Homeრუბრიკებიქრისტინე იმედაძე - ერთი წლის თავდაუზოგავი შრომითა და მონდომებით მიზანი მიღწეულია

ქრისტინე იმედაძე – ერთი წლის თავდაუზოგავი შრომითა და მონდომებით მიზანი მიღწეულია

„ჩვენ ყველანი ერთმანეთს ვჭირდებით, ვართ ერთნი და ერთი ქვეყნის აღმშენებლობისთვის ვიღვწით“-ეს სიტყვები ქრისტინე გიორგაძის საქმიანობის მთავარ დევიზად იქცა. ის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანის  საჯარო სკოლის   არაქართველ მოსწავლეებს ქართულ ენას ასწავლის და მათ საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრაციაში ეხმარება. ყოველდღე გრძელ გზას გადის იმისთვის, რომ აზერბაიჯანელ ბავშვებს სახელმწიფო ენა შეასწავლოს და შეაყვაროს. მისი ყოველი  დილა 6 საათზე იწყება. მარშუტი -თბილისი-ბოლნისი  მხოლოდ მანძილი არ არის. ის ქრისტინესთვის        სიყვარულის, სიკეთის, თანადგომისა  და თავდაუზოგავი შრომის  გზად იქცა.

„ჩემი დილა იწყება 06:00 საათზე. ვემზადები, მოვდივარ თბილისიდან ბოლნისში. 09:00 საათზე გვეწყება გაკვეთილები. ვცდილობ ყოველი გაკვეთილი მოსწავლეებისთვის იყოს დასამახსოვრებელი, შევაყვარო ბავშვებს სკოლა და სახელმწიფო, ქართული ენა. ერთად ვთამაშობთ, ვცეკვავთ, ვმღერით. სოფლის სკოლაში არ გვაქვს ფუფუნება, რომ გვქონდეს თანამედროვე ტექნოლოგიები. ამიტომ სახლიდან მომაქვს კომპიუტერი, დინამიკი. სხვადასხვა შემეცნებითი თამაშები. ვიძიებ რა შეიძლება იყოს მორგებული ჩემს კლასზე. სკოლიდან ბედნიერი და დადებითი ემოციით ვბრუნდები“.

ქრისტინე გიორგაძე უკვე ერთი წელია სოფელ ჯავშანიანის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის უფროსი მასწავლებელია. სკოლის დირექტორის მაია ისიანის ინიციატივით 2025-2026 სასწავლო წელს სოფელ მუშევანში ქართული ენის სექტორი გაიხსნა. ქრისტინე კი  პირველი კლასის  პედაგოგია. ამბობს რომ, საქმე, რომელსაც ემსახურება, გარდა იმისა რომ სასიამოვნოა, ამავდროულად, საპასუხისმგებლოა. მას დიდი მისია აკისრია.

„ქართული სექტორის არსებობა აზერბაიჯანულ სკოლაში არის სასიცოცხლოდ აუცილებელი და  მნიშვნელოვანი, რადგან არის ძალიან სერიოზული ენობრივი და  კულტურული ბარიერი აზერბაიჯანულ თემში, რაც იწვევს მათ იზოლაციას ქართულ სახელმწიფოსა და საზოგადოებასთან. ენა არის უმთავრესი, რაც გვაერთიანებს. თუკი ელემენტარული საკომუნიკაციო საშუალებაც კი არ არსებობს, რთულია ინტეგრაცია, ეს აზარალებს როგორც თავად ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ასავე საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველ ხალხს, რადგან ჩვენ ყველანი ერთმანეთს ვჭირდებით, ვართ ერთნი და ერთი ქვეყნის აღმშენებლობისთვის ვიღწვით.

ჩემს მოსწავლეებს ვასწავლი ქართულ ენას, რაც ძალზე წარმატებით აჩვენა პირველმა წელმა. სწავლება თავდაპირველად მიმდინარეობდა სურათებით, სიმღერებით, თამაშით. როდესაც ელემენტარულ სასაუბრო ლექსიკას დაეუფლენ, შემდეგ გადავედით წერა-კითხვის შესწავლაზე. ჩემი  მოსწავლეები  ოჯახებში „პატარა თარჯიმნები“ არიან. ასევე მშობლებთანაც მაქვს შეთავაზება  ქართული ენის შემსწავლელი გაკვეთილების   უსასყიდლოდ ჩატარების  , რომელსაც  მომდევნო  სასწავლო წელს განვახორციელებ.“

ენობრივი ბარიერი ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ სოფლებში ხშირად დიდ დაბრკოლებებს ქმნის, როგორც ყოველდღიურ ყოფაში, ისე სოციალურ ინტეგრაციაში. სახელმწიფო ენის არასაკმარისი ცოდნა ხშირად აფერხებს მოსახლეობის სრულფასოვან ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, განათლების მიღებაში, სახელმწიფო სერვისებით სარგებლობასა და დასაქმებაში. ამიტომ არაქართულ სკოლებში ქართული ენის სექტორის როლი განსაკუთრებულია. ეთნიკური უმცირესობის  მოსახლეობისთვის ეს არის ერთგვარი ხიდი თანაბარი შესაძლებლობებისა და რეალური ინტეგრაციის.

„გამოწვევები ენის ბარიერის გამო ძალზედ სერიოზულია, რაც თავის მხრივ, ურთულებთ ადაპტირებასა და იმ ბენეფიტებით თუ უფლება-მოვალეობებით სარგებლობას, რისი სრული უფლებაც აქვთ, როგორც საქართველოს სრულუფლებიან მოქალაქეებს.“

  ერთ წლის თავდაუზოგავი    შრომითა  და მონდომებით  მიზანი  მიღწეულია. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსწავლეები სახელმწიფო ენას დიდი სიხარულითა და სიყვარულით ეუფლებიან. ამბობს, რომ  ეს ერთი წელი ადვილი არ იყო, თუმცა ყოველი წუთი ამად ღირდა .

„განვლილი ერთი წელი, სრულიად ობიექტურად შემიძლია  დადებითად შევაფასო. მოსწავლეები დაეუფლენ ელემენტარულ საკომუნიკაციო ლექსიკას, შეისწავლეს წერა -კითხვა, შეუძლიათ მოსმენილი ტექსტის გაგება -გააზრება. გარდა ენის შესწავლისა, ბავშვებს ჩამოუყალიბდათ ერთიანობის განცდა და შეუყვარდათ თავიანთი ქვეყანა. წინ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი. მოსახლეობაში ინტერესმა საგრძნობლად მოიმატა, რაზეც მეტყველებს გაზრდილი მოთხოვნა ქართულ სექტორს.“

ქრისტინე გიორგაძე არამხოლოდ ასწავლის   აზერბაიჯანელ  მოსწავლეებს   ქართულ ენას და კულტურას, არამედ  თავადაც  ეცნობა ადგილობრივების  ტრადიციებსა და ყოფას. ამბობს, რომ სოფელ მუშევანში გატარებულმა  წელმა კიდე ერთხელ   დააფიქრა იმაზე,  რომ ცხოვრება მშვენიერია და ბედნიერება წვრილმანებშია. მოსწავლეების მადლიერებითა და სიხარულით სავსე თვალები აძლევს  რწმენას, რომ პატარ-პატარა ნაბიჯებით წინ აუცილებლად წავლენ და მიზანს  მიაღწევენ.

ყოველი ახალი ქართული ენის სექტორის გახსნა კი არაქართულ სკოლებში არის კიდევ არაერთი დამოუკიდებელი მოქალაქე, რომელიც საკუთარ მომავალს და საქმიანობას საქართველოს   დაუკავშირებს.

წინა სტატია
მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები