ქვეყანაში ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში ავტორიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
2023 წლის 21 თებერვლის საქართველოს მთავრობის N76 დადგენილებით დამტკიცდა „ადრეული აღზრდისა და განათლების ან /და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის გავლის, აგრეთვე დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის დროებითი წესი“. კანონმდებლობის შესაბამისად, ბაღებში ავტორიზაცია არის ეტაპობრივი პროცესი და მისი საბოლოო ვადა 2030 წლამდეა განსაზღრული. რეფორმას სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს.
პროცესში ჩაერთო ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოქმედი ბაღებიც. როგორც ცნობილია, ბაღებმა უკვე გაიარეს პირველადი შეფასების ეტაპი.
რამდენი საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს დღეს ბოლნისი სმუნიციპალიტეტში და რა ძირითადი ეტაპები გაიარეს ავტორიზაციის პროცესში ჩასართავად? ამ და სხვა საკითხებზე ისაუბრებს ააიპ „ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულების ‘’ დირექტორი ლელა გოგმაჩაძე.

–მოგესალმებით ქალბატონო ლელა, რამდენი საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში და რა ძირითადი ეტაპები გაიარეთ ავტორიზაციის პროცესში ჩასართავად?
-ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ამ ეტაპზე, რეგისტრირებულია 12 საბავშვო ბაღი, რომლებიც ეტაპობრივად ჩაერთვებიან ავტორიზაციის პროცესში. ავტორიზაციისთვის მზადება, ქვეყნის მასშტაბით, 2023 წელს დაიწყო, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობით. პირველ ეტაპზე საბავშვო ბაღებში განხორციელდა თვითშეფასების პროცესი, რაც გულისხმობდა სპეციალური კითხვარის შევსებას. აღნიშნული ინსტრუმენტი საშუალებას აძლევდა თითოეულ ბაღს, შეეფასებინა საკუთარი შესაბამისობა ავტორიზაციის სტანდარტებთან. თვითშეფასების შედეგებზე დაყრდნობით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა ავტორიზაციის გავლის განრიგი.
შემდგომ ეტაპზე დაიწყო სისტემური მზადება, რაც მოიცავდა ცენტრის მიერ მეთოდოლოგიური დოკუმენტების შემუშავებას; ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას; მუნიციპალიტეტების მხარდაჭერას პროცესის ეფექტიანად წარმართვის მიზნით.
ამ პროცესს თან ახლდა საკმაოდ დიდი შრომა. საჭირო გახდა არაერთი ახალი დოკუმენტის შემუშავება, რომელთა უმრავლესობა ჩვენთვის სრულიად უცნობი იყო. შესაბამისად, ავტორიზაციისთვის მზადება იყო ინტენსიური და მრავალმხრივი სამუშაო პროცესი, რომელიც გუნდურ ძალისხმევას მოითხოვდა.
დამტკიცებული განრიგის შესაბამისად, 2026 წლის პირველ კვარტალში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, 4 საბავშვო ბაღში უკვე განხორციელდა ავტორიზაციის პროცესები. ამ ეტაპზე განხორციელებული ვიზიტები და შეფასებები წარმოადგენს ადგილზე არსებული მდგომარეობის დოკუმენტურ შესწავლას და არ ითვალისწინებს პრაქტიკაში შესვლას, ამასთანავე, არ წარმოადგენს საბოლოო შეფასებას.
საბოლოო შედეგები ცნობილი გახდება მოგვიანებით, ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე, სადაც თითოეული საბავშვო ბაღის ავტორიზაციის სტატუსი ოფიციალურად განისაზღვრება.
– რას ნიშნავს ბაღების ავტორიზაცია?
-ავტორიზაცია წარმოადგენს მნიშვნელოვან რეფორმას, რომელიც მიზნად ისახავს სკოლამდელი განათლების ხარისხის გაუმჯობესებას და ერთიანი სტანდარტების დამკვიდრებას ქვეყნის მასშტაბით. ეს ნიშნავს, რომ თითოეულ საბავშვო ბაღში უნდა იყოს უზრუნველყოფილი უსაფრთხო, განვითარებაზე ორიენტირებული და ბავშვზე მორგებული გარემო, სადაც თანაბრად ხელმისაწვდომია განათლება ყველა ბავშვისთვის და დაცულია ინკლუზიური სწავლების პრინციპები. მოკლედ რომ ვთქვათ, ავტორიზაცია არის ინსტრუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ საბავშვო ბაღი იყოს ადგილი, სადაც, ნებისმიერი ტიპის გადაწყვეტილების მიღებისას, ბავშვის საუკეთესო ინტერესი არის მთავარი საზომი.
– რატომ გახდა აუცილებელი ბაღების ავტორიზაცია და რას არეგულირებს ის?
ავტორიზაცია არ არის მხოლოდ შეფასების პროცესი – ეს არის განვითარების შესაძლებლობა. პროცესში მიღებული რეკომენდაციები დაგვეხმარება, გავაუმჯობესოთ არსებული პრაქტიკა, გავაძლიეროთ უკვე დანერგილი სტანდარტები და დავინახოთ ის გამოწვევები, რომლებიც აუცილებლად საჭიროებს რეაგირებას.
ავტორიზაცია მოიცავს ოთხ ძირითად სტანდარტს:
- დაწესებულების მისია და სტრატეგიული განვითარება;
- კურიკულუმი;
- ოჯახისა და თემის ჩართულობა;
- სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესის მხარდაჭერა.
შესაბამისად, შეფასება ხორციელდება მრავალ მიმართულებაზე – სასწავლო გარემო, უსაფრთხოება, ჰიგიენა, კვება, საგანმანათლებლო პროგრამა, მშობლებთან თანამშრომლობა და პერსონალის პროფესიული მზადყოფნა.
დღეს საბავშვო ბაღი აღარ არის ადგილი, სადაც ბავშვი უბრალოდ ელოდება მშობელს, ეს არის სივრცე, სადაც ის სწავლობს ნდობას, ურთიერთობას, საკუთარი ემოციების მართვას და სამყაროსთან პირველ დიალოგს იწყებს. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, ეს გარემო იყოს ხარისხიანი და პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული.
-რაა ის ძირითადი პირობები და კრიტერიუმები, რომლებიც ავტორიზაციისთვის არის აუცილებელი?
-ავტორიზაციის მოთხოვნები ეფუძნება კონკრეტულ, მკაფიო კრიტერიუმებს, რომლებიც უზრუნველყოფს ბავშვის სრულფასოვან განვითარებას.
მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:
- უსაფრთხო და ადაპტირებული ინფრასტრუქტურა;
- ჰიგიენისა და ჯანმრთელობის დაცვის სტანდარტების დაცვა;
- მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვება;
- ხარისხიანი და ბავშვზე მორგებული საგანმანათლებლო პროგრამა;
- კვალიფიციური და მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული პერსონალი;
- მშობლებთან და თემთან აქტიური თანამშრომლობა;
- ინკლუზიური გარემო, სადაც ყველა ბავშვს აქვს განვითარების თანაბარი შესაძლებლობა.
ეს კრიტერიუმები არ არის ფორმალური მოთხოვნები. ეს არის ის საფუძველი, რაზეც დგას ბავშვის უსაფრთხოება და კეთილდღეობა.
– თქვენი აზრით, რის გარანტიას იძლევა ბაღების ავტორიზაცია და რას შეცვლის ეს პროცესი?
-ავტორიზაცია არის ხარისხის, უსაფრთხოების და ნდობის გარანტია. ეს ნიშნავს, რომ მშობელს შეუძლია მშვიდად დატოვოს შვილი გარემოში, სადაც დაცულია მისი ჯანმრთელობა, განვითარება და ემოციური კეთილდღეობა. ამ პროცესების შედეგად საბავშვო ბაღი კიდევ უფრო მეტად გახდება ბავშვზე ორიენტირებული სივრცე, ადგილი, სადაც სწავლა და განვითარება ბუნებრივად, თამაშით და სიყვარულით მიმდინარეობს.
იცვლება არა მხოლოდ გარემო, არამედ დამოკიდებულებაც — ბავშვი აღიქმება, როგორც ინდივიდი – თავისი საჭიროებებით, ინტერესებითა და შესაძლებლობებით. იცვლება დამოკიდებულება საბავშვო ბაღის მიმართაც – სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება დღეს უკვე არის სრულფასოვანი ინსტიტუცია, საკუთარი მისიით, ხედვითა და ღირებულებებით, რომელიც ამკვიდრებს თანამედროვე მიდგომებსა და ახალ ხედვებს მომავალი თაობის აღზრდის პროცესში.
-ავტორიზაციის პროცესში რა ძირითადი გამოწვევები გამოიკვეთა?
-ავტორიზაციის მიმდინარე პროცესმა ნათლად წარმოაჩინა ის მიმართულებები, სადაც დამატებითი გაძლიერებაა საჭირო. ძირითადი გამოწვევები დაკავშირებულია ინფრასტრუქტურის სრულ შესაბამისობაში მოყვანასთან, რესურსების განახლებასთან და ზოგ შემთხვევაში ადამიანური რესურსების პროფესიულ განვითარებასთან. არსებული სურათი კიდევ უფრო დაზუსტდება და სრულად გამოიკვეთება საბოლოო დასკვნის გაცნობის შემდეგ. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ეს გამოწვევები აღიქმებოდეს არა როგორც ბარიერი, არამედ როგორც განვითარების შესაძლებლობა, ვინაიდან სწორედ ავტორიზაციის პროცესი გვაძლევს საშუალებას, უფრო რეალისტურად შევაფასოთ არსებული მდგომარეობა და მიზანმიმართულად ვიმოქმედოთ გაუმჯობესებისთვის.
– როგორია მუნიციპალიტეტის მხარდაჭერა ბაღებისთვის ამ პროცესში ?
-მუნიციპალიტეტი აქტიურად არის ჩართული ავტორიზაციის პროცესში და უზრუნველყოფს ბაღების მხარდაჭერას, როგორც ორგანიზაციულ, ასევე, პრაქტიკულ დონეზე. ჩვენი მიდგომა არის თანმიმდევრული. თითოეული ბაღი, თავისი საჭიროებების გათვალისწინებით, მიიღებს შესაბამის მხარდაჭერას, რათა ავტორიზაციის მოთხოვნები, რეალურად და არა ფორმალურად, შესრულდეს.
– რა გზავნილს გაუგზავნიდით მშობლებს?
-მშობლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია – რამდენად უსაფრთხო და სწორ გარემოშია მისი შვილი. ავტორიზაციის პროცესი სწორედ ამ კითხვაზე პასუხია. ეს არის გარანტია იმისა, რომ საბავშვო ბაღში შექმნილია გარემო, სადაც თითოეული ბავშვი დაცულია, პატივისცემით მიღებულია და მისი განვითარება სწორად არის მხარდაჭერილი. მშობლებს მინდა ვუთხრა – ეს პროცესი ჩვენთვის ფორმალობა არ არის.
ეს არის პასუხისმგებლობა, რომელიც ყოველდღე გვახსენებს, რომ თითოეული ბავშვი იმსახურებს საუკეთესო გარემოს.
მაია გავაშელი







