ელიას მთის სულიერ და ისტორიულ გარემოში, წმინდა პეტრე და პავლე მოციქულების სახელობის სამონასტრო კომპლექსმა განსაკუთრებული სითბოთი და მადლიერებით სავსე ღონისძიებას უმასპინძლა. საღამო იმ ადამიანებს მიეძღვნა, რომლებიც წლების განმავლობაში უხმოდ და თავდაუზოგავად ემსახურებიან ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეს, მომავალი თაობების განათლებასა და აღზრდას. „განათლების ამაგდარი – რჩეული პედაგოგები“, ასე ერქვა მუნიციპალური დაჯილდოების ცერემონიალს, რომელიც „მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე“ წარდგენილ პედაგოგებს მიეძღვნა. ღონისძიება ბოლნისის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ჩართულობითა და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა. ტაძრის ეზო, ერთი დღით, საგანმანათლებლო სივრცედ გადაიქცა და გარემო მოსწავლეთა და პედაგოგთა შემოქმედებითმა გამოფენამ გაალამაზა. ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან „მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე“ 25 ღვაწლმოსილი პედაგოგია წარდგენილი, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებიდან. მრავალწლიანი თავდაუზოგავი შრომისა და განათლების სფეროში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, პედაგოგებს მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. დაჯილდოების ცერემონიაში, მუნიციპალიტეტის მერი, დელეგატი, საკრებულოს თავმჯდომარე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მათ პედაგოგებს გაწეული შრომისა და პროფესიული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს. დაჯილდოების თითოეულ ეპიზოდს ეკრანზე წარმოდგენილი ვიდეორგოლები ახლდა. დამსწრე საზოგადოება კიდევ ერთხელ გაეცნო თითოეული პედაგოგის პროფესიულ გზას. საღამოს განსაკუთრებულ ჰარმონიას და სადღესასწაულო განწყობას სძენდა ეროვნული სასახლის მევიოლინეთა ანსამბლი „სიმი“, კულტურის სახლთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი „ორბელი“, ასევე ესტრადისა და ოპერის მომღერალი იამზე ჯაყელი და ინდივიდუალური შემსრულებელი სალომე წიქორიძე. პედაგოგების დაფასებისა და აღიარების მასშტაბური ინიციატივა, მთელი საქართველოს მასშტაბით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გადაწყვეტილებით, „მასწავლებლის ეროვნული პრემიის“ ფარგლებში მიმდინარეობს. ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში გამართული ღონისძიებები, 27 ოქტომბერს, ქუთაისში გრანდიოზული დასკვნითი ღონისძიებით დასრულდება.





