Homeსაზოგადოება„სიმღერა ჩემი სულის ნაწილია“-იზოლდა ფიფია,მეგრული სიმღერების უბადლო შემსრულებელი

„სიმღერა ჩემი სულის ნაწილია“-იზოლდა ფიფია,მეგრული სიმღერების უბადლო შემსრულებელი

იზოლდა ფიფია-მეგრული სიმღერების უბადლო შემსრულებელი, ადამიანი, რომლის ხმაშიც კოლხური გენის გამოძახილია

 ის ბავშვობიდან მღერის. წლებთან ერთად მომღერლის ხმა  უფრო გამორჩეული, ტკბილი და დამაჯერებელი გახდა. სცენა და სიმღერა კი მისი სულის ნაწილად იქცა.

ქალბატონი იზოლდა იყო ერთადერთი ქალი  ანსამბლ „ერისიონში“. მის მიერ შესრულებული 12 სიმღერიდან 3 „მსოფლიო ფონდის ოქროს დისკშია“ შეტანილი, რაც ქართული ფოლკლორისთვის მნიშვნელოვანი აღიარებაა.

კოლხი ქალბატონი დიდმა სიყვარულმა ბოლნისში მოიყვანა. სოფელი ტანძია მისთვის მშობლიური გახდა.სწორედ აქ გაატარა ცხოვრების ყველაზე ბედნიერი და ტკბილი წლები ოჯახთან, შემოქმედებასთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად.

პროფესიონალ მომღერლად მის ჩამოყალიბებაში,  მეუღლეს გაბრიელ დემურაძეს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის,რომლის მხარდაჭერამ და რწმენამ, იზოლდა ფიფიას შემოქმედებით გზას, მტკიცე საფუძველი მისცა. მისი სიმღერა დღემდე  -სევდით, სიამაყით  და  სიყვარულით სავსე მეგრულ სულს ატარებს.

-მოგესალმებით, ქალბატონო იზოლდა. მადლობას გიხდით,  რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე.

-ვინ არის იზოლდა ფიფია, როგორ წარუდგენთ ერთი ფრაზით თავს გაზეთ „ბოლნისი“-ს მკითხველს?

-იზოლდა ფიფია არის ქალი, დედა და მომღერალი.

-ქალბატონო იზოლდა, თქვენ ბრძანდებით მეგრული სიმღერების უბადლო შემსრულებელი, აგრძელებთ უნიკალურ ტრადიციას, არაჩვეულებრივად წარმოაჩენთ მშობლიურ მხარეს – ­სამეგრელოს. ვიცით, რომ ბავშვობიდან მღერით. როდის მიხვდით, რომ სიმღერა თქვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო?

– დავიბადე ექიმების ოჯახში, მაგრამ ჩვენთან სიმღერას განსაკუთრებული ადგილი ეკავა.  ყველა მღეროდა. მეც სიმღერა ადრეული ასაკიდან დავიწყე და შევიყვარე. ჩვენი სოფელი (წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, სოფელი მუჟავი) მთაგორიანი ადგილია. ბავშვობაში არ დამიტოვებია არცერთი გორაკი და ქვა, რომ არ დავმჯდარიყავი და მემღერა. ისე ხმამაღლა ვმღეროდი, მთელ სოფელს ესმოდა, ასე  ვატარებდი კონცერტებს.

სკოლაში სწავლის დროსაც სხვადასხვა საბავშვო ანსამბლებში ვმღეროდი. ხშირად ოლიმპიადებზეც ვიღებდი  მონაწილეობას და თანაც წარმატებით. ასე თანდათან იქცა სიმღერა ჩემი სულის ნაწილად.

-წალენჯიხა, ეს არის მხარე, სადაც თითქმის ყველა მღერის. რამდენად განსაზღვრა გარემოცვამ, ოჯახმა თქვენი მომავალი პროფესია?

-დიახ, როგორც გითხარით, ჩემს ირგვლივ ყველა მღეროდა-მშობლები, და-ძმა. სწორედ ამ გარემოცვამ განაპირობა ჩემი უდიდესი სიყვარული მეგრული  სიმღერებისადმი.  როდესაც   პროფესიის არჩევაზე მიდგა ჯერი, ოჯახი წინააღმდეგი იყო, დედას უნდოდა  მისი საქმიანობა გამეგრძელებია, ადამიანების ჯანმრთელობის სამსახურში დავმდგარიყავი. სიმღერას მეორეხარისხოვნად მიიჩნევდა. დღეს რომ პროფესიონალი მომღერალი ვარ, ეს ჩემი მეუღლის უდიდესი დამსახურებაა.

-იყო თუ არა სიმღერასთან კავშირში  ოჯახის შექმნა?

-წალენჯიხაში მიმდინარეობდა ენგურჰესის მშენებლობა. საქართველოს ყველა კუთხიდან იყვნენ ჩამოსული ახალგაზრდები, მათ შორის იყო ჩემი მომავალი მეუღლეც – გაბრიელ(ბადრი)დემურაძე. აქედან იწყება ჩვენი სიყვარულის ამბავი.

იმ დროს ვმღეროდი წალენჯიხის ქალთა ანსამბლ „მაფშალია“-ში. პარალელურად ვმუშაობდი კულტურის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელად. მეუღლე ხედავდა ხელოვნებაში ჩემს შესაძლებლობას. ხელი შემიწყო განათლება მიმეღო. ჩავაბარე სერგო ზაქარიაძის სახელობის  სამუსიკო სასწავლებელში, რის შემდეგაც სწავლა გავაგრძელე შოთა რუსთაველის თეატრალურ ინსტიტუტში.

იზოლდა ფიფიას სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფოლკლორულ ანსამბლებში უწევდა   მოღვაწეობა. „ერისიონი“, „კელაპტარი“, „რუსთავი“, „იავნანა“ – ეს იმ ანსამბლთა არასრული ჩამონათვალია , სადაც ქალბატონ იზოლდას მოუწია  სოლისტობა. ამჟამად  კი კვარტეტ „კესანეში“ლელა თათარაიძესთან, მარინა გიორგაძესა  და რუსუდან ჯოჯუასთან ერთად მღერის. თითოეულმა ანსამბლმა, მის განვითარებასა და პროფესიულ ზრდაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა.  მომღერლის  შემოქმედებითი გზა გრძელი და საინტერესოა.

-სახელმწიფო ანსამბლ „ერისიონმა“გამოაცხადა კონკურსი ერთი ქალის მიღებაზე. არჩევანი ჩემზე შეაჩერეს, რადგან სიმღერასთან ერთად ჩონგურზე დაკვრაც შემეძლო (ჩონგურზე  დაკვრა დედამ მასწავლა). შემდეგ იყო „კელაპტარი“.  პარალელურად,  მიწვევით ვმღეროდი ანსამბლ „რუსთავში“. სწორედ “რუსთავთან“ ჩაწერილი 3 სიმღერა: „არამედო შარიქა“, „მახარია“ და „სისა ტურა“,  „მსოფლო ფონდის ოქროს დისკშია“ შეტანილი.

2002 წლიდან ვმღერი კვარტეტ „კესანეში“.  ყველაზე მეტად აქ ვიპოვე საკუთარი თავი, სადაც ლელა თათარაიძე, მარინა გიორგაძე და რუსუდან ჯოჯუა მიდგანან გვერდით, თავს მეტად დაცულად და ბედნიერად ვგრძნობ.

თითოეულმა ანსამბლმა,  სადაც  კი მიმოღვაწია,  რაღაცა მასწავლა, გამზარდა და მაქცია იმ ადამიანად, ვინც ვარ დღეს.

უდიდეს კორიფეებთან მომიწია მუშაობა, რაც ერთიორად საამაყოა. არ დამავიწყდება ანსამბლ „რუსთავში“ რეპეტიციების დროს, ანზორ ერქომაიშვილს ჩემს ნამღერზე თვალზე ცრემლი ადგებოდა. ჯემალ ჭკუასელი „ვაგუყორქოს“მეძახდა. ბატონი ომარი მეტყოდა: შენ შემაყვარე სამეგრელოო. ამაზე დიდი ბედნიერება რა არის?

ამბობს, რომ ჩონგურით ხელში მსოფლიო მოიარა,  არაერთ ქვეყანაში გაიტანა ქართული გენი,  კოლხური ტრადიციები. მის მიერ შესრულებულმა სიმღერებმა შეუძლებელია მსმენელი გულგრილი დატოვოს, მით უფრო, თუ  აუდიტორია ემიგრანტებისგან შედგება. ამ დროს,  ეს უბრალოდ მუსიკა არ  არის, ეს არის სამშობლოს სითბო, მონატრება და ფესვებთან დაბრუნების განცდა.

-უამრავ კონცერტზე მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ ჩემთვის დაუვიწყარი იყო იტალიაში და საბერძნეთში ემიგრანტებისთვის ნამღერი. იყო ბევრი ცრემლი და ემოცია. ეს სიმღერები თითქოს ხიდად იქცა, რომელიც საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს აკავშირებს.

-მეგრული სიმღერის მოსმენისას, ხშირად ტექსტის სიტყვები, შინაარსი არ გესმის, როცა მეგრული არ იცი, მაგრამ ნებისმიერ მსმენელს მონუსხავს თავისი ლირიულობით.

-რა არის ის მთავარი მუხტი, რომელიც ასე ხიბლავს ყველას?

-მეგრული სიმღერების განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ერთდროულად არის მასში სევდა, დიდი სიყვარული და მელოდიურობა. საფრანგეთში გამართულ  კონცერტებზე ფრანგმა მსმენელმა, თარჯიმანზე უარი განაცხადა. მელოდიით ვიგებთ, რასაც მღერიანო.

როდესაც მეგრულ სიმღებს ვმღერი, თვალწინ მეხატება ჩემი სოფელი, ბავშვობა, საუკეთესო წუთები. ამ ყველაფერს სხვაც რომ იზიარებს, ეს მახარებს და მაბედნიერებს.

იზოლდა ფიფიას კარიერული გზა მრავალი ტიტულითა და ჯილდოთი არის გამორჩეული. თუმცა თავად მომღერლისთვის ყველაზე დიდი და ფასეული საჩუქარი მაინც ხალხის სიყვარულია-ის გულწრფელი აღიარებაა, რომელიც თან ახლავს მის ხმას და შემოქმედებას.

-2007 წელს, ეროვნული მუსიკის საუკეთესო შესრულებისთვის, მომანიჭეს „წლის საუკეთესო ადამიანის“  წოდება.  2018 წელს მწერალთა კავშირმა „კულტურის ამაგდარი“-ს სტატუსი მარგო წილად. ვარ ჩემი რაიონის საპატიო მოქალაქე. საფრანგეთის  ჟანა დარკის მშობლიურ ქალაქ დომრეში, გამართულ ფესტივალზე   მონაწილეობისთვის, მივიღე საპატიო მოქალაქის წოდება, მაგრამ ყველაზე დიდი ჯილდო  ჩემთვის მაინც ხალხის სიყვარულია.

-როგორც თავში ვთქვით, თქვენი სიმღერისადმი სიყვარული  ოჯახმა განაპირობა, თავად თქვენი როლი როგორია, შვილები  და შვილიშვილები აგრძელებენ თქვენს საქმიანობას?

-მყავს ორი შვილი, ოთხი შვილიშვილი  და ერთი შვილთაშვილი. სამწუხაროდ, არცერთი მათგანი ჩემს საქმიანობას, სიმღერას არ გაჰყვა .თუმცა შვილები წლების განმავლობაში ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ერისიონში“ცეკვავდნენ. მეუღლე, რომელიც ჩემი შემოქმედების ყველაზე დიდი გულშემატკივარი  და ჩემი ცხოვრების აზრი იყო, გარდაიცვალა. ამ მძიმე დროსაც სიმღერამ გადამარჩინა  და ვაგრძელებ იმ საქმეს, რომელიც მას ასე აბედნიერებდა.

ტანძია ჩემთვის უძვირფასესი ადგილია, სადაც ჩემი მეუღლე დაიბადა და გაიზარდა. ჩვენი ცხოვრების ნახევარზე მეტი ამ სოფელში  ტკბილად გავატარეთ.

-თუ არა მომღერალი, ვინ იქნებოდა იზოლდა ფიფია?

-თავიდან რომ მომეცეს საშუალება პროფესიის არჩევის, ისევ მომღერლობას ავირჩევ, რადგან სიმღერა ჩემი სულის ნაწილია.

მაია გავაშელი

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები