იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა დაიწყო. სააგენტოს წარმომადგენლებმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს კახა კობერიძეს, მუნიციპალიტეტის მერს დავით შერაზადიშვილს, მოადგილეებსა და მერიის წარმომადგენლებს, მიწის სისტემური რეგისტრაციის მიმდინარეობა დეტალურად გააცნეს.
სამუშაო შეხვედრას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ ბოხაშვილი და სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მხარეებმა ასევე განიხილეს მიწის სისტემური რეგისტრაციის მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები. რეფორმის ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი აიზომება. მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში ხორციელდება.
(გარდა თვითმმართველი ქალაქებისა და ოკუპირებული ტერიტორიებისა).
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, 2022-2024 წლებში, გეგმა-გრაფიკის მიხედვით აზომავს და კერძო, სახელმწიფო, ან მუნიციპალურ საკუთრებაში დაარეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს. აღსანიშნავია, რომ პროექტით სარგებლობა არის სრულიად უფასო. შეიქმნება ერთიანი ზუსტი კადასტრული და სამართლებრივი სურათი (რუკა). ასევე განვითარდება უძრავი ქონების ბაზარი.
მიწის სისტემური რეგისტრაცია 2024 კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: slr.napr.gov.ge/schedule