12 მაისს, მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს განმანათლებელის, წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს. ყველა მოქმედ მართლმადიდებლურ ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინა.
სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. დედაღვთისამ მას მოუწოდა საქართველოში წამოსვლა და ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში წმ. ანდრიას უნდა ექადაგა. ქართლის ტერიტორიაზე იგი პირველად დიდ აჭარაში შემოვიდა. მას თან ჰქონდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი. წმინდა მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა.
მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება. 13 დეკემბერს კი მისი ხსენების დღეა.