განათლების სამინისტროს ინიციატივით, საპილოტედ შერჩეულ 20 საჯარო სკოლაში, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან ინტეგრირებული, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები ხორციელდება. ბოლნისის პირველ საჯარო სკოლაში, სადაც პროგრამა „კომპიუტერული ქსელები და სისტემები“ მიმდინარეობს, მოსწავლეებს საშუალება აქვთ მოკლევადიანად დაეუფლონ კონკრეტულ პროფესიას, მიიღონ პროფესიული დიპლომი და ატესტატი ერთად. პროექტი ითვალისწინებს ინფრასტრუქტურული და პედაგოგიური რესურსების განვითარებას, მოეწყო თანამედროვე სასწავლო ლაბორატორიები, გადაამზადეს მასწავლებლები და დაინერგა ახალი მიდგომები შეფასებებისა და სწავლის პროცესში.
როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, როგორი იყო ინტერესი, აქტივობა და გამოწვევები, ამის შესახებ პროგრამის სასწავლო პროცესზე პასუხისმგებელი პირი ლიკა იასაღაშვილი გვესაუბრება.
-განათლების სამინისტროს ინიციატივით, საპილოტედ შერჩეულ 20 საჯარო სკოლაში, პროფესიული სასწავლებელი ფუნქციონირებს, მათგან ერთ-ერთია ქ.ბოლნისის პირველი საჯარო სკოლა. ქვეყნის მასშტაბით ოცეულში მოხვედრა, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ შეირჩა თქვენი სკოლა და რა ეტაპები იყო გასავლელი?
-პირველ რიგში, მოგესალმებით, მიხარია, რომ ამ საკითხით დაინტერესდით, რადგან მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო ამბავია, რომ ჩვენი სკოლა, სწორედ იმ პირველ ოც სკოლაში მოხვდა, სადაც ეროვნულ სასწავლო გეგმასთან ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამები საპილოტედ ხორციელდება. რაც შეეხება სკოლების შერჩევას, ერთ-ერთი ფაქტორია სკოლის სიდიდე, რადგან რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას მიეცეს პროფესიული განათლების შესაძლებლობა. ყველა დიდი ქალაქის, ყველაზე დიდი სკოლები შეარჩიეს. შემდეგი ეტაპი იყო უკვე მოსამზადებელი ეტაპი, ამისთვის ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, ჩატარდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები: მოეწყო თანამედროვე სასწავლო ოთახები, გადამზადდნენ მასწავლებლები, ასევე სკოლის დირექცია.
– რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდით პროექტის განხორციელების დროს?
-აღნიშნული პროექტის განხორციელების დროს, ერთადერთ გამოწვევად ჩავთვლიდი კადრის მოძებნას, კომპიუტერული ქსელების და სისტემების ლექტორის პოზიციაზე. გვჭირდებოდა მოტივირებული ახალგაზრდა.
-აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სკოლა თავად არჩევს პროგრამებს, თქვენი სკოლის შემთხვევაში, როგორ მოხდა არჩევანი „კომპიუტერულ ქსელებსა და სისტემებზე“?
-დიახ, სკოლა თავად ირჩევს, თუმცა ამის შესაძლებლობას უნდა გაძლევდეს სკოლის ბაზა. აქ ვგულისხმობ, თუ სკოლა შეარჩევს პროგრამას – სასტუმრო და სარესტორნო საქმე, ამისთვის უნდა ჰქონდეს შესაბამისი თავისუფალი სივრცე. ამ ოც შერჩეულ სკოლაში, სულ ექვსი პროგრამა ხორციელდება, ჩვენს სკოლაში არის პროგრამა – „კომპიუტერული ქსელები და სისტემები“.
-ამ პროექტში ჩართვით მოსწავლეს ხელი ხომ არ შეეშლება სწავლა გააგრძელოს უმაღლეს სასწავლებელში?
არა, რა თქმა უნდა, სურვილის შემთხვევაში, თავისუფლად შეუძლიათ გააგრძელონ სწავლა უმაღლეს სასწავლებელში.
-პროექტი ეროვნულ სასწავლო გეგმასთანაა ინტეგრირებული, რომ აგვიხსნათ, რას ნიშნავს ეს?
ინტეგრირებული პროგრამები სკოლის მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, სკოლის ბაზაზე, მოკლე დროში დაეუფლონ პროფესიას და დამადასტურებელ დიპლომთან ერთად, მიიღონ ატესტატიც. ამ პროცესში პოზიტიური ფაქტია ისიც, რომ პროფესიას იღებ ნაცნობ გარემოში, სადაც თანასკოლელები, კლასელები და მასწავლებლები არიან.
-აღნიშნულით თუ დაინტერესდნენ მოსწავლეები და როგორი იყო ჩართულობა, რა მოლოდინები იყო?
-ძალიან დაინტერესდნენ, ჯერ ერთი, სწავლების სტილი არის განსხვავებული და საინტერესო, შეფასებაც განსხვავებულია, სტუდენტებს მოსწონთ სასწავლო გარემო, სადაც უტარდებათ ლექციები.
უნდა მიგვეღო 20 სტუდენტი, მაგრამ გვქონდა ასეთი შემთხვევა, ჩვენი სკოლიდან გადასული მოსწავლე, ინტეგრირებული პროგრამის გამო უკან დაგვიბრუნდა, ამიტომ მოვითხოვეთ დამატება და გვყავს 21 სტუდენტი.
მოლოდინი გვქონდა, წარმატებულად განხორციელების, თუმცა ვიცოდით ამ გზაზე უამრავი სირთულე გამოჩნდებოდა, მაგრამ გვაქვს დიდი მხარდაჭერა სამინისტროს მხრიდან, ყველა საკითხში გვიწევენ კონსულტაციებს, გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია, ამ ყველაფრის ფონზე, სწავლება წარმატებულად მიმდინარეობს, დაახლოებით ორი კვირის წინ ჩატარდა სკოლაში მონიტორინგი, რომელმაც ჩვენი საქმიანობა დადებითად შეაფასა.
ჩვენ ვეხმარებით სტუდენტებს პროფესიის დაუფლებასა და შერჩევაში, პროფესიული განათლება არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა იმისთვის, რომ თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებს ვუპასუხოთ. გვიხარია, რომ ამ დიდი საქმის თანამონაწილენი ვართ.
გელა ალაგარდაშვილი, პროფესიული სასწავლებლის პროგრამა „კომპიუტერული ქსელები და სისტემები“ სტუდენტი:
-რამდენად დროული იყო ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამის დანერგვა თქვენს სკოლაში?
-ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა, რადგან სწორედ ჩემს სკოლაში დაინერგა ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამა და მომეცა შესაძლებლობა ამ პროგრამის სტუდენტი გავმხდარიყავი. ჩვენს დროში, ძალიან მნიშვნელოვანია, სწორად შევარჩიოთ პროფესია, ამიტომ ვფიქრობ, ნამდვილად დროული იყო ამ პროგრამის დანერგვა. აქ სწავლა ძალიან გვეხმარება ჩამოვყალიბდეთ ჩვენს მომავალ პროფესიაში.
-რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში, გამართლდა მოლოდინები?
-ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა, პირველ რიგში ის, რომ მე აღარ ვარ მოსწავლე და ამ პროგრამაზე ჩარიცხვის დღიდან ვარ სტუდენტი, ვესწრები ლექციებს და არა გაკვეთილებს. აქ ლექციები განსხვავებული სტილით მიმდინარეობს, ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო მეთოდებით გვასწავლიან. იცით რა მომწონს? ნიშნებით არ გვაფასებენ, გვაძლევენ განმავითარებელ უკუკავშირს და დავალებებში გვაქვს ჩათვლა. რაც შეეხება, გაამართლა თუ არა ჩემი მოლოდინი, ამას ალბათ მოგვიანებით უფრო ვუპასუხებ, ამ ეტაპზე შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად გაამართლა, კმაყოფილი ვარ სწავლებით.
-რას ურჩევდით თანატოლებს?
-ვისაც სურს ინტეგრირებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელება, ვურჩევ, რომ არც კი დაფიქრდნენ, რადგან დიპლომთან ერთად გვექნება ატესტატი და თუკი გადავწყვეტთ სხვა პროფესიის არჩევას, ამის შესაძლებლობაც გვეძლევა. პარალელურად დასაქმებაც შეგვიძლია. ამიტომ, ეს შესაძლებლობა თუკი გაქვთ, უნდა გამოიყენოთ.
ბოლნისის №1 საჯარო სკოლაში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დანერგვით მოსწავლეები იღებენ პრაქტიკულ უნარებს, დიპლომებსა და ატესტატს, რაც უზრუნველყოფს მათ კონკურენტუნატიანობას, როგორც უმაღლესში გადასვლისას, ასევე დასაქმებისა და კარიერული ზრდის საკითხებში.
