწავლამ საშუალება მომცა გამეფართოვებინა მსოფლმხედველობა და გამეცნო სხვადასხვა ქვეყნები. უცხო ენის მასწავლებლის პროფესიაც ავირჩიე სწორედ ამიტომ – მინდა ცოდნა და გამოცდილება გავუზიარო ახალგაზრდებს და ხელი შევუწყო მათ პიროვნულ, თუ სამომავლო პროფესიულ განვითარებაში. ვთვლი, რომ სწორედ მასწავლებელს მიუძღვის თაობათა აღზრდაში უდიდესი წვლილი – ახალი თაობა ხომ ჩვენი მომავალია.
როგორ შეაფასებდით თაობათა ცვლას?
– ვთვლი, რომ დღევანდელ თაობას აქვს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები – მათ მარტივად შეუძლიათ ჩაერთონ აქტივობებში, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა პროექტებში, გაცვლით პროგრამებსა თუ ბანაკებში. მე ყოველთვის ვცდილობ მოსწავლეებს ხელი შევუწყო იყვნენ აქტიურები და მაქსიმალურად გამოიყენონ ის შესაძლებლობები, რაც მათ წინაშეა. ძველ თაობას არ ჰქონდა ამდენი შესაძლებლობა – თუმცა ახალგაზრდები დღესაც და ადრეც – მოტივირებულები იყვნენ უცხო ენის სწავლაზე და, არ იშურებდნენ ძალისხმევას წარმატების მისაღწევად.
-რა არის თქვენი ცხოვრების დევიზი?
-„გუშინ – ოცნება; დღეს – მიზანი; ხვალ – რეალობა.“ მიმაჩნია, რომ ცხოვრება არის როგორც ველოსიპედი – წონასწორობის შესანარჩუნებლად აუცილებელია მუდმივად იმოძრაო და იარო წინ.
-თქვენი გადმოსახედიდან, რას შეცვლიდით და რას ისურვებდით?
-დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, პირველ რიგში ვისურვებ მშვიდობას. მშვიდობა არის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა იმისთვის, რომ ადამიანებმა და მათ შორის ახალგაზრდებმა შეძლონ სწავლა და განვითარება.
–რას ურჩევთ ახალგაზრდა პედაგოგებს?
-ახალგაზრდა პედაგოგებს ვეტყოდი, რომ პედაგოგიური მოღვაწეობის დაწყება ყოველთვის სირთულეებით არის სავსე. როდესაც პირველად დავიწყე მასწავლებლობა, ვნერვიულობდი იმაზე, თუ რამდენად გავართმევდი თავს ამ დიდ პასუხისმგებლობას, არ ვიცოდი როგორ მიმიღებდნენ მოსწავლეები და რამდენად კარგად შევძლებდი მათთან ურთიერთობის დამყარებას. თუმცა, მნიშვნელოვანია ასევე კოლეგების როლიც – ბევრი მათგანი მზადაა დაგეხმაროს ამ სირთულეების გადალახვაში და საკუთარი გამოცდილებით მოგცეს რჩევები. ნუ შეუშინდებით სირთულეებს – ყოველთვის ეცადეთ მიაღწიოთ დასახულ მიზნებს. თქვენ უნდა იყოთ მაგალითი იმისა, რომ ყველაფერი გამოუვათ და არ არსებობს გადაულახავი დაბრკოლება.
მადლობას გიხდით საინტერესო საუბრისთვის და გისურვებთ წარმატებებს.
მაგდა დევნოზაშვილი