ქვემო ქართლში მომუშავე ორგანიზაცია „ერთობის“ მიერ განხორციელებული პროექტი „ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები უკრაინელი ლტოლვილების თანადგომა და დასაქმების ხელშეწყობა“ დასრულდა, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა სახის სასწავლო შემეცნებითი და გასართობი აქტივობა განხორციელდა.
პროექტში ჩართულმა უკრაინელებმა გაიარეს ფსიქოლოგის კონსულტაციები და ქართული ენის შემსწავლელი კურსები. ასევე მათი უკეთ ინტეგრაციის და დასაქმების მარტივად მოგვარების მიზნით, ორი ჯგუფისაგან დაკომპლექტებულმა რვა ქალმა მართვის მოწმობის თეორიული და პრაქტიკული კურსი გაიარა. მათ სპეციალურად მოწვეულ კვალიფიციურ მასწავლებლებთან შეისწავლეს საგამოცდო საკითხები, გაიარეს პრაქტიკული მეცადინეობები, რომელიც კვირაში ორჯერ, მათზე მორგებული გრაფიკით ტარდებოდა.
ემოციური განწყობის ასამაღლებლად კი მათთვის რამდენჯერმე მოეწყო შემეცნებითი სახის ღონისძიება, პროექტი, რომელიც „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, ქალაქ თბილისში გასვლითი ექსკურსიით დასრულდა, რომლის ფარგლებშიც ბოლნისში მცხოვრებმა უკრაინელმა ლტოლვილებმა ძველი თბილისი დაათვალიერეს.