,,გაზეთი ბოლნისი“ აგრძელებს მკითხველისთვის წარმატებული და საინტერესო ახალგაზრდების გაცნობას, ამჯერად მოგიყვებით დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მე-10 ა კლასის მოსწავლე ნინი მოსეშვილზე, რომელიც აქტიურადაა ჩართული მრავალ სასკოლო თუ არასასკოლო პროექტში. უყვარს ახალ გამოწვევებსა და სირთულეებში თავის გამოცდა, რადგან ეს ყველაფერი უდიდეს გამოცდილებას სძენს. სამომავლო პროფესია არ აქვს არჩეული და ამიტომ ცდილობს, შესაძლებლობები მაქსიმალურად პროდუქტიულად გამოიყენოს. ნინი მოგვიყვება რაში ეხმარება და რა გამოცდილებას იღებს სხვადასხვა პროექტებიდან.
–როგორ მოხვდი ლატვიაში და რა მიზანს ემსახურებოდა იქ ყოფნა?
-პატარაობიდან ვოცნებობდი საზღვარგარეთ მოგზაურობაზე. როცა მოულოდნელად შენით იხდენ იმ ოცნებას, რისი ახდენაც არ წარმოგედგინა, ძალიან დიდი ბედნიერებით ივსები. ასეთი ბედნიერება ლატვიაში ყოფნით განვიცადე. პროექტმა ,,ახალგაზრდობის ხმა მშვიდობისათვის“ მომცა შესაძლებლობა განმეცადა ეს დაუჯერებელი და შთამბეჭდავი გამოცდილება, რომელიც არასდროს დამავიწყდება. რა თქმა უნდა, აპლიკაციის შევსებისა და მომზადების პერიოდი არ იყო ადვილი, მაგრამ როცა მიზნის მიღწევა ნამდვილად გსურს, ყველაფერს მიაღწევ. იყო ნერვიულობა და ღელვაც, თუმცა როცა შედეგს ხედავ, ყველაფერი ბათილდება. ლატვიაში გარემოს დაცვის საკითხებზე ვიმუშავეთ. მეგობრებთან ერთად წარმოვაჩინე ჩვენი ქვეყანა, კულტურა და კულინარია. ამაყი ვიყავი, როცა ჩვენი თანატოლები და პროექტის ხელმძღვანელები აღტაცებას ვერ მალავდნენ, ოვაციებს გამოხატავდნენ სიმღერისა თუ ცეკვის შემდეგ და გვთხოვდნენ უფრო მეტი გვეთქვა ჩვენი ქვეყნის შესახებ.
–რას გაგონებს შენი საქმიანობა?
-რაც უფრო მეტად ხარ ჩართული სხვადასხვა პროექტში, უფრო მეტი და მეტი გინდება. ეს ყველაფერი აზარტულ თამაშს ჰგავს, ოღონდ ისეთს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მოგებით სრულდება.
– რა არის წარმატების მისაღწევად აუცილებელი?
-ვფიქრობ, რომ წარმატების მისაღწევად საჭიროა საკუთარ თავს ვაიძულოთ კომფორტის ზონიდან გამოსვლა და დავძლიოთ შინაგანი შიში. ჩემი აზრით, წარმატება მხოლოდ დასახული მიზნის მიღწევა კი არა, არამედ საკუთარ თავთან გამარჯვებაცაა. როცა აცნობიერებ რომ წარსულში რაც შეუძლებელი გეგონა, შენით ხდი შესაძლებელს, უდიდესი სიამოვნებით ივსები. ბევრი მიზანი მაქვს, რომლის მიღწევისთვისაც შეიძლება ითქვას, ყოველდღე ვიბრძვი. მგონია, რომ მთავარი ცდაა და ამის შემდეგ, ყველაფერი ნელ-ნელა დალაგდება. ხანდახან უბრალოდ შიში გვხევს უკან, რომელიც ჩვენი მცდელობით და მონდომებით უნდა დავამარცხოთ.

–როგორ უთავსებ ერთმანეთს სხვადასხვა პროექტს?
-ყოფილა ისეთი დღეები, როცა ბევრი პროექტი თუ აქტივობა ერთმანეთს ემთხვეოდა და ძალიან გადატვირთული დღეები მქონია, მაგრამ ახლა ამ ყველაფერს დიდი სიხარულით ვიხსენებ. ახლაც ძალიან გადატვირთული გრაფიკი მაქვს. სკოლასთან ერთად, უამრავ პროექტში ჩართულობა ხანდახან რთულია, თუმცა ბოლოს, შედეგები და გამოცდილება მაკმაყოფილებს ხოლმე. მთავარია, დრო სწორად გადავანაწილო.
–რომელი აქტივობა მოგწონს?
-ძალიან მომწონს მოხალისეობა. ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი ვაკეთო მოხალისეობრივად. აკეთო კეთილი საქმე შენი სურვილით, უდიდესი სიამოვნებაა. ძალიან მინდა, რომ მოხალისეობა ბევრ ჩემს თანატოლს შეუყვარდეს და გაიაზროს ამ საქმიანობის მნიშვნელობა.
–რას ურჩევდი შენს თანატოლებს?
-თანატოლებს ვურჩევდი, რომ არასდროს შეუშინდნენ სიახლეებს და ყოველთვის გადადგან პირველი ნაბიჯი. დასახულ მიზნებზე იმუშაონ და შინაგანი შიში დაამარცხონ. მართლაც, ძალიან რთული და დატვრითულია მიზნამდე მისაღწევი გზა, თუმცა მიღებული შედეგი ყველა რთულ დროს გადაფარავს.
ყველა ჩემს თანატოლს უდიდეს წარმატებას ვუსურვებ!
–რა გამოცდილება შეგძინა პროექტებში ჩართულობამ და რას გაიხსენებდი ყველაზე მეტად?
– ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდებმა დავდგით ფორუმ-თეატრი. ფორუმ-თეატრში მონაწილეობა პირველად მივიღე. საკმაოდ რთული აღმოჩნდა მსახიობობა, რადგან ამ დროს ყველა დეტალი უნდა გაითვალისწინო, რომ შენი პერსონაჟის ემოციები ზუსტად მიიტანო მაყურებლამდე. ენით აღუწერელია ის ემოციები, რასაც როლის თამაშისას ვგრძნობდი. ამ შთამბეჭდავმა და დაუვიწყარმა გამოცდილებამ ჩემს ცხოვრებაში უკვე ბევრ რამეზე მოახდინა გავლენა.
ვფიქრობ, ისეთი აქტივობები, როგორიც ფორუმ-თეატრია, ახალგაზრდებს პიროვნულ განვითარებასა და სხვადასხვა შიშის/კომპლექსის დაძლევაში გვეხმარება. გვივითარდება კრიტიკული აზროვნება და გვეძლევა მოტივაცია, რომ ვაკეთოთ უფრო მეტი. ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ სცენაზე ვიდგებოდი, თუმცა არაფერია შეუძლებელი.

–თუ გაქვს თავისუფალი დრო და რას აკეთებ?
-თავისუფალ დროს მიყვარს ლიტერატურის კითხვა და მეგობრებთან ერთად სხვადასხვა თემაზე დისკუსია.
–რა არის შენი ჰობი?
-ბევრი ჰობი მაქვს, თუმცა გამორჩეულად მიყვარს მუსიკის მოსმენა, ფორტეპიანოზე დაკვრა და ფილმების ყურება.
–რა არის შენი უახლოესი გეგმები?
ჩემი უახლოესი გეგმა ისევ და ისევ პროექტებს უკავშირდება. ახლა უფრო მეტად კონკურსებში მონაწილეობა მსურს. გარდა ამისა, მინდა ჩემი ცოდნა თანატოლებსა და სკოლის მოსწავლეებს გავუზიარო და ამისათვის სახალისო კლუბების შექმნასა და პროექტების განხორციელებას ვაპირებ.
ნინი მადლობას გიხდი საინტერესო საუბრისთვის და შენი მიზნების ასრულებას გისურვებ.