ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულების 10 საბავშვო ბაღში ახალი სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 10 სექტემბრიდან განახლდება.
ამ ეტაპზე, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი, მიმდინარე კაპიტალური სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, არ განახლდება სოფ. ტანძიაში და დაბა კაზრეთის საბავშვო ბაღის შენობაში, რომელიც ავარიული მდგომარეობის გამო დაკეტილია და ვიდრე ახალი ბაღი აშენდება დაბა კაზრეთში, აღნიშნული ბაღი პროცესს დროებით სოფ. ბალიჭის საბავშვო ბაღის შენობაში განაახლებს.
დაბა კაზრეთიდან ბავშვებისა და თანამშრომლების ტრანსპორტირებას კომპანია RMG უზრუნველყოფს, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, ყოველთვის მხარდამჭერია დაბა კაზრეთისა და სოფ. ბალიჭის საბავშვო ბაღების.
დაწესებულებამ, ახალი სასწავლო წლისთვის, ივლისის თვეში გამოაცხადა ტენდერები საკვებ პროდუქტებზე ტექნიკური რეგლამენტის-„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების“ შესახებ მოთხოვნათა გათვალისწინებით.
ლელა გოგმაჩაძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულების დირექტორი
-მენიუ შედგენილია რეგლამენტით რეკომენდებული კალორაჟის დაცვით და, როგორც ყოველთვის, უხვადაა წარმოდგენილი ხორცი, თევზი, რძის პროდუქტები, კვერცხი, ბოსტნეული. მალფუჭებადი პროდუქტების მიწოდება მოხდება კვირაში ერთხელ, შესაბამისი მანქანა-რეფრეჟერატორებით. საბავშვო ბაღებში, როგორც იცით, დანერგილია ჰასპის სისტემა, რაც ნიშნავს, რომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ყველა დეტალს, რომლის დაცვაც აუცილებელია უვნებელი სურსათის წარმოებისათვის.
როგორც იცით, საბავშვო ბაღები ემზადებიან ავტორიზაციის პროცესისთვის. მიმდინარე წლის ივნისის თვეში №4 საბავშვო ბაღმა გაიარა სიმულაციური ავტორიზაცია, რომელიც სრულად იდენტური იყო რეალური ავტორიზაციის, გარდა იმისა, რომ ავტორიზაციის სტატუსს არ ექნება იურიდიული ძალა. ოქტომბერში გაიმართება ავტორიზაციის საბჭოს სიმულაციური სხდომა, რის შემდეგაც უკვე გვეცოდინება, რამდენად დააკმაყოფილა არსებულმა მდგომარეობამ ავტორიზაციის სტანდარტების მოთხოვნები დაб რა მიმართულებით გვექნება სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად, რეალური ავტორიზაციის მისაღებად, რომლისთვისაც მზად უნდა ვიყოთ 2026 წლისთვის.
–რა მდგომარეობაა ამ ეტაპზე ბაღებში, რა სიახლეებია და როგორ ემზადებით სააღმზრდელო პროცესის დაწყებისთვის?
-ამ ეტაპზეб ბაღებში უკვე დასრულდა დასუფთავება–დალაგების პროცესი და მიმდინარეობს ეზოების გალამაზებისა და კეთილმოწყობის სამუშაოები. ბოლო წლებია, დიდი ყურადღება ექცევა, რომ ბავშვები მაქსიმალურად დიდხანს იყვნენ ეზოში და დრო ნაყოფიერად და სასარგებლოდ გაატარონ. აღმზრდელები დიდ შრომასა და ენერგიას დებენ იმაში, რომ ეზოები ფუნქციურად იყოს მოწყობილი და ბავშვებს ჰქონდეთ შესაძლებელობა, ითამაშონ შეუზღუდავად და განივითარონ სხვადასხვა უნარები.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა უმტკივნეულოდ გაიაროს სახლიდან ბაღში ტრანზიციის ეტაპი, დაძლიოს შფოთვები, უცხო გარემოსა და უცხო ადამიანებთან დარჩენის შიშები და გაუადვილდეს საბავშვო ბაღთან შეგუება. აღნიშნულის გათვალისწინებით, პროცესის დაწყებამდე ბაღებში ტარდება ღია კარის დღეები, სადაც აღმზრდელები, მათ ჯგუფებში ახლად ჩარიცხულ აღსაზრდელებს სტუმრად იწვევენ მშობლებთან ერთად, რათა ბავშვებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, დაათვალიერონ თავიანთი ჯგუფის ოთახი, ეზო, ის გარემო, სადაც მოუწევთ მთელი წლის გატარება, გაიცნონ აღმზრდელები და ბაღის სხვა თანამშრომლებიც, ვისთანაც ექნებათ შეხება წლის განმავლობაში.
ასეთი შეხვედრები არა მხოლოდ ბავშვებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ, მშობლებისთვისაც, ვინაიდან ავტორიზაციის ერთ-ერთი სტანდარტიб ოჯახისა და თემის ჩართულობაა და ძალიან დიდ მნიშვნელობა ენიჭება ბაღის ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის ხარისხს. აღნიშნულზე პასუხისმგებლობა მთლიანად ბაღს და, მათ შორის, საგანმანათლებლო პროცესში ჩართულ თითოეულ თანამშრომელს ეკისრება, რომელმაც უნდა მოიზიდოს მშობელი ბაღში, დააინტერესოს, იზრუნოს მისი ცნობიერების ამაღლებაზე, გაუღრმავოს ცოდნა ბავშვის ასაკობრივი განვითარების თავისებურებებზე, გააცნოს ბაღის ფილოსოფია და ხედვა, აუხსნას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და სტიმულის მიმცემია ბავშვისთვის მშობლის აქტიურობა და მისი მხარდაჭერა.
მშობელთა ჩართულობის გასააქტიურებლად დიდი ხანია ვმუშაობთ, არა ერთი შეხვედრა გავმართეთ მათთან მოწვეული სპეციალისტების დახმარებით, თუმცა კვლავ ბევრი სამუშაოს ჩატარება მოგვიწევს. იმედი მაქვს, მიმდინარე წელს ბაღსა და მშობელს შორის დამოკიდებულება ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადავა და ის უფრო ღია და გახსნილი იქნება, ვიდრე აქამდე.
წინა კვირაში, სასწავლო პროცესის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, უკვე ჩავატარეთ ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი ტრენინგი მუსიკის მასწავლებლებისათვის.
მომავალი კვირიდან დაიწყება 2-2 დღიანი „განახლების“/მონიტორინგის ტრენინგები „ჰართის“ ტრენინგ-მოდულის შესაბამისად, რომელიც წლის პირველ ნახევარში 3-ჯგუფად გაიარა ჩვენს დაწესებულებაში დასაქმებულმა სპეც.მასწავლებლებმა და აღმზრდელების ნაწილმა.
მოუთმენლად ველით ჩვენს აღსაზრდელებს ბაღებში, დედიკოებსა და მამიკოებთან ერთად.
მშვიდობიან და წარმატებულ სასწავლო – სააღმზრდელო წელს ვუსურვებ აღსაზრდელებს, მშობლებს, პერსონალს, თითოეულ იმ ადამიანს, ვინც საბავშვო ბაღისა და მისი აღსაზრდელების გულშემატკივარია.