ოთხშაბათი, დეკემბერი 11, 2024
spot_img

11 წელი უანგარო სამსახურში- გაიცანით მოხალისე დაბა კაზრეთიდან

5 დეკემბერს, მსოფლიოში მოხალისეთა საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც 1985 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დააარსა

ამ დღესთან დაკავშირებულ აქციებში სხვადასხვა ქვეყანაში მილიონობით მოხალისე მონაწილეობს. ისინი ჩართული არიან საერთაშორისო ინიციატივებში, კონფერენციებში, გამოფენებში და ..

ადამიანთა უმრავლესობა მოხალისეობის სურვილს ეკოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით იჩენს. სტატისტიკის მიხედვით, გარემოსდაცვით ღონისძიებებში ყოველწლიურად, ყველაზე მეტი მოხალისე იღებს მონაწილეობას.

მოხალისეობა  არის შესაძლებლობა,  ყველანაირი ანაზღაურების გარეშე, სხვების დასახმარებლად  გამოიყენო შენი დრო ადამიანებისთვის  შენი დროის მცირედი ნაწილის დათმობასაც კი, შეუძლია მათი ცხოვრების გაუმჯობესება.. ჩვენ ყველას გვაქვს განსხვავებული შესაძლებლობები და ტალანტი, მათი  გამოყენება მნიშვნელოვანი და საჭიროა, რადგან ყოველთვის მოიძებნება ადამიანი, რომელიც შენს დახმარებას ელოდება.

სწორედ ასეთ,   ენერგიულ და პოზიტიურ ახალგაზრდა გოგოს გაგაცნობთ დაბა კაზრეთიდან, რომელიც მეთერთმეტე  წელია მოხალისედ მუშაობს და დაბაში სხვადასხვა სასიკეთო საქმეებს აკეთებს.

-ფიქრია, მოგვიყევი შენს შესახებ?

-ყოველთვის ცნობისმოყვარე, ემოციური და კომუნიკაბელური ვიყავი.. მაინტერესებდა ყველაფერი ყველაფერზე, განვიცდიდი და ვუთანაგრძნობდი ყველა ზღაპრის გმირს, მინდოდა დავხმარებოდი ყველას, ვისაც ეს სჭირდებოდა. ჩემს ჩამოყალიბებაში უმთავრესი როლი მიუძღვის დედას, რომელიც ბავშვობიდან მაგალითი იყო და მისი ფრაზა ფაქტობრივად ცხოვრებისეულ დევიზად იქცა ჩემთვის – ,,სხვისი გაბედნიერებით, შენც ბედნიერდები“, სწორედ ეს არის ჩემთვის მოხალისეობა..  შესაძლებლობების ფარგლებში დავეხმარო და გავაბედნიერო სხვები, რათა ეს მუხტი და ენერგია, შემდეგ კვლავ მე დამიბრუნდეს და შემავსოს.

-როგორ დაიწყო  შენი მოხალისეობის ისტორია?

-მოხალისეობას საზღვრები არ აქვს, პატარა ბავშვი როდესაც ხანდაზმულ მეზობელს პურის საყიდლად მაღაზიაში ეგზავნება, ეს არის მოხალისეობის ძალიან მარტივი და ნათელი მაგალითი.

მეთერთმეტე წელია საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ბოლნისის ფილიალის მოხალისე ვარ, უამრავ პროექტში და სოციალურ კამპანიაში მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვნად რჩება ხანდაზმულ ბენეფიციარებთან ურთიერთობა, მათთან კომუნიკაცია, მათი საჭიროებების მოსმენა, შეძლებისდაგვარი დახმარება. მათთვისაც უმთავრესია, როდესაც ხედავენ და გრძნობენ, რომ ახალგაზრდებს ახსოვთ, მათზე ზრუნავენ, უბრალოდ უსმენენ და ესაუბრებიან. არ შემიძლია არ აღვნიშნო თვითონ პროცესი, მაგალითად გვაქვს ასეთი კამპანია – ,,ტკბილეულის აქცია“ დღესასწაულებზე ვაგროვებთ ტკბილეულს ბენეფიციარებისთვის. ამ კამპანიისთვის მზადება, ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებსაც მოაქვთ ეს ტკბილეული, მოხალისეებთან ერთად დახარისხება და დარიგება დამღლელი, მაგრამ სიამოვნებისა და კმაყოფილების მომტანი პროცესია, ჯილდო კი იმ ადამიანების ანთებული და აცრემლებული თვალებია, ვისაც ეს მცირე ამანათები ჩაბარდება.

-მიუხედავად იმისა, რომ მუშაობ, რამდენად დიდ დროს მოითხოვს მოხალისეობა?

-ვცდილობ, საკუთარი თავი და დრო სხვადასხვა აქტივობებს დავუთმო და შეძლებისდაგვარად ხელიდან არ გავუშვა  სიკეთის, სასარგებლო და საჭირო საქმის კეთების შესაძლებლობები. ამიტომ, ამ დროის მანძილზე, სხვადასხვა ორგანიზაციების დახმარებით, საკმაოდ ბევრი, ჩემთვის საამაყო საქმიანობა განგვიხორციელებია მე და ჩემს გარშემო მყოფ ადამიანებს, რომელთა გარეშეც არაფერი გამოვიდოდა. აქვე მადლობა მინდა გადავუხადო  სკოლის დირექტორს, დინარა პირველს, ყველა ჩემი იდეის და წამოწყების გაზიარებისა და მაქსიმალური მხარდაჭერისთვის.

-მოხალისეობრივი საქმიანობის პერიოდში რა ღონისძიებები ჩაგიტარებია?

-გამოვარჩევდი მოძრავი კინოთეატრის და ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვის პროექტებს, ასევე პერმანენტულ დასუფთავების აქციებს. პირველის შემთხვევაში, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარებით შევიძინე გასაშლელი ეკრანი, ვითხოვე პროექტორი და მოხალისეობრივად დავდიოდით,  ვაჩვენებდით მულტფილმებსა და ფილმებს საბავშვო ბაღის აღსაზრდელებსა და სკოლის მოსწავლეებს.  შემეცნებითი და სახალისო შეხვედრები გამოგვდიოდა. ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვის პროექტს რაც შეეხება,  მცირე დაფინანსებით შევიძინეთ მასალები და დავამზადეთ სახლები ძაღლებისთვის, რომლებიც დაბაში დაიდგა. საკმაოდ აქტუალურია მიუსაფარი ცხოველების პრობლემა. სამწუხაროდ, არც რესურსია და არც შესაძლებლობა, რომ ყველას დავეხმაროთ, ამიტომ შეძლებისდაგვარად ვცდილობ ვიზრუნო და გამოვკვებო მათი ნაწილი მაინც. აქვე ვისარგებლებ  შესაძებლობით და თქვენს მკითხველებსაც ვთხოვ, ვისაც როგორ და რითიც შეგიძლიათ იზრუნეთ მიუსაფარ ცხოველებზე. განსაკუთრებულად ზამთრის ცივ ამინდებში,  ასევე აქტუალურია დასუფთავების კამპანიები, დაბა კაზრეთის №2  სკოლის მოსწავლეების აქტიური ჩართულობით, წარმატებით ვახორციელებთ მასშტაბურ აქციებს. სამწუხაროდ, პანდემიამ და კოვიდ სიტუაციამ ძალიან დიდი გავლენა იქონია ჩვენს ცხოვრებაზე. სწორედ ახლა, ამ  ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად რთულ მდგომარეობაში არის საჭირო მაქსიმალური მობილიზება და კიდევ უფრო მეტად აქტიური მოხალისეობრივი საქმიანობა ნებისმიერ სფეროში, რა თქმა უნდა, რეგულაციებისა და რეკომენდაციების დაცვით.

-ალბათ რთულია გახდე მოხალისე ,თუ ეს შენი მოწოდება არაა?

-მოხალისეობა არ არის მარტივი, მოითხოვს დროს, ენერგიას და ხშირად ფიზიკურ ძალასაც, მაგრამ მერწმუნეთ შედეგი ამად ღირს, ამიტომ მოვუწოდებ ყველას, გამონახეთ თუნდაც სულ მცირე დრო, მიიხედ-მოიხედეთ თქვენს გარშემო და დაინახავთ, რამდენ საკითხში შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი რესურსი მნიშვნელოვანი. აქვე მინდა გთხოვოთ, დააფასეთ მოხალისის შრომა და არა მარტო. დაინახეთ და გაუფრთხილდით, თუნდაც მცირედს, რაც კეთდება და წვლილი შეიტანეთ ამ გაკეთებულის შენარჩუნებაში.

-სამომავლოდ თუ აპირებ სხვების დახმარება, ასე აქტიურად გააგრძელო?

– არ ვიცი, რა იქნება მომავალში, რათქმაუნდა ბევრი გეგმა და იდეა მაქვს, თუმცა კოვიდ პანდემიამ დაგვანახა, რამდენად არამდგრადი შეიძლება იყოს ჩვენი გეგმები, ამიტომ მხოლოდ ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, რაც არ უნდა ხდებოდეს, რა დროც არ უნდა გავიდეს, ფიქრია როგორც მოხალისე, მაქსიმალურად ეცდება იყოს იქ, სადაც მისი თავი სჭირდებათ.

ავტორი: მაგდა დევნოზაშვილი

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები