ბოლნისის მუნიციპალიტეტის კომუნალური მეურნეობის სამსახურმა 80-მდე მეეზოვეს უნიფორმები გადასცა, რომლებიც შრომის უსაფრთხოების სამსახურის რეკომენდაციით შეირჩა. ახალ საგაზაფხულო-საზაფხულო უნიფორმას დატანილი აქვს სპეციალური ამრეკლი ზოლები, რომლებიც მთლიანად აკმაყოფილებს უსაფრთხოების ნორმებს, რაც შეეხება ფეხსაცმელებს, იგი უზრუნველყოფს დაცულობას რთულ პირობებში მუშაობისას.
შპს „კომუნალური მეურნეობის“ სამსახური 2000 წლიდანაა დარეგისტრირებული და 240 თანამშრომელს აერთიანებს.
აღნიშნული სამსახურის საქმიანობა მოიცავს ქალაქის და მისი შემოგარენის ტერიტორიაზე ნაგვის შეგროვებას, გატანას და ქალაქის იერსახის მოწესრიგებას. ასევე სეზონურად ფუნქციონირებს ქვეწარმავლების გაუვნებელყოფის მომსახურების სერვისი.
შპს „კომუნალური მეურნეობის“ სამსახურები მუდმივადაა ჩართული სხვადასხვა დასუფთავების აქციებში და მუნიციპალიტეტში სისუფთავეზე ორიენტირებული ერთ-ერთი ორგანიზაციაა.
შმაგი სვანიძე, კომუნალური მეურნეობის სამსახურის უფროსი:
-ამ ეტაპზე, საგაზაფხულო-საზაფხულო უნიფორმები 80-მდე მეეზოვეს გადავეცით, პროცესი გაგრძელდება ეტაპობრივად და მას ყველა მუშა-მოსამსახურე მიიღებს. რაც შეეხება ჩვენს სამსახურს, მის საქმიანობაში შედის ქალაქის ქუჩების, სკვერების და სხვადასხვა თავშეყრის ადგილების დასუფთავება-მოწესრიგება. ასევე ქალაქში და მიმდებარე სოფლებში ვახორციელებთ ბუნკერულ მომსახურებას, რომელიც დღეის მდგომარეობით, 80% შეადგენს და ის უმოკლეს ვადაში 100%-ით გაიზრდება. ჩვენი სამსახური მუდმივადაა ჩართული სხვადასხვა დასუფთავების ღონისძიებებში და პირდაპირი ვალდებულება ქალაქისა და მისი შემოგარენის სისუფთავით უზრუნვეყოფაა.


