დღეს, ბოლნისის მუზეუმში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორწლიანი პროექტის „ბოლნისის მოდელი – წარმატებული მაგალითი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისთვის“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის, სამოქალაქო და ბიზნეს სექტორის, დმანისის, მარნეულის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შემაჯამებელ ფორუმზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა, განხორციელებული პროექტი დადებითად შეაფასა, ევროკავშირის წარმომადგენლობას მადლობა გადაუხადა, სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია მუნიციპალური ენერგო-ეფექტური ღვინის საწარმოს შექმნას მოიაზრებს, რომელიც მოახდენს არა მხოლოდ მეღვინეობის, არამედ ღვინოსთან დაკავშირებული მიმართულებების შესაძლებლობების ზრდას.
პროექტის „ბოლნისის მოდელი – წარმატებული მაგალითი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისთვის“ ფარგლებში, ორი წლის განმავლობაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი აქტივობა განხორციელდა, კერძოდ ბოლნისის აგროცენტრს დაემატა სოფლის მეურნეობის პროდუქტების ხარისხის კონტროლის ლაბორატორია, შეიქმნა ონლაინ პლატფორმა, სადაც დაინტერესებულ პირებს სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ იყიდონ და გაყიდონ ბოლნისური პროდუქტები. ასევე პროექტის ფარგლებში შემუშავდა „ქალაქ ბოლნისის მდგრადი და მწვანე ქალაქის სტრატეგია“, რამოდენიმე ქუჩაზე ენერგოეფექტური სკამები დამონტაჟდა, ხოლო ცენტრალურ ქუჩაზე ენერგოეფექტური გაჩერება მოეწყო.
შემაჯამებელი ღონისძიების ფარგლებში, ბოლნისის, მარნეულის, თეთრიწყაროს, დმანისისა და წალკის მუნიციპალიტეტებს შორის ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის შესაძლებლობების შესახებ დისკუსია გაიმართა, რის შემდეგაც სტუმრებმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებით ქალაქში განხორციელებული პროექტები მოინახულეს.