„ჩემი სამშობლო ცვლილებების გზებით – სახლის ისტორიები“ – ამ სახელწოდებით, დღეს ბოლნისის კულტურის სახლის მიმდებარე სკვერში საგამოფენო სივრცე მოეწყო. ათობით ფოტომასალაში, ჩეხეთის ძველი ისტორიულ-კულტურული შენობები და სივრცეები იყო წარმოდგენილი, რომლებსაც ადგილობრივმა ხალხმა, საკუთარი ძალებით, ახალი სიცოცხლე და ფუნქცია შემატა. ეს გამოფენა ჩეხეთში 2009 წლიდან ეწყობა და მიზნად ისახავს საკუთარი რეგიონის და ისტორიული შენობის პატივისცემასა და მასზე პასუხისმგებლობას. აღნიშნულმა გამოფენამ სტარტი „ბოლნისქალაქობა 2023“-დან აიღო და მსურველებს მისი დათვალიერება, ორი კვირის მანძილზე, კულტურის სახლის ფოიეში შეეძლებათ. ღონისძიებას ბოლნისში ადგილობრივი მერიის მხარდაჭერით „ჩეხეთის ცენტრი თბილისში“ ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ ცენტრი ბოლნისის მერიის მხარდაჭერით ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის არა ერთ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტს განახორციელებს.