პარასკევი, დეკემბერი 13, 2024
spot_img

საქართველოს ბავშვთა და საგუნდო კოლექტივების VI ეროვნულ კონკურსზე ბოლნისის გუნდების წარმატებული გამოსვლა

ბოლნისის თანამედროვე ისტორიაში, ხელოვნების სფეროში კიდევ ერთი ვერცხლის მედლის მოპოვების ისტორია ჩაიწერება. ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი „ბოლნისი“, ქორმეისტერ ნინო დვალიშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების VI ეროვნულ კონკურსში, აკადემიური გუნდის კატეგორიაში წარმატებული მონაწილეობისთვის, ვერცხლის მედლით და ლაურეატის წოდებით დაჯილდოვდა. ლაურეატის წოდება და მე-2 ადგილი დაიკავა ასევე  N5 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა ხათუნა ბერძენაძის ხელმძღვანელობით.

საქართველოს საგუნდო საზოგადოების ინიციატივით, მიმდინარე წელს, უკვე მეექვსედ გაიმართა ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების ეროვნული კონკურსი, რომლის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ქ.თბილისის მერია, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი და რამდენიმე სახელმწიფო მუსიკალური ორგანიზაცია.

ეროვნული კონკურსი, საქართველოს მასშტაბით, ორ ტურიანი იყო და მასში  6-35 წლამდე ასაკიანები იღებდნენ მონაწილეობას. კონკურსის პირველი ტური რეგიონებში, მეორე  კი თბილისში ჩატარდა, სადაც  აკადემიური მუსიკის კატეგორიას, უცხოეთიდან მოწვეული დირიჟორთა შემადგენლობა, ხოლო ფოლკლორისა და საეკლესიო გალობის კატეგორიას საქართველოს სახელმწიფო ფოლკლორის ცენტრის წარმომადგენლები აფასებდნენ.

საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების ეროვნული კონკურსი რამდენიმე წელია იმართება და მისი მიზანია: აკადემიური საგუნდო სიმღერების პოპულარიზაცია, ეროვნული სასიმღერო ტრადიციების დაცვა, საგუნდო კოლექტივების მხარდაჭერა და განვითარება, საშემსრულებლო დონის ამაღლება, მონიტორინგი, სამუშაო გამოცდილებისა და რეპერტუარის გაზიარება, შემოქმედებითი კავშირების დამყარება, ქართველ კომპოზიტორთა შემოქმედების პოპულარიზაცია, ახალგაზრდა ნიჭიერ ქორმაისტერთა წარმოჩენა და წახალისება.

აღნიშნული კონკურსი არის ერთადერთი ევროპული ტიპის, რომელიც სპეციალურად შექმნილი სქემითა და შეფასების კრიტერიუმებით მიმდინარეობს. ჟიური მონაწილეებს სამ კატეგორიაში, აკადემიურ საგუნდო სიმღერაში, ქართულ ხალხურ სიმღერაში და ქართულ გალობაში  ქულების ოდენობის შესაბამისად აფასებდა. კოლექტივებზე გაიცა ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები და გამოვლინდა გრამპრის მფლობელი გუნდების ვინაობაც. საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების VI ეროვნული კონკურსის გამარჯვებული მონაწილეების დაჯილდოება და გალა კონცერტი ქ.თბილისში, სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში  გაიმართა. სხვადასხვა კატეგორიებსა და ნომინაციებში გამარჯვებული გუნდები თავად ჟიურის წევრებმა დააჯილდოვეს. აღსანიშნავია, რომ ეროვნულ კონკურსში ქვემო ქართლის მასშტაბით, მხოლოდ ბოლნისი 2 გუნდით N5 საჯარო სკოლის ხათუნა ბერძენაძის და კულტურის სახლთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი „ბოლნისი“, ნინო დვალიშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობდნენ. ანსამბლი „ბოლნისი“ ვერცხლის მედლითა და ლაურეატის წოდებით, ხოლო N5 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი მეორე ადგილით და ლაურეატის წოდებით დაჯილდოებულები დაუბრუნდნენ ქალაქს.

ნინო დვალიშვილი, კულტურის სახლთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი „ბოლნისი“-ს ხელმძღვანელი:

-დიდი მადლობა საგუნდო საზოგადოებას, ეროვნულ კონკურსს, სადაც ჩვენ, ბოლნისის მოყვარულთა გუნდმა მივიღეთ მონაწილეობა და აკადემიური გუნდის კატეგორიაში დაგვაჯილდოვეს ვერცხლის მედლით, ეს უკვე მეორე ვერცხლის მედალია, ეს ყველაფერი ბავშვებს დიდ მოტივაციას აძლევს, რომ განვითარდეს ჟანრი და უფრო ამაღლდეს გუნდის ხელმძღვანელების ხარისხი მუშაობის პროცესში. მადლობელი ვარ   ბავშვების, კულტურის სამსახურის, მუნიციპალიტეტის და ყველასი, ვინც ხელი შემიწყო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.  ეროვნული კონკურსი ხელს უწყობს საგუნდო მუსიკის პოპულარიზაციას, ჩვენთვის,  მნიშვნელოვანია ხარისხზე მუშაობა, ყოველი წარმატება მოტივაციას უმაღლებს ბავშვებს და საინტერესო ხდება სამუშაო პროცესი.

ხათუნა ბერძენაძე, ბოლნისის №5 საჯარო სკოლის გუნდის ხელმძღვანელი:

– კონკურსში მონაწილეობა მიიღო N5 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა. უნდა აღინიშნოს სკოლის გუნდის არაერთი წარმატება და მონაწილეობა მსგავს კონკურსებსა და ფესტივალებში, გუნდში 30 მოსწავლეა. ვასწავლით ქართულ ხალხურ სიმღერებს. მე, როგორც რიგით ქართველს, მიმაჩნია, რომ მომავალი თაობები სწორედ ასეთი სულისკვეთებით უნდა აღიზარდონ, ვაზიაროთ ქართულ ფოლკლორს. კონკურსში ჩვენმა გუნდმა მიიღო ლაურეატის წოდება და მე-2 ადგილი. მადლობა მინდა გადავუხადო N5 საჯარო სკოლის დირექტორს, ქალბატონ მადონა ლომსაძეს თანადგომისა და მზრუნველობისთვის.

შიო აბრახამია, საქართველოს საგუნდო საზოგადოების სამეგრელოს ფილიალის ხელმძღვანელი:

-მოგეხსენებათ კონკურსი სამ კატეგორიაში წარიმართა და თითოეული გამარჯვებული კატეგორია დააჯილდოვა ჟიურიმ. ჩვენთვის საამაყო და სასიხარულოა, რომ  ესწრებოდა სტუმარი ავსტრიიდან, დირიჟორი, რომელიც ამ დღეებში ჩაატარებს მასტერკლასებს. მინდა მივულოცო ყველა გამარჯვებულს ნომინაცია და განსაკუთრებით ანსამბლ „ბოლნისს“, რომელსაც აკადემიური გუნდის კატეგორიაში მიენიჭა ვერცხლის მედალი და ლაურეატის წოდება.  ბოლნისიდან საგუნდო კოლექტივი კონკურსზე განსაკუთრებით გამოირჩეოდა, მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები სამუსიკო სკოლაში დაკავდნენ და შეიყვარონ ქართული პროფესიული საგუნდო მუსიკა.

რუსუდან თაყაიშვილი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, მუსიკის ექსპერტ-კონსულტანტი:

-ჩემი ორგანიზაცია დაარსების დღიდან არის ამ კონკურსის მხარდამჭერ ორგანიზაციათა რიცხვში, ეს გამოიხატება მასტერკლასების,  საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზებაში და რაც მთავარია, გამარჯვებული კოლექტივების წახალისებაში. ეს არის  შესანიშნავი წამოწყება, რომელიც დროთა განმავლობაში უფრო ძლიერდება. ამ კონკურსის ხათრით შეიქმნა ძალიან ბევრი კოლექტივი, რომლებიც დღეს უკვე წარმატებული არიან და საგუნდო ატმოსფეროს ქმნიან ჩვენს ქვეყანაში.

 მადლობას ვუხდი საგუნდო საზოგადოებას იმიტომ, რომ  დიდი მოძრაობა დაიწყო.

ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ ფორუმში ვერცხლის მედლის მოპოვება. მე ვიყავი მეორე შემოქმედებით ტურზე,  ბოლნისი არაჩვეულებრივად გამოვიდა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ქოლმეისტერ ნინო დვალიშვილს და ვულოცავ ამ დიდ წარმატებას.

ლიანა ჭონიშვილი, პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი, საქართველოს საგუნდო საზოგადოების თავმჯდომარე:

-დღეს არის საზეიმო გალა კონცერტი, დაჯილდოება VI ეროვნული კონკურსისა, რომელიც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით იმართება,  ეს კონკურსი საშუალებას აძლევს ყველას, თავი გამოავლინოს.  დიდი მოწონება დაიმსახურა ბოლნისის გუნდმა, არაჩვეულებრივი ბავშვები არიან. ძალიან მუსიკალურები.  მინდა წარმატება ვუსურვო ქალბატონ ნინო დვალიშვილს, რომელიც ყოველთვის ერთვება ჩვენს კონკურსებში და წარმატებებით ბრუნდებიან უკან.

ნონა ხუზმიაშვილი

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები