საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, პროექტის „სამოქალაქო ბიუჯეტირება დაგეგმე შენი ბიუჯეტის ფარგლებში“, ბოლნისის მუნიციპალიტეტში 2023 წელს 5 პროექტი განხორციელდება, რომელიც მოქალაქეებისგან ინიციატივების წარდგენას და მათ მიერვე, ამ იდეების ხმის მიცემას ითვალისწინებდა. წარმოდგენილი საპროექტო იდეებიდან, ბოლნისში, ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა მიიღო კინოთეატრის კონსერვაცია-რესტავრაციის იდეამ.
ბოლნისში 80-იან წლებში აშენებული კინოთეატრი, მიუხედავად ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფის არაერთი მცდელობისა, მაინც სავალალო მდგომარეობაშია. შენობა კაპიტალურ სარემონტო სამუშაოებს საჭიროებს. დაზიანებული სახურავის გამო, შენობაში ჩაედინება წყალი და იტბორება, რის გამოც საყრდენი კედელიც და შიდა სივრცეც ზიანდება, შესაცვლელია კარ-ფანჯარა, სველი წერტილები და არა ერთი პრობლემაა, რომელიც კინოთეატრში დგას.
კინოთეატრში, აშენებიდან დღემდე, არა ერთი ორგანიზაცია ფუნქციონირებდა, თუმცა წლებია შენობა დატვირთვის გარეშეა და ხშირად ხდება ვანდალური ფაქტების მსხვერპლი. აღნიშნულ პროექტში გამარჯვების შედეგად, მოგვარდება ისეთი მწვავე პრობლემა, როგორიცაა შენობის გადახურვა და საყრდენი კედლის გამაგრება. სამუშაოების ჩატარების შემდეგ კი, როგორც კინოთეატრის გადარჩენის საინიციატივო ჯგუფის წევრი აცხადებს, გაწერილი აქვთ სამოქმედო გეგმა, რომელსაც ეტაპობრივად განახორციელებენ.