გაზეთი ,,ბოლნისი“ რუბრიკაში „წარმატებული“ ნორჩ ვირტუოზებს, და-ძმას, მათე და მართა გოგებაშვილებს წარმოგიდგენთ, რომლებმაც მცირე ასაკის მიუხედავად, სახელი ქვეყნის მასშტაბით გაითქვეს. მათ, ცნობილი კომპოზიტორებისგან და მუსიკალური საზოგადოებისგან, არა ერთი გამარჯვება და უმაღლესი შეფასება აქვთ მიღებული.
მათე და მართა გოგებაშვილები ბოლნისის მუნიციპალიტეტის ზაურ ხუჯაძის სახელობის სამუსიკო სკოლის მოსწავლეები არიან. განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი ნორჩ პიანისტებს გენეტიკურად მამისგან და ბაბუისგან ერგოთ, თუმცა ასეთი შედეგი და მუსიკისადმი დამოკიდებულება პედაგოგის, ლია მუშკუდიანის დიდი დამსახურებაა. შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობა, სიბეჯითე და მუსიკალური უნარ-ჩვევების მაქსიმალურად გამოყენება, პატარა ვირტუოზებს ხელს უწყობს იყვნენ გამორჩეული და სამაგალითო. სწორედ ასეთმა დამოკიდებულებამ მათ არა ერთი წარმატება მოუტანა. რიგით მე-10 საქართველოს სამუსიკო სკოლებისა და სასწავლებლების მოსწავლეთა ეროვნულ (რეგიონალურ) კონკურსზე, მათ კომპეტენტური ჟიურისგან უმაღლესი შეფასებები მიიღეს. აღსანიშნავია, რომ და-ძმამ, ასაკის მიუხედავად, რთულად შესასრულებელი ნაწარმოები დაუკრეს.
ლია მუშკუდიანი: მათე და მართა შრომისუნარიანობით გამოირჩევიან. ისინი განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით არიან დაჯილდოებული, შეუძლიათ ადვილად შეისწავლონ ნებისმიერი სირთულის ნაწარმოებები. ბავშვები რომ გამორჩეულები და პასუხისმგებლიანები არიან, რა თქმა უნდა მშობლების დამსახურებაა, რომ არა მათი გვერდში დგომა და ხელშეწყობა, ბავშვები ამ დიდ წარმატებას ვერ მიაღწევდნენ. მინდა აღვნიშნო, ამ მნიშვნელოვანი კონკურსის გარდა, მათეს პირველ კლასში (2019წ.) ვირტუოზული პიესის შესრულებაში პირველი ადგილი აქვს მიღებული. როგორც პედაგოგი ვალდებული ვარ და ვცდილობ, ჩემს მოსწავლეებს ყველა კონკურსში მივაღებინო მონაწილეობა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სამუსიკო სკოლის მოსწავლეები, აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა კონცერტებსა და კონკურსებში და მათ არაერთი კარგი შედეგი აქვთ მიღებული. მსგავსი აქტივობები ერთგვარი მოტივაციაა პედაგოგებისთვისაც, რათა განვავითაროთ პროფესიული უნარები. სწორედ 2010-2011 სასწავლო წელს მიღწეული წარმატებებისათვის, გადმომეცა დიპლომი საუკეთესო პედაგოგის წოდებით.
-ლალი თანდარაშვილი, ზაურ ხუჯაძის სახელობის სკოლის დირექტორი:
-შემოდგომაზე გაიმართა რიგით მე-10 რეგიონალური კონკურსი, სადაც საქართველოს მასშტაბით გამარჯვებულმა, საუკეთესო ნორჩმა თექვსმეტმა შემსრულებელმა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, გამართულ დასკვნით კონკურსში მიიღეს მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ ბოლნისელმა და-ძმა გოგებაშვილებმა, ცნობილი მუსიკოსებით დაკომპლექტებული ჟიურისგან უმაღლესი შეფასებები მიიღეს. ვულოცავ ამ უნიჭიერეს ბავშვებს და მათ პედაგოგს, ასეთ მიღწევას. მათ ურთულეს ნაწარმოებებს გაართვეს თავი და ღირსეული გამარჯვება მოიპოვეს. ეს ბავშვები ჩვენი ღირსეული მომავალია, სწორედ ასეთ ახალგაზრდებს შეუძლიათ შეცვალონ სამყარო უკეთესობისკენ.
მათესა და მართას მართლაც შეუძლიათ სამყარო უკეთესობისკენ შეცვალონ. მუსიკალური ნიჭის გარდა, მათ შრომისმოყვარეობა, უფროსების მიმართ პატივისცემა, სიბეჯითე და კეთილსინდისიერება ახასიათებთ.
მარინა გავაშელი.