თავის-უფლება, მშვიდობა, სიყვარული და ოჯახი – ეს არის ჩვენი რუბრიკის გმირის ცხოვრების მთავარი პრიორიტეტები. პროფესიით საზოგადოებრივი გეოგრაფია, ამასთანავე შეისწავლა საბაჟო საქმე, თუმცა, არც ერთი განხრით არაა დასაქმებული, ახალგაზრდები და მათთან მუშაობა ბედნიერებას ანიჭებს. რამდენიმე წლის წინ, მიზნად დასახული იდეა – ბოლნისელი ახალგაზრდებისთვის შეექმნა სივრცე, სადაც საკუთარი თავის რეალიზებას შეძლებდნენ რეალობად აქცია. მისაბაძი ადამიანიც ჰყავს, დედა, რომლისგანაც იმ უნარ-ჩვევებს სწავლობს, რაც ცხოვრების მანძილზე უმთავრესია. მომავალ თაობებს ურჩევს, დაეწაფონ ცოდნას, რადგან წარმატებული მომავლისკენ გზა, განათლებაზე გადის.
ჩვენ კითხვებს ანანო უგრეხელიძე პასუხობს.
–ვინ არის ანანო უგრეხელიძე?
-ანანო არის მებრძოლი, აქტივისტი, თავის საქმეზე შეყვარებული ახალგაზრდა. უყვარს მარტო ყოფნა, ყავა, ფრანგული მუსიკა და კინომატოგრაფია.
–როგორ და რატომ აირჩიე ეს პროფესია, როგორ შეხვდა ოჯახი, მოგვიყევით მათ შესახებ.
-პროფესიით საზოგადოებრივი გეოგრაფი ვარ, ახლახან დავასრულე საბაჟო საქმის შესწავლაც, თუმცა, ამჟამად არც ერთი განხრით არ ვმუშაობ. ოჯახი ჩემს გადაწყვეტილებას ძალიან კარგად შეხვდა, მათთვის მთავარია, მე მქონდეს სურვილი ამა თუ იმ საკითხის შესწავლის. ისინი ყოველთვის და ყველა სიტუაციაში გვერდში მიდგანან. სხვადასხვა სფეროები მიზიდავს, ამიტომ მუდმივად სწავლის პროცესში ვარ, შესაძლებელია, ერთი მეორესთან, სრულებითაც არ იყოს დაკავშირებული. უკვე მე-5 წელია, არასამთავრობო ორგანიზაციაში ვმუშაობ ახალგაზრდებთან, რაც ძალიან ბედნიერს მხდის.
–რა არის ამჟამად შენს ცხოვრებაში ყველაზე მთავარი?
-ახლა რომ ვუყურებ, რაც ზოგადად ჩვენს გარშემო ხდება, ვფიქრობ, ყველაზე მთავარი მაინც მშვიდობაა.
–ცხოვრებაში წარმატება ჩემთვის ნიშნავს…
-წარმატება ნიშნავს მოგებულ ბრძოლას.
–რამდენად არის დამოკიდებული წარმატება ბედნიერ შემთხვევაზე?
– წარმატებას განსაზღვრავს მიზანი, მოტივაცია და ამ მიზნისთვის მუდმივი შრომა. თუმცა, პატარ-პატარა ბედნიერი შემთხვევები, ვფიქრობ, საჭიროც არის და ხანდახან მნიშვნელოვანი წარმატების საწინდარიც.
–პრიორიტეტები…
-თავის-უფლება, მშვიდობა, სიყვარული, ოჯახი.
–როგორ ფიქრობ, პრიორიტეტები დროთა განმავლობაში შეიცვლება თუ იგივე დარჩება?
-ის რაც ზემოთ ჩამოვთვალე, არასდროს შეიცვლება. თუმცა, ცხოვრებაში შესაძლებელია მცირეოდენი ცვლილებებიც.
–შენი მიზნები, რა გიბიძგებს მიზნების შესრულებისკენ?
-რამდენიმე წლის წინ მნიშვნელოვანი მიზანი დავისახე, რადგან იმ პერიოდში ბოლნისში ახალგაზრდული სივრცე არ არსებობდა, მინდოდა შემექმნა უსაფრთხო არაფორმალური გარემო ახალგაზრდებისთვის, სადაც თავისუფლად შეძლებდნენ ერთმანეთის მოსმენას, იდეების, გამოცდილების, აზრების გაზიარებას. ან თუნდაც უბრალოდ შეიკრიბებოდნენ და დროს ერთად გაატარებდნენ, განიხილავდნენ სხვადასხვა წიგნებს, უყურებდნენ ფილმებს, დალევდნენ ყავას და ა.შ. სწორედ ამიტომ ჩემს მეგობრებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაცია „ბოლნისის ახალგაზრდული სახლი“ ჩამოვაყალიბე. დღესდღეობით 40-ზე მეტი აქტიური მოხალისე გვყავს.
ყველაზე მთავარი, რამაც მიბიძგა ამ მიზნის შესრულებისკენ, არიან თავად ახალგაზრდები, რომლებსაც ფაქტობრივად ჰაერივით სჭირდებათ მსგავსი სივრცეები. არამარტო ბოლნისში, არამედ საქართველოშიც კი ძალიან ცოტა ადგილია, სადაც ახალგაზრდებს საკუთარი თავის რეალიზების შესაძლებლობა აქვთ.
–როგორ განსაზღვრავს საკუთარ თავს წარმატება?
-უფრო მეტ მოტივაციას გმატებს, თითქოს თავიდან გმუხტავს.
–ვინ და რამ მოახდინა დიდი გავლენა შენზე?
-სხვადასხვა ადამიანები, რომლებიც ჩემს ცხოვრებაში ჩნდებიან, ოჯახი, ის მწერლები, რომლებსაც ცხოვრების განმავლობაში ვეცნობი, ის მუსიკა, რომელიც ყოველდღიურად მესმის, ის გარემო, სადაც ვცხოვრობ, ყველაფერი ეს პატარ-პატარა გავლენას ახდენს ჩემზე. თუმცა, პიროვნების ჩამოყალიბებასა და შეცნობაში დოსტოევსკის შემოქმედება ძალიან დამეხმარა და ალბათ ყველაზე დიდი გავლენაც მან მოახდინა, რადგან ჯერ კიდევ მე-9 კლასში ვიყავი, როდესაც მისით დავინტერესდი და მოგეხსენებათ, სკოლის ასაკი მნიშვნელოვანი გარდამტეხი პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში.
– რა არის შენი ცხოვრების ყველაზე გასაოცარი მიღწევა, რითაც განსაკუთრებით ამაყობ?
-ეს კითხვა ჩემი ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე რომ დამისვან, ალბათ იგივე პასუხს გავცემ – განსაკუთრებით ვამაყობ იმით, რომ შევძელი და 70-ზე მეტი ახალგაზრდა ერთი მიზნის , ერთი იდეის ირგვლივ გავაერთიანე. შევძელი და ამ ახალგაზრდების იმედები გავამართლე, მათი სურვილებისა და იდეების რეალიზებით.
–ვინ არის შენთვის მისაბაძი მაგალითი?
–დედაჩემი, რომელიც თავისი საქმის პროფესიონალია, ფაქტობრივად ყველაფერს მისგან ვსწავლობ.
–საყვარელი პოეტი, მწერალი…
-მოდი ვიტყვი, მსოფლიოს მწერალი – დოსტოევსკი. ვფიქრობ, ადამიანმა თავისი სიცოცხლის მანძილზე, ერთხელ მაინც უნდა წაიკითხოს მისი რომელიმე ნაწარმოები.
–მომიყევი მეგობრებზე, რა როლი აქვთ მათ შენს ცხოვრებაში?
-სიმართლე რომ ვთქვა, მეგობრებთან ერთად დროს ხშირად ვერ ვატარებ. ამჟამად მთელი ჩემი დრო და ენერგია, ახალგაზრდებს ეთმობა.
–შენი ყველაზე მთავარი რჩევა მომავალი თაობებისთვის, რას ეტყოდით მათ?
-მომავალი განათლებაშია. მეტი იკითხეთ, მეტი შეიმეცნეთ, ყველა რესურსი გამოიყენეთ, რაც გარშემო გაქვთ, იყავით კარგი ადამიანები.
– როგორ ქვეყანაში ისურვებდი ცხოვრებას?
–ისეთ ქვეყანაში, სადაც ყველა თანასწორია და არ სჭირდებათ ადამიანებს იმის მტკიცება, რომ მათი სიცოცხლე მნიშვნელოვანია, რომ მათი იდენტობა მხოლოდ მათ ეკუთვნით, რომ სიყვარული არის სიყვარული და ძალადობა ვერასდროს იქნება გამოსავალი.
–დაგვისახელე მომავალი წარმატებული ადამიანი, ვის ხილვასაც ისურვებდი ჩვენს რუბრიკაში, დაუტოვე კითხვა.
-ნუცა გობეჯიშვილი, ძალიან ნიჭიერი, ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში ფრანგულ ენას ასწავლის. ვფიქრობ, უნდა გაიცნოს ბოლნისმა ნუცა. ასეთ კითხვას დავუტოვებ – ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრმა რა შეცვალა მის ცხოვრებაში.
-მადლობა ანანო სასიამოვნო საუბრისთვის, წარმატებებს გისურვებ!
ავტორი:ნონა ხუზმიაშვილი