ორწლიანი პაუზის შემდეგ კულტურის სფეროში აქტივობები განახლდა. ბოლნისის კულტურის სახლთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „თამარიონმა“ მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდა შემოქმედთა ხელოვნების ფესტივალზე „CAUCASUS CUP – 2022 “ ფესტივალი გრიბოედოვის თეატრში 3 ეტაპად ჩატარდა და მასში საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა ანსამბლმა მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებას ორგანიზებას უწევდა შემოქმედებითი კომპანია „მეჯიქ გრუპი“, რომელიც უკვე 14 წელია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ფესტივალ-კონკურსებს ატარებს და გამორჩეულ ანსამბლებს იწვევს საზღვარგარეთ საერთაშორისო კონკურს-ფესტივალებში მონაწილეობის მისაღებად.
მარიამ კოტეტიშვილი, „მეჯიქ გრუპის“ წარმომადგენელი, წამყვანი:
-2 წელი პანდემიის გამო, გაჩერებული იყო ყველაფერი, ახლა გადავწყვიტეთ ამ ფესტივალით საშუალება მიგვეცა შემოქმედებითი კოლექტივებისთვის თავიანთი სურვილით ჩართულიყვნენ. ამ სცენაზე გამორჩეული ანსამბლები იღებდნენ მონაწილეობას, მაყურებელი ხედავს, აფასებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ასეთი გამოსვლებით ბავშვები ღებულობენ დიდ გამოცდილებას. თითოეული ანსამბლი დაჯილდოვდება და მიწვეული იქნება სხვადასხვა ფესტივალებზე მონაწილეობის მისაღებად. შემოქმედებითი კომპანია „მეჯიქ გრუპ“ უკვე 14 წელია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ატარებს შემოქმედთა ფესტივალებს, რითაც თითოეულ მონაწილეს, არამარტო ნიჭის გამოვლენის საშუალებას, არამედ საქართველოს კუთხეების მონახულების შესაძლებლობასაც აძლევს. ამასთანავე, ჩვენს ფესტივალებსა და კონკურსებში მონაწილე, ნებისმიერ ძლიერ კოლექტივს, შანსი ეძლევა მაქსიმალურად წარმოაჩინოს თავისი შემოქმედებითი პოტენციალი და მიწვეულ იქნას საერთაშორისო ფესტივალებზე. ამ ყველაფრის მიზანია ასახელონ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი კულტურა გაიტანონ საქართველოს ფარგლებს გარეთ.
თამარ რეხვიაშვილი, ანსამბლ „თამარიონის“ ქორეოგრაფი:
-მოხარული ვარ ამ ფესტივალზე მონაწილეობის მიღებით, თითოეული ბავშვის მონდომებით, რომლებმაც ასე ლამაზად წარმოაჩინეს ჩვენი მუნიციპალიტეტი და კიდევ ერთხელ გვასახელეს. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში განვახორციელებთ ყველა იმ სამომავლო გეგმას, რაც გვაქვს მიზნად დასახული.
აღნიშნულ ღონისძიებაზე გრიბოედოვის თეატრში ანსამბლი „თამარიონი“ 2 ნომრით წარსდგა მაყურებლის წინაშე. ღონისძიების დასრულების შემდეგ მონაწილეები თასებით და დიპლომებით დაჯილდოვდნენ. ანსამბლი „თამარიონი“ მიწვეულია თურქეთში, საერთაშორისო ფესტივალზე მონაწილეობის მისაღებად.