ოთხშაბათი, დეკემბერი 11, 2024
spot_img

ორი ათეული წელი საქმის სიყვარულით და შეუპოვარი ხასიათით

19 წელია საქმის სიყვარულით, მტკიცე და შეუპოვარი ხასიათით, კომპანია „არემჯის“ საწარმოში ნანა ჯაყელი ამწე კრანის მემანქანედ მუშაობს. სიმაღლის შიშით შეპყრობილმა ყველა სტერეოტიპი დაამსხვრია და სუსტი სქესის წარმომადგენლების შესახებ  გამოწვევებს მტკიცედ შეხვდა. ნანა ჯაყელის პროფესიაში ყოველი წამი და სიზუსტე გადამწყვეტია, დაუშვებელია შიში, დაბნეულობა და მოდუნება, მაგრამ დაკისრებულ მოვალეობას დღემდე თავდაუზოგავად,  დიდი სიყვარულით ასრულებს და თვლის, რომ ეს საქმე  ერთმნიშვნელოვნად მისია.

პროფესიის შერჩევა სპონტანური არ ყოფილა,  უკვირდათ, ქალი ორ ამწეზე, ხიდურზე და გრეიფერზე, როგორ გაართმევდა თავს ბევრიც გაგებით მოეკიდა. მართვის მოწმობის გამოცდაზე გასულს, დღემდე ახსოვს კომისიის ერთ-ერთი  წევრის რჩევა: „საქმე იმდენად რთულია, სანამ ამწეზე ახვალ და სამუშაოს დავიწყებ, გახსოვდეს, სახლში შვილები გელიან. უნდა დაივიწყო ყველა პრობლემა, შიში და დაბრკოლება, შინ მშვიდობით რომ დაბრუნდეო“. სწორედ ამ შემართებით ღვთის იმედით, ყურადღებით, საქმის სიყვარულით და ხალისით იწყებს და ამთავრებს ყოველ დღეს, სახლში კი მეუღლე, 3 ქალიშვილი და 2 შვილიშვილი ელიან.

ნანა ჯაყელი:

-მიუხედავად იმისა, რომ სიმაღლის მეშინოდა, რატომღაც გამიჩნდა სურვილი, რომ ამწე კრანის მართვა შემესწავლა. ეს იდეა  საამქროს უფროსს ბატონ მალხაზ ბერიძეს გავუზიარე, სურვილი მალევე ამისრულდა და დავიწყე შესწავლა, საბედნიეროდ, ადვილად გავართვი თავი და სადღაც თვენახევარში, საწარმოო აუცილებლობიდან გამომდინარე, საჭირო გახდა დამოუკიდებლად მემუშავა და დამეტვირთა გრეიფერის ამწე. სხვა გზა არ იყო, უნდა დამეძლია შიში და დაბნეულობა. საბედნიეროდ პირველი გამოცდა საკმაოდ კარგად გავიარე, ეს იყო ჩემთვის პირველი დაკისრებული მოვალეობის კარგად შესრულება. ზუსტად იმ დღიდან, ისევე პასუხისმგებლობით და თავდაუზოგავად ვეკიდები ჩემს სამუშაოს, როგორც პირველ დღეს და გაცნობიერებული მაქვს, შიში და საქმისადმი ზერელე მოპყრობა, დაუშვებელია“.

20-25 მეტრის სიგრძის ამწე-კრანის კარგად მართვა, საკმაოდ რთულია, თუმცა როგორც ქალბატონი ნანა აღნიშნავს, კოლექტივისგან დიდმა პატივისცემამ, სიყვარულმა და ერთგულებამ, კიდევ უფრო გააძლიერა, გაამხნევა და გაუადვილა საქმე, რომელიც ასე ძალიან უყვარს და თვლის,  თავიდან რომ დაიწყოს, ისევ ამწე კრანის მემანქანეობას შეისწავლიდა.

„ამწეზე მუშაობისას გრეიფერი იქნება, თუ ხიდური, ბევრი სირთულეების გადალახვა მიწევს, მაქსიმალურად კონცენტრირებული უნდა ვიყო, რომ  უმნიშვნელო შეცდომაც არ დავუშვა,  არ დავაღალატო ჩემი ოჯახი, სადაც დიდი სიყვარულით მელიან და კოლექტივი, სადაც პატივისცემასა და ერთგულებას ვგრძნობ“.

ერთი ამწიდან მეორე ამწეზე გადასვლა, 100-დან 400 ტონამდე ტვირთის ატვირთვა, რთული სამუშაო დღე და კარგად შესრულებული მოვალეობა, ეს ნანა ჯაყელისთვის ჩვეული რუტინაა, რომელიც არ უშლის ხელს იყოს კარგი მეუღლე, დედა, დიასახლისი და ბებია, იყოს მზრუნველი, მოსიყვარულე, ერთგული და ყურადღებიანი, მუდამ პოზიტიური, მეგობრული და შვილებზე და შვილიშვილებზე უზომოდ შეყვარებული.

„ოთხი დღე ვმუშაობ, ხშირად მიწევს ერთი ამწიდან მეორეზე გადასვლა და დიდი ტვირთის ატვირთვა, მაგრამ რაც უფრო მეტად ვიღლები და ვშრომობ, მით უფრო ბედნიერი ვარ, ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია, რომელიც ხელს არ მიშლის საოჯახო საქმეებში და დროის განაწილებაში.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს ხელმძღვანელობას, ასეთი კარგი პირობებისა და შრომის დაფასებისთვის. მიხარია, რომ  ამ გრანდიოზული და ძლიერი კომპანიის თანამშრომელი ვარ,“.

მიუხედავად რთული პროფესიისა, სადაც არაერთი სიძნელისა და წინააღმდეგობის გადალახვა უწევს, ქალბატონი ნანა ქალურობას არ კარგავს და ამწე კრანის მართვისას მუდამ მოწესრიგებულია, ჩაფხუტის ქვეშ მსუბუქ მაკიაჟსაც ატარებს. ბედნიერია, რომ კარგად უძღვება დაკისრებულ მოვალეობას და ამაყობს, რომ არის საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის გუნდის წევრი.

ავტორი:მარინა გავაშელი

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები