ოთხშაბათი, დეკემბერი 11, 2024
spot_img

,,შემოქმედს არ უნდა ჰქონდეს საზღვრები და ჩარჩოები“ – დემეტრე ბესალაშვილი

             გაზეთი ,,ბოლნისი“ გაგაცნობთ ახალგაზრდა მხატვარს, რომელიც ბავშვობიდან   ხატავს და დღეს, საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტია,  ასევე არქიტექტორია კომპანია ,,ლენდს დეველოპმენტში’’ , ქმნის არქიტექტურულ ნახაზებს, ექსტერიერს და ინტერიერს.  თუ რატომ გადაწყვიტა მხატვრობა, ვინ არის მისი საყვარელი მხატვარი და რა უნდა  ცხოვრებისგან მიიღოს,  ამას თავად, 19 წლის დემეტრე ბესალაშვილი მოგვიყვება.

-რამდენი ხანია რაც ხატავ და რატომ გადაწყვიტე, მხატვარი გამხდარიყავი?

-მას შემდეგ, რაც ხელში ფანქრის დაჭერა შევძელი, ყოველთვის მაქსიმალურად   ვიხარჯებოდი. როდესაც დრო მოვიდა უნივერსიტეტში ჩაბარების, პროფესიულ დონეზე გადავწყვიტე ხატვის შესწავლა. მხატვრობა იმიტომ  გადავწყვიტე,  რომ  მიყვარდა  ეს საქმე, მონდომებული ვიყავი და ვფიქრობ, კარგადაც გამომდიოდა.

პირველი ნახატი

-კონკრეტულად,  პირველი ნახატი არ მახსოვს რა იყო, მაგრამ დავიწყე პეიზაჟებით, შემდგომ შენობების და ქუჩების ჩანახატებით , ქუჩაში ვაკვირდებოდი შენობებს და ჩემებური ხედვით ვცდილობდი ექსტერიერის დიზაინის დახატვას.

-სად სწავლობ ამჟამად?

-ვსწავლობ საქართველოს უნივერსიტეტში, ვარ მეორე კურსის სტუდენტი, ხატვა შემასწავლა  და უფრო შემაყვარა აკადემიის ლექტორმა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

-რომელია შენი საყვარელი მიმდინარეობა მხატვრობაში და რატომ?

-ჩემი საყვარელი მიმდინარეობა მოდერნიზმია,რადგან ყოველთვის მივისწრაფოდი თანამედროვეობისკენ,როგორც არქიტექტურაში, ასევე მხატვრობაში. თანამედროვეობა და განვითარება ყოველდღიური რიტმია ცხოვრების.

-საყვარელი მხატვარი

-საყვარელი მხატვარია  ვინსენტ ვანგოგი ,რადგან მიყვარს მისი თვალით დანახული სამყარო. მისი ნამუშევრებიდან გამოვარჩევდი ავტოპორტრეტს.  ჩემი საყვარელი არქიტექტორი არის ზაჰა ჰადიდი,  მისი ნამუშევრები  სახეა იმისა ,თუ რამდენად შორს შეუძლია ადამიანს წავიდეს.

-ქართველი მხატვარი

-ქართველი მხატვრებიდან  ნიკო ფიროსმანი, ის იყო უბრალო, კეთილი,  არ დაუმთავრებია რაიმე კოლეჯი ან უნივერსიტეტი , იყო თვითნასწავლი მინიმალისტი და ხატავდა ისე, როგორც ხედავდა. ამიტომ მისი მხატვრობა ჩემთვის ყველაზე ღირებულია.

-ნახატი, რომელსაც გამოარჩევდი

– ლეონარდო და ვინჩის მონა ლიზა,  ადამიანის  ყველა გრძნობა გადმოცემულია ერთ ნამუშევარში, ეს არის უძლიერესი ნახატი.

-თუ გიმუშავია ცოცხალ ნატურასთან

-ცოცხალ ნატურაში თითქმის ყველაფერი მაქვს დახატული, ან ჩანახატი გაკეთებული, გარდა ადამიანისა, მაგრამ უახლოეს მომავალში ვგეგმავ ნატურიდან ადამიანის ფიგურის დახატვას.

-რას ეტყოდი დამწყებ მხატვრებს?

-მხატვრობა და ხატვის ნიჭი ისეთი შესაძლებლობაა, რომელიც ბევრს არ გააჩნია, თუ ასეთი ნიჭის პატრონი ხარ, ბოლომდე უნდა გამოიყენო. კარგი მხატვრისთვის მხატვრობა შემოქმედებაა, საშუალება  ახალის შექმნის.  ვფიქრობ,  სამი რამ არის, რაც შემოქმედ ადამიანს უნდა ჰქონდეს: _ნიჭი, საქმის სიყვარული და მონდომება. თუ ეს ყველაფერი  გაქვს, მაშინ ყოვლის შემძლე ხდები.

-ყველა ცნობილ მხატვარს განსაკუთრებული ისტორია აქვს, რომელს გამოარჩევდი ამ მხრივ?

– ნიკო ფიროსმანის ისტორიას. ის  კიბის ქვეშ ცხოვრობდა, საჭმლის ფულსაც კი ძლივს შოულობდა; საღებავებს, ფუნჯებს , ტილოსა და სხვა ნივთებს, რაც საჭირო იყო ხატვისთვის, მისი მეგობრები შოულობდნენ. იგი ამართლებს ჩემს ზემოთ ნათქვამს – ნიჭი,სიყვარული და მონდომება.

-თუ ბაძავ რომელიმე მხატვარს?

–  ბავშვობაში ბევრ მხატვარს და არქიტექტორს ვბაძავდი, მაგრამ დღესდღეობით ვცდილობ, რაღაც ახლის შექმნას, რაც  ჩემი იქნება  და არა რომელიმე მხატვრის, ან არქიტექტორის  შექმნილის ანალოგი.

-რას არ დახატავდი არასდროს?

-არ არსებობს კონკრეტული რამ, რასაც არ დავხატავდი, ვინაიდან ყველაფერს შემოქმედებით ვუყურებ . ყველაფერშია რაღაც განსაკუთრებული, შემოქმედებას არ უნდა ჰქონდეს საზღვრები და ჩარჩოები.

-და ბოლოს შენი ოცნება და მიზანი

– დავიმკვიდრო სახელი, შევქმნა განსაკუთრებული რამ, რაც არასდროს მოკვდება, როგორც ბევრმა გამოჩენილმა ხელოვანმა დატოვა.

ავტორი:დარეჯან ოქრუაშვილი

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები