დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის დარბაზში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიული რეზერვის შესახებ, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი, მერის მოადგილე, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და მოქალაქეები ესწრებოდნენ. საქართველოს ეროვნული გვარდიის მეოცე ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის, 204-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის ვიცე-პოლკოვნიკმა მირზა ბეჟანიძემ რეზერვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პროექტის შესახებ საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
სარეზერვო სამხედრო სამსახურში მიიღებიან საქართველოს მოქალაქეობის მქონე 18-დან 51 წლამდე პირები, მათ შორის სტუდენტები 18-დან 22 წლის ჩათვლით. მიღებისას რეზერვისტს ოთხწლიანი კონტრაქტი უფორმდება. მათი საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღემდე პერიოდს მოიცავს, რომელიც 12 თვეზე თანაბრად ნაწილდება.
აღსანიშნავია, რომ მომზადების კურსს უკვე გადიან ბოლნისელები. კურსის მთავარი მიზანია, საველე შეკრებებზე რეალური საბრძოლო უნარების შესწავლა. ტერიტორიული რეზერვის გავლის პერიოდში, მოქალაქეები უზრუნველყოფილნი არიან სოციალური და სამართლებრივი დაცვით, ასევე ინდივიდუალური სამედიცინო დაზღვევით. რეზერვში მიღება ხორციელდება რეგისტრაციისა და სამხედრო სამედიცინო შემოწმების გავლის საფუძველზე.