გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვემო ქართლში, არახლოსა და რანჩპარის მაგისტრალური არხების რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის ღირებულება 2 627 500 ლარია. სამუშაოების განხორციელების შედეგად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ბალახაურში, ხიდისყურსა და ნახიდურში 810 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება. სამუშაოების ფარგლებში, ორივე არხი გასუფთავდება ხე-ბუჩქნარისაგან. არახლოს არხზე მოეწყობა 6,3 კმ სიგრძის რკინაბეტონის არხი, ხოლო რანჩპარის 3 კმ გრუნტიანი არხი საპროექტო ნიშნულამდე აღდგება. ასევე, ორივე არხზე მოეწყობა სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობები. მიმდინარე სამუშაოებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი დავით წითლიძე, რეგიონალური სამსახურის უფროსი დავით კიკოლაშვილი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი ადგილზე გაეცნენ. ქვემო ქართლის რეგიონში ბოლო 9 წლის განმავლობაში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 60 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა, რის შედეგადაც რეგულარულ სარწყავში გადასაყვანი მიწის ფართობი გაიზარდა 32,570 ჰექტარით, ხოლო მიწების წყლით უზრუნველყოფა გაუმჯობესდა 24,820 ჰექტარზე. დღეისათვის 6,5 მლნ ლარის ღირებულების 4 პროექტი მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ რეგულარულ სარწყავში გადასაყვანი მიწის ფართობი გაიზრდება 2500 ჰექტარით, ხოლო მიწების წყლით უზრუნველყოფა გაუმჯობესდება 810 ჰექტარზე.