ოთხშაბათი, დეკემბერი 11, 2024
spot_img

გურანდუხტ ავქოფაშვილი – მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა

ბოლნისელი გურანდუხტ ავქოფაშვილი იმ წარმატებულ მეცნიერ ქალებს შორის ერთ-ერთია, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროში გამართულ ღონისძიებაზე დაჯილდოვდა. საღამო მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა და  სხვადასხვა უნივერსიტეტიდან  ის ადამიანები იყვნენ მიწვეულები, რომლებსაც მეცნიერების სფეროში გარკვეული წვლილი და მიღწევები აქვთ. ღონისძიება, გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის თანახმად, 2015 წლიდან აღინიშნება და მისი მიზანია მეცნიერებით დაინტერესებულ ქალთა და გოგონათა ხელშეწყობა, მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სისტემაში მათი მზარდი როლის მხარდაჭერა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა.

გურანდუხტი, უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამის წარმატებით დამთავრების შემდეგ, აქტიურად ჩაერთო სამეცნიერო კვლევებში. მის მიერ შესწავლილი იქნა ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტების ნიადაგში, წყალში და ადგილობრივი წარმოების მცენარეული კვების პროდუქტებში მძიმე ლითონების შემცველობა.

„გარკვეული გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარების შემდეგ, 2018 წლიდან რეგიონში დაიწყო ეკოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესება, რაშიც ვფიქრობ ჩემი მოკრძალებული სამეცნიერო წვლილია. დღეს ვმუშაობ სანაყაროების აღდგენით ტექნოლოგიაზე, აღნიშნული ტექნოლოგიის შესწავლის და სამეცნიერო კვლევების განხორციელებისთვის შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში ჩემმა პროექტმა, რომლის სახელწოდებაა „სამთო მოპოვებით დეგრადირებული ნიადაგების აღდგენა“, გაიმარჯვა ფუნდამენტური გრანტების კონკურსში“.

გურანდუხტი არ ჩერდება, აქტიურად აგრძელებს პროფესიულ განვითარებას საქართველოს ფარგლებს გარეთაც. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის მანძილზე, პირველად იქნა შესწავლილი საქართველოს ნიადაგში 72 ელემენტის განსაზღვრა, აქტიურად სწავლობს ნიადაგიდან მცენარეში ლითონების შთანთქმის მექანიზმებს, „მნიშვნელოვან სამეცნიერო მიღწევად ვთვლი იმას, რომ საქართველოში ტყვიით მოწამვლით გამოწვეული რისკ-ფაქტორების შეფასებისა და შემცირების კუთხით, ვარ ოთხი სამეცნიერო ანგარიშის ავტორი, სადაც ექსპერტად ვიყავი მიწვეული და ვფიქრობ, რომ დღეს უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული ამ მხრივ“.

გურანდუხტი 30 სამეცნიერო სტატიის და სამი წიგნის ავტორია, მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდო, სტიპენდია და აქტიურადაა ჩართული  პროექტებში.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები