ორგანიზაცია „სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმა“ პროექტის ფარგლებში „მოხალისეობა წარმატებული მომავლისთვის“ 18 ნოემბერს, ახალგაზრდებთან ერთად, ბოლნისის სათნოებისა და სასადილო სახლს „მადლს“ ესტუმრა. მოხალისეობრივ კამპანიაში ახალგაზრდები იქ მომუშავე პერსონალს სადილის გაცემისა და დასუფთავების პროცესში დაეხმარნენ, რის შემდეგაც სათნოების სახლში მოაწყვეს მცირე ღონისძიება, ბენეფიციარებს ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ, საჩუქრად გადასცეს ოთახის მცენარეები და ადგილობრივ პერსონალთან ერთად მოხუცებს საჭიროებისამებრ გაუწიეს დახმარება.
აღნიშნული პროექტი, წლის ბოლომდე, სხვადასხვა აქტივობით განხორციელდება, რომლის მიზანიცაა ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა, ინფორმაციის მიწოდება მოხალისეობრივი კამპანიების შესახებ და საქართველოში მომუშავე მოხალისეობრივი ორგანიზაციებისა და პლატფორმა volunteer.ge-ს გაცნობა.
პროექტი ხორციელდება განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის Education Development and Employment Center მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).