პარასკევი, ოქტომბერი 4, 2024
spot_img

გაიცანით გოგონა რომლის ცხოვრებაც პანდემიამ შეცვალა

პანდემიის პერიოდში საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, გართობისა და დროის გაყვანის მიზნით დაწყებული ხელსაქმე, საზოგადოებისგან დადებითი შეფასებები და საქმისადმი სერიოზული დაინტერესება, ეს ლიკა მაჭავარიანია. გაგაცნობთ ახალგაზრდა გოგონას, რომლის ცხოვრებაც პანდემიამ შეცვალა, თბილისიდან საცხოვრებლად ბოლნისში გადმოვიდა და დროის გაყვანის მიზნით, სხვადასხვა საქმიანობას მიჰყო ხელი.„იმისთვის რომ დახატო, უნდა დახუჭო თვალები და იმღერო, ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა, უნდა ეცადო დაინახო და დაიჭირო ლამაზი წუთები, მიუხედავად არც თუ მარტივი ცხოვრებისა, ვცდილობ ყოველი დღე გავიფერადო“.31 წლის ლიკა მაჭავარიანი პროფესიით ნეოგრეცისტია (ახალი ბერძნული ენის ფილოლოგი) დაიბადა და გაიზარდა თბილისში, 8 წლის იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა და დედას გასაზრდელად ორი შვილი დარჩა. მარტივი ბავშვობა არ ჰქონია, მაშინ როცა თანატოლები ერთობოდნენ, ლიკა ცდილობდა დრო უქმად არ დაეკარგა, შრომას ბავშვობიდან მიეჩვია, ისწავლა დროის ფასი. „დედას თითქმის სულ სამსახურში უწევდა ყოფნა, ამიტომ მე და ჩემმა დამ დამოუკიდებლად ცხოვრება პატარა ასაკში ვისწავლეთ, სხვა ბავშვები თუ ეზოში თამაშობდნენ, მე ბავშვობა წიგნით ხელში მახსოვს, დროის დიდ ნაწილს ბიბლიოთეკაში ვატარებდი, ეს იყო ადგილი, სადაც ძალიან მიყვარდა ყოფნა, ძალიან ჯიუტი ბავშვი ვიყავი და ეს თვისება ბევრჯერ გამომადგა.“

-ხელსაქმით რატომ დაინტერესდი?

-ხატვა სულ მომწონდა, ჩემი მშობლები კერამიკოსები იყვნენ, ნათლიები მხატვრების წრიდან და შესაბამისად ხელოვნების მიმართ ინტერესი ბავშვობიდან მქონდა. ერთი პერიოდი ვფიქრობდი სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებას, ანიმაციის განხრით, შემდეგ ბერძნული ენით დავინტერესდი, ზოგჯერ გული მწყდება ამ განხრით, რომ არ წავედი, თუმცა რომ არა ბერძნული ენის სიყვარული, ალბათ ჩემს მომავალ მეუღლესაც ვერ გავიცნობდი, მე და ნიკა ერთი პროფესიის ვართ, 2013 წელს შევქმენით ოჯახი, თბილისში ვცხოვრობდით, იქ ვმუშაობდით, პანდემიის პერიოდში გადმოვედით ბოლნისში და აქ დავრჩით, მეტი თავისუფალი დრო გამიჩნდა და ხელსაქმე დავიწყე, გასართობად და დროის გაყვანის მიზნით. „გართობას“ სერიოზული დაინტერესება მოჰყვა, საზოგადოებამ მოიწონა ნამუშევრები, რაც ჩემთვის დიდი სტიმულია, მეტი ახალი ნივთის შექმნის სურვილი მიჩნდება.

-ძირითადად რას აკეთებ?

-დეკორატიულ დაფებს, თიხის ანგელოზებს, რომლებიც ძალიან მხიარულები და კეთილები არიან, ყველას თვალები უბრწყინავს, ვფიქრობ, რომ ადამიანებს ყველაზე მეტად თვალებიდან მოციმციმე ვარსკვლავები უხდებათ. ნივთებს ჩემი გემოვნებით და სურვილის მიხედვით ვქმნი, თუმცა შეკვეთების შემთხვევაში, ვითვალისწინებ მომხმარებლის ინტერესს. ანგელოზები პირველად რამდენიმე წლის წინ გავაკეთე, მიუხედავად იმისა, არ ვიცოდი გამომივიდოდა თუ არა, ახლა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ შეუძლებელი არაფერია. შემდეგ ვცადე ტანსაცმლის მოხატვა, ესეც გამომივიდა, დღეს უკვე ყველა ზედა მოვხატე, რაც სახლში გვაქვს. ახლა ახალი გატაცება მაქვს, ფოტოების ხეზე გადატანა, რაც ძალიან ლამაზია.

-როგორია შენი ნამუშევრები?

-ჩემი ნამუშევრები ფერადი და ნათელია, ყველა საკუთარი შვილივით მიყვარს, და ძალიან მტკივა გული, როდესაც ცუდ შეფასებას ვისმენ, მე ხომ ყველა ნივთს სიყვარულით ვქმნი. მთავარია ყველამ ის ვაკეთოთ, რაც შეგვიძლია.-რა მასალას იყენებ?-ამ ეტაპზე თიხაზე აკრილით ვმუშაობ, ვეცნობი ახალ ტექნოლოგიებსაც, ვცდილობ ამ კუთხით ბევრი ვისწავლო და გავიზარდო. ხელსაქმე დროის სასიამოვნოდ გატარების ერთ-ერთი გზაა. ამ ეტაპზე სამსახური არ მაქვს, ამიტომ უამრავი თავისუფალი დრო მრჩება, საზოგადოების დაინტერესებაც არის. მცირე რაოდენობით, თუმცა იყიდება ნივთები, თანხით კი საჭირო მასალას ვყიდულობ.

-გაქვს თუ არა სამუშაო სივრცე და როდის იწყებ მუშაობას, ხასიათს თუ აქვს მნიშვნელობა?

-სამწუხაროდ, ამ ეტაპზე მუშაობისთვის სპეციალური ოთახი არ მაქვს, სადაც მომიხერხდება იქ ვმუშაობ, ეს საკმაოდ რთულია, სამომავლოდ აუცილებლად გავაკეთებ ერთ ოთახს სახელოსნოდ, ზოგადად მივეჩვიე ყველაფრის ჩემით კეთებას, ავეჯი იქნება ეს თუ რემონტი. ამიტომ სახელოსნოსაც ჩემი გემოვნებით მოვაწყობ, რაც შეეხება მუშაობის დაწყებას, რა თქმა უნდა ამის განწყობა უნდა მქონდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისეთი არ გამომდის. მგონია, რომ დადებითი განწყობა და ხასიათი ყველაფერზე მოქმედებს.

-სამომავლო გეგმებზე მოგვიყევი.

-მომავალში მინდა ჩემმა ნამუშევრებმა სხვა რეგიონებიც მოიცვას და უფრო სერიოზული სახე მივცე, ამისთვის ბიზნეს გვერდის შექმნას და გარეკლამებას ვფიქრობ. ვიმედოვნებ, სხვა მუნიციპალიტეტიდანაც ანალოგიურად დადებითი გამოხმაურება მოჰყვება.

მაგდა დევნოზაშვილი

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები