ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიაში დღეს „საბაობა 2022“ გაიმართა, დიდი ქართველი მწერლის, დიპლომატის, მეიგავის და სასულიერო პირის 364 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება ლექციით დაიწყო, რომელიც სულხან-საბა ორბელიანის ევროპაში მოგზაურობასა და საქართველოს ევროპული არჩევანის ისტორიულ კონტექსტს ეხებოდა. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორმა, სტუდენტებთან ერთად, 300 წლის შემდეგ ევროპისკენ მიმავალი ის გზა გაიარა, რაც ელჩმა და დიპლომატმა განვლო, სწორედ ამ მოგზაურობის მნიშვნელოვანი დეტალების გაცნობა მოხდა საზოგადოებისთვის დღევანდელ საჯარო ლექციაზე.
საბაობისადმი მიძღვნილი ღონისძიება განსხვავებული ფორმატით ჩატარდა, რომელსაც ბოლნელი მთავარეპისკოპოსი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს საბას განვლილი გზა, შემოქმედება და დიპლომატიური მოღვაწეობა.
ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა ორბელიანების საგვარეულო ეკლესიაში სულხან-საბა ორბელიანის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა და მის ღვაწლზე ისაუბრა.
ღონისძიების დასასრულს კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა სულხან-საბა ორბელიანის სახლ-მუზეუმის თანამშრომლები, გაწეული შრომისთვის,სიმბოლურად მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. წიგნთა ფონდს კი საბას შემოქმედებიდან რამდენიმე ახალი წიგნი გადასცა. „საბაობა 2022“-ს მუსიკალურად დუეტი „გვანცა და ვიქტორია“ კლავიშისა და ვიოლინოს აკომპანიმენტით ალამაზებდა.