ხელოვნებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება, შემოქმედებითობა და სამუშაო პროცესის სიყვარული, ნათია კობალაძისთვის ყოველდღიური რუტინაა, რომელმაც ბავშვობიდან აიღო სათავე. მისი მრავალფეროვანი ნამუშევრები განსაკუთრებული დამოკიდებულებითა და სიყვარულითაა შექმნილი. სამუშაო პროცესში ხარისხს, კონტრასტულ და მკვეთრ ფერებს ანიჭებს უპირატესობას. ქარგვა, ქსოვა, კერვა, ხატვა და სხვადასხვა სახასიათო თოჯინების შექმნა, ნათიამ ბავშვობიდან დაიწყო. თითოეული ნივთის მიმართ ინდივიდუალური დამოკიდებულება აქვს, რომელიც ენერგიით ავსებს და აბედნიერებს.
გაზეთი ,,ბოლნისი“ კვლავ აგრძელებს ახალგაზრდა ნიჭიერი , შემოქმედებითი ადამიანების მოძიებას და ფართო საზოგადოებისთვის მათ გაცნობას. ამჯერად, სასულიერო სკოლის ხელოვნების პედაგოგზე, ნათია კობალაძეზე გიამბობთ, რომელსაც მოსწავლეების სიყვარული და ადამიანების გახარება აბედნიერებს. 17 წელია, რაც ნათია კობალაძემ, თავისი ცხოვრება ბოლნისს დაუკავშირა. ბავშვობა და ახალგაზრდობა აჭარაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვში გაატარა და როგორც თავად აღნიშნავს, ინსპირაციის წყარო ლურჯად მოლივლივე ზღვა და ის გარემო იყო, სადაც დაიბადა და გაიზარდა.
ნათია, ხელოვნებისადმი თქვენი სიყვარული ბავშვობიდან მოდის, რამ განაპირობა ეს?
როგორც ჩემი ახლობლები აღნიშნავენ, სრულიად პატარა, ოთხი თუ ხუთი წლის ასაკში, ხელმარჯვეობით და ხელოვნებისადმი დიდი ინტერესით გამოვირჩეოდი. თავდაპირველად ქსოვით, ქარგვითა და კერვით ვიყავი გატაცებული. მეექვსე კლასში აღმოვაჩინე ჩემში ხატვის ნიჭი, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ხელოვნების მასწავლებელს.
ნათია, რას ანიჭებთ უპირატესობას სამუშაო პროცესში?
მინდა ჩემი ნამუშევრებით ადამიანები გავაბედნიერო. სწორედ ამიტომაა თითოეული მათგანი სიყვარულით შექმნილი, მუშაობისას ხარისხს და ფერებს ვანიჭებ უპირატესობას. ყველა ნივთი საყვარელი და განსაკუთრებულია, მასში მთელ ენერგიას ვდებ და უკან ასმაგად მიბრუნდება.
როგორც ვიცი, არაერთ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაში გაქვს მონაწილეობა მიღებული, ასევე ჩართული ხარ, სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში
რა თქმა უნდა, ხშირად ვერთვები სხვადასხვა აქტივობებში, რაც ანვითარებს ჩემს პროფესიულ უნარებს და მუდამ ვარ ტონუსში იმისთვის, რომ ვისწავლო და დავეუფლო ხელოვნების ახალ ტექნოლოგიებს.
როგორი პედაგოგია ნათია კობალაძე?
ბავშვებთან ურთიერთობა, ძალიან სასიამოვნო, საინტერესო და საპასუხისმგებლო გამოწვევაა, ყველაზე დიდ ბედნიერებას მათი მიღწევები და განვითარებისკენ წინ გადადგმული ნაბიჯები მანიჭებს. ვფიქრობ, ბავშვებთან მუშაობისას, უნდა გაითვალისწინო მათი ინდივიდუალური საჭიროებები, გქონდეს უპირობო სიყვარული და მეგობრული დამოკიდებულება. სკოლაში ჩემი ათწლიანი მოღვაწეობა უანგაროა.
რა არის ხელოვნება შენთვის?
ხელოვნება ჩემთვის ყველაფერია, მავსებს ენერგიით, მაბედნიერებს და მაძლევს საშუალებას ნამუშევრებში ჩემი შინაგანი სამყარო გადმოვცე.
ავტორის შინაგანი სამყარო ნამდვილად იგრძნობა მის შემოქმედებაში, მისეული ფერები მნახველზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. თითოეული ნივთი თუ ნახატი ინდივიდუალურობითაა გამორჩეული , სადაც მისი დადებითი, ენერგიითა და სიყვარულით სავსე განცდებია გადმოცემული.
მარინა გავაშელი



