ყველა ჩვენგანი შესწრებია ალბათ ისეთ მოვლენებსა თუ სიტუაციებს, როცა ადამიანი გასაჭირშია და დახმარებას საჭიროებს, ამ დროს ბევრმა არ იცის როგორ მოიქცეს. თუმცა არიან კატეგორია ადამიანებისა, რომლებიც ყოველგვარი ფიქრის გარეშე უყოყმანოდ და დაუფიქრებლად აკეთებენ სიკეთეს ისე, არც რაიმე ჯილდოს ელიან და არც იმას, რომ სხვებმა შეამჩნიონ და გმირად გამოაცხადონ. მათ მხოლოდ სხვისი დახმარების სურვილით გამოწვეული ემოცია ახარებთ. სწორედ ასეთ ადამიანებზე გიამბობთ, რომელებიც სხვების გახარებით თავადაც ბედნიერები არიან.
„სიკეთის კეთება მარტივია, ყველაფერი ფულით არ იზომება, გაუღიმე, თბილად მოიკითხე, გაეცი სითბო და სიყვარული“ – ზუსტად ამ შემართებით და იდეით, ხუთი წლის წინ, დაბა კაზრეთში მცხოვრები რამდენიმე ახალგაზრდა გაერთიანდა, სხვების დახმარება და გვერდში დგომა მიზნად დაისახეს, თანამოაზრეები შემოიკრიბეს და არაერთი საქველმოქმედო აქცია განახორციელეს, სახელი სიმბოლურად „მონაგარი“ დაირქვეს.
ფონდი „მონაგარი“ ხუთი წლის გახდა, იუბილე ახალგაზრდებმა იმ ადამიანებთან ერთად აღნიშნეს, რომლებიც სხვების დახმარებისთვის გაერთიანდნენ და სხვადასხვა სახის შემოწირულობა გაიღეს.
„ფონდის დაარსების იდეა 2017 წელს გაჩნდა. დაბა კაზრეთის ტაძრის მაშინდელი მოძღვარის, მამა არჩილ ქიტუაშვილის ლოცვა-კურთხევით დავიწყეთ ეს საქმე. დრო დაგვჭირდა საზოგადოებამდე მიგვეტანა სათქმელი, თუმცა, ჩვენს ჩანაფიქრს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, განწყობა და ნდობა მოვიპოვეთ. მას შემდეგ ვცდილობთ იმ ადამიანების დახმარებას, ვისაც დღეს ყველაზე მეტად უჭირს. საბედნიეროდ, კეთილი ადამიანები ჩვენს გარშემო ძალიან ბევრია. ხუთი წლის განმავლობაში 50-ზე მეტი საქველმოქმედო აქცია განვახორციელეთ, ჯამში ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტებში 350 ოჯახს გავუწიეთ დახმარება“. – აღნიშნა ფონდი „მონაგარის“ დამფუძნებელმა გელა ცხოვრებაძემ.
ფონდი „მონაგარი“, საქველმოქმედო აქციების გარდა, სხვადასხვა სახის აქტივობებსაც ახორციელებს. შემოწირულობით საგანმანათლებლო სახის აქციაც ჩაატარეს, რომლის ფარგლებშიც სკოლების ბიბლიოთეკებს ახალი წიგნები შეუძინეს.
„ვცდილობთ, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში და მათი დახმარებით, ვისაც კეთილი საქმის კეთების სურვილი აქვს, გავახაროთ ადამიანები. თუმცა, სიკეთის კეთება მხოლოდ მატერიალური დახმარება არაა, ეს სხვადასხვა ფორმითაცაა შესაძლებელი. თუნდაც კეთილი სიტყვით, გაღიმებით, ფიზიკური დახმარებით, ადამიანებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვცდილობთ არ დავივიწყოთ ხანდაზმულები და ღვაწლმოსილები. მასწავლებლის საერთაშორისო დღე მივულოცეთ დაბა კაზრეთისა და ბალიჭის ღვაწლმოსილ პედაგოგებს, არასოდეს დამავიწყდება მათი გაბრწყინებული სახეები“.
სამომავლოდ, ფონდი „მონაგარი“, რამდენიმე გრძელვადიან, ფართომასშტაბიან პროექტის განხორციელებას ფიქრობს, რისთვისაც ისევ და ისევ კეთილი ადამიანების გვერდში დგომა სჭირდება, ფონდი შეჭირვებული ოჯახებისთვის კურსების ჩატარებას გეგმავს, სხვადასხვა სახის პროფესიას შეასწავლიან, რაც შემდგომ მათ დასაქმებას შეუწყობს ხელს. „მონაგარმა“, წინასწარი გამოკითხვის შედეგად, რამდენიმე ხელსაქმე უკვე შეარჩია და პროექტი დამუშავების ეტაპზეა.
„გავუწოდოთ დახმარების ხელი ერთმანეთს და ვაკეთოთ სიკეთე“ – ამ დევიზით, ისევ აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას და დარწმუნებული ვარ, ერთად კიდევ მრავალი ადამიანის დახმარებას და გახარებას შევძლებთ“.
მაგდა დევნოზაშვილი