ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი აცხადებს კონკურსს სპექტაკლის რეჟისორის შესარჩევად. სპექტაკლის პრემიერა 2021 წლის 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღეს, კამპანია ,,ღამე მუზეუმში“ ფარგლებში, დმანისის მუზეუმ-ნაკრძალის ღია სივრცეში უნდა შედგეს, იმ ადგილას სადაც პირველი ევროპელები, ზეზვა და მზია აღმოაჩინეს. ლოკაციის შესაბამისად სპექტაკლიც პირველყოფილ ადამიანებზე უნდა იყოს. ქართულ თეატრალურ სივრცეში სპექტაკლის რეჟისორის შესარჩევად კონკურსის გამოცხადება საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა, ამიტომ როგორც სახელმწიფო თეატრი ვგრძნობთ ვალდებულებას, ვიყოთ ინიციატორები და სპექტაკლის რეჟისორის შერჩევის პროცესი მეტად ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე გავხადოთ.
28 თებერვალს თეატრის facebook გვერდზე ჯერ არ დადგმული სპექტაკლის რეცენზია გამოქვეყნდა. ამ ორიგინალური ფორმით თეატრმა კონკურსის პირობები გააცნო რეჟისორებს, სადაც გაკეთებულია მინიშნებები, თუ რა სახის პროექტებს მიენიჭება პრიორიტეტი გამარჯვებულის გამოვლენისას. აღსანიშნავია, რომ კონკურსის პირობებში, არ არის განსაზღვრული კონკურსანტის ასაკი და მასში მონაწილეობა, დაწყებული სტუდენტებიდან, ნებისმიერი ასაკის რეჟისორს შეუძლია. ასევე რეჟისორს თავისუფლება ექნება შემოქმედებითი ჯგუფისა და ლიტერატურული წყაროს შერჩევისას. გთავაზობთ კონკურსის პირობებისა და ჯერ არ დადგმული სპექტაკლის რეცენზიის სრულ ტექსტს.
კონკურსის პირობები:
რეჟისორის ასაკი: განუსაზღვრელი / შესაძლებელია სტუდენტიც ლიტერატურული წყარო: თავისუფალი შემოქმედბითი ჯგუფი: თავისუფალი სპექტაკლის ხანგრძლივობა: 60-90 წუთი ბიუჯეტი: 20 000 ლარი რეპეტიციები: პირველი ეტაპი – თბილისი / მეორე ეტაპი – დმანისი პრემიერის თარიღი: 18 მაისი კონკურსში მონაწილეობისთვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია: კონკურსანტის CV სპექტაკლის განხორციელების კონცეფცია პროექტის ბიუჯეტის განაწილება კონკურსის ვადები: განაცხდების მიღების ბოლო ვადა: 2021 წლის 25 მარტი გამარჯვებული პროექტი გამოვლინდება 27 მარტს, თეატრის საერთაშორისო დღეს. განაცხადები მიიღება თეატრის ელექტრონულ მისამართზე: dmanisitheatre@gmail.com
ჯერ არ დადგმული სპექტაკლის რეცენზია
18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღეს, კამპანია ,,ღამე მუზეუმში“ ფარგლებში, დმანისის მუზეუმ-ნაკრძალში სპექტაკლის პრემიერა შედგა. სპექტაკლი პირველყოფილ ადამიანებზეა და სიმბოლურია, როცა გათამაშებულია სწორედ იმ ადგილას, სადაც პირველი ევროპელები, ზეზვა და მზია აღმოაჩინეს. მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენაში აქცენტი კეთდება მეტ მოძრაობაზე, ქორეოგრაფიაზე და სანახაობით ელემენტებზე, არც სათქმელის და პრობლემის გარეშეა სპექტაკლის ფაბულა დარჩენილი და საკმაოდ მწვავედაა დასმული ადამიანის, პირველყოფილი მოთხოვნილებებიდან და ინსტიქტებიდან, პიროვნების დაბადების პროცესის მნიშვნელობა. მოულოდნელობებით სავსე სანახაობასთან ერთად სპექტაკლი შემეცნებით ხასიათსაც ატარებს და გვიყვება პირველყოფილი ადამიანების ყოფა-ცხოვრების შესახებ. წარმოდგენა მთლიანად მორგებულია იმ სივრცეზე, სადაც თამაშდება. ეს გავს ჯადოსნურ მოგზაურობას, სადაც ხან მუზეუმის ექსპონანტები და მულაჟები ცოცხლდებიან, ხან პირველყოფილი ადამიანები გამორბიან ტყიდან, ხან სადღაც შორს მთაზე კოცონი ინთება და ადამიანების კონტურებს ვხედავთ, რომლებიც რაღაც რიტუალს ასრულებენ და ასე შემდეგ – სანახაობების ატრაქციონია, საიდანაც გაოცებული გამოდიხარ. მოკლედ, გაგვაოცეს, გაგვართეს, ხანდახან გვაცინეს კიდეც, მაგრამ არც სევდა დავიწყებიათ; ადამიანის ყოფის სევდა… საიდან მოვდივართ და სად მივდივართ – ორი უკიდეგანო უფსკრული – და ეს ძალიან სევდიანია. სპექტაკლის ნახვა მუზეუმ-ნაკრძალის ღია სივრცეში, ოქტომბრის ბოლომდე, შეგეძლებათ. დაგეგმილია ტურები, რომელის ფარგლებში, სპექტაკლამდე მოეწყობა საინტერესო ექსკურსია დმანისის ნაქალაქარსა და არქეოლოგიურ ძეგლებზე, სადაც საშუალება მოგცემათ, უშუალოდ მიადევნოთ თვალი არქეოლოგების მუშაობის პროცესს და გახდეთ ახალი აღმოჩენების შესაძლო თანამონაწილე.
კ ო ნ ტ ა ქ ტ ი: +995 598 899 371 dmanisitheatre@gmail.com facebook.com/dmanisitheatre