ხუთშაბათი, აპრილი 17, 2025
spot_img
Homeსაზოგადოებარა ცვლილებები შევიდა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში და რა ვითარებაა ამ ეტაპზე...

რა ცვლილებები შევიდა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში და რა ვითარებაა ამ ეტაპზე ბოლნისის მუნიციპალურ განყოფილებაში

საქართველოს თავდაცვის კოდექსის თანახმად, წვევამდელთა გაწვევასთან დაკავშირებით, 2025 წლის პირველი იანვრიდან, ცვლილებებია. გაწვევის პროცესის გაუმჯობესების მიზნით, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევად, პირების შერჩევა განხორციელდება ყოველწლიური შემთხვევითი  შერჩევის პრინციპით. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გავწევას ექვემდებარებიან 18-დან 27 წლამდე ასაკის პირები, რომლებსაც კანონმდებლობით არ აქვთ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების, ან გაწვევისგან გათავისუფლების საფუძველი.

რა ცვლილებები და სიახლეები შევიდა ძალაში მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან, ამაზე ვრცლად სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და რეკრუტირების ბოლნისის მუნიციპალური განყოფილების უფროსი ვიცე-პოლკოვნიკი ზურაბ მამულაშვილი გვიპასუხებს.

-ბატონო ზურაბ, თავდაცვის კოდექსის თანახმად, რა ცვლილებებია სამხედრო სამსახურის ვადებზე და ანაზღაურებაზე?

– 2025 წლიდან თავდაცვის სამინისტროში წვევამდელების გაწვევასთან დაკავშირებით სხვადასხვა სიახლეებია. 2025 წლიდან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელია მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში, ასევე სიახლეა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადებში წვევამდელთა ანაზღაურებაში. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადები, განისაზღვრება შემდეგნაირად: საბრძოლო ქვედანაყოფებში სამსახურისთვის 6 თვის ვადით, ანაზღაურება 765 ლარის ოდენობით;

  • საბრძოლო მხარდაჭერისა და საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამსახურისთვის 8 თვის ვადით, ანაზღაურება 635 ლარის ოდენობით;
  • უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე და წინასწარ განსაზღვრული სპეციალობით სამსახურისთვის 11 თვის ვადით. გაწვეული წვევამდელების დარიცხული ანაზღაურება შეადგენს თვეში 1275 ლარიდან 1530 ლარამდე, მათ მიენიჭებათ სამხედრო წოდება ლეიტენანტი, ან უმცროსი სერჟანტი. ასევე წვევამდელები მიიღებენ სხვადასხვა ბენეფიტებს, მათ შორის, ჯანმრთელობის დაზღვევას.  11 თვის ვადით ქვედანაყოფში ჩარიცხვის მომენტში სტუდენტის სტატუსის მქონე პირს, რომელიც საკუთარი სურვილით გაწვეულ იქნება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში, სამსახურის დასრულებისა და სწავლის გაგრძელების შემთხვევაში, სწავლა დაუფინანსდებათ საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში, წელიწადში არაუმეტეს 2250 ლარამდე.

-ბატონო ზურაბ, სავალდებულოა პირის ყოველდღიური ყოფნა ქვედანაყოფში?

 წვევამდელი სამხედრო ბაზაზე 24 საათით იმყოფება პირველი  8 კვირის მანძილზე, რა დროსაც ის გადის საწყის საბრძოლო მომზადების კურსს, ხოლო ამ კურსის დასრულების შემდგომ, მათი სამსახურში ყოფნის ვადა განისაზღვრება შემდეგნაირად:

წვევამდელი, რომელიც გადის 8 თვიან სამხედრო სამსახურს, სამსახურში ცხადდება სამ დღეში ერთხელ 24 საათით, ხოლო წვევამდელი, რომელიც გადის 6 და 11 თვიან სამხედრო სამსახურს სამსახურში ცხადდება საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურის მსგავსად, ყოველდღიურად, გარდა დასვენების დღეებისა (შაბათი-კვირა) ქვედანაყოფში დადგენილი დღის განრიგის შესაბამისად.

-რა შემთხვევაში ხდება  წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გადავადება?

– წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების პირობები ითვალისწინებს, რამდენიმე ფაქტორს, ეს შეიძლება იყოს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამოწვეული, საგანმანათლებლო სისტემით, ან რიგი სხვადასხვა ფაქტორით, რომელზეც პირი წარმოადგენს ოფიციალურ დოკუმენტს, ან სამედიცინო დასკვნას. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გადავადება შეიძლება იყოს 6 თვიდან 3 წლამდე, რომელიც დამოკიდებულია ბენეფიციარის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ან სხვა ძალზედ მნიშვნელოვან საკითხზე. ასევე წვევამდელთან ეროვნული სამხედრო სამსახურის გადავადების მიზნით,  წვევამდელს 25 წლის ასაკის მიღწევამდე აქვს უფლება გადაიხადოს მოსაკრებელი. მოსაკრებლის ოდენობა ერთი კალენდარული წლით გადავადებისთვის შეადგენს  5000 ლარს.

-რა შემთხვევაში თავისუფლდება პირი სამხედრო სამსახურიდან?

-წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურიდან პირის გათავისუფლება ან გადავადება ხდება საქართველოს თავდაცვის კანონის 64-ე და 65-ე მუხლების თანახმად, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა პირისთვის. აღნიშნულ მუხლებში გათვალისწინებულია სხვადასხვა გადავადების და გათავისუფლების პირობები. მაგალითად, თუ პირს აქვს მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა, ნასამართლევია მძიმე დანაშაულზე, არის დედის ან მამის ერთადერთი შვილი, აქვს აქტიური სტუდენტის სტატუსი, ყავს ორი ან მეტი შვილი და ა.შ..  გადაწყვეტილება გადავადების ან გათავისუფლების შესახებ, ხდება პირის მიერ შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში.

– სამხედრო სამსახურში ჩარიცხვამდე სად გადის წვევამდელი სამედიცინო შემოწმებას?

წვევამდელები სამედიცინო შემოწმებას გადიან ქ. გორში  სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც სხვადასხვა პროფილის ექიმები სრულყოფილად და დეტალურად, უახლესი თანამედროვე აპარატურის მეშვეობით ამოწმებენ წვევამდელებს, რათა დადგინდეს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

-ბატონო ზურაბ, თუ პირი ნებაყოფლობით ჩაირიცხება სამხედრო სამსახურში, რა შეღავათებით და პრივილეგიებით ისარგებლებს?

– თუ პირი ნებაყოფლობით დარეგისტრირდება, პირველ რიგში მან უნდა მიმართოს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით შესაბამის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების განყოფილებას და დაწეროს განცხადება, რის შემდგომ გამწვევი კომისია იღებს გადაწყვეტილებას პირის ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევასთან და სამხედრო საექსპერტო კომისიის გავლასთან დაკავშირებით. სამხედრო საექსპერტო სამედიცინო კომისიის გავლის შემდგომ, წვევამდელს საშუალება ეძლევა თავად აირჩიოს სამხედრო სამსახურის სახეები და ვადა. აღსანიშნავია, რომ ნებაყოფლობით გაწვეული წვევამდელების  ანაზღაურება გაიზრდება 30%-ით მეტი ოდენობით.

-თუ პირი არ გამოცხადდა, არ დაგხვდათ მისამართზე, რა ღონისძიებებს  მიმართავთ?

-როდესაც პირი არ გხვდება მისამართზე, ან მისი ადგილსამყოფელი უცნობია, შს სამინისტრო უზრუნველყოფს შესაბამის სამუშაოებს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ბოლნისის სამმართველოს მჭიდრო თანამშრომლობისთვის.

-და ბოლოს, ბატონო ზურაბ, როგორია წვევამდელთა აქტივობა სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების ბოლნისის მუნიციპალურ განყოფილებაში?

-გასულ წლებთან შედარებით, წვევამდელთა აქტიურობა გაზრდილია, ამას ისიც ემატება, რომ წვევამდელები ნებაყოფლობით რეგისტრირდებიან და გამოთქვამენ სურვილს იმსახურონ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 6 ან 8 თვის ვადით,  აღნიშნული მიუთითებს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში განხორციელებული ცვლილებების ეფექტურობაზე. ჩვენც არ ვაკლებთ მცდელობას მივიდეთ ყველა სკოლაში, სოფელში და დასახლებულ პუნქტში, შევხვდეთ მოქალაქეებს და საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გავმართოთ პრეზენტაციები, რაც მომავალში აისახება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე.

მარინა გავაშელი

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები