სამშაბათი, მაისი 19, 2026
spot_img
Homeრუბრიკები„ბოლნური ჯვარი, სულიერი და ეროვნული სიმბოლოა“

„ბოლნური ჯვარი, სულიერი და ეროვნული სიმბოლოა“

ხეზე კვეთის ტრადიცია საქართველოში, საუკუნეებს ითვლის. ხის მხატრულ დამუშავებას უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია, როგორც საეკლესიო, ისე საერო ხელოვნებაში. ხეში ამოკვეთილი ორნამენტები ჩვენი ქვეყნის კულტურაზე და ტრადიციებზე მოგვითხრობს.

28 წლის გიორგი მელიქიშვილისთვის  ხეზე კვეთა,  ორი წელია, საყვარელ საქმიანობად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ  დამწყები ოსტატია, მის შემოქმედებაში მრავალი საინტერესო  ნაკეთობაა.

„ხეზე კვეთა მხოლოდ ხელოვნება არ არის. ეს არის ჩემი სულის გამოძახილი“, ამბობს გიორგი. ნამუშევრებზე ამოკვეთილი თითოეული ხაზი ავტორის შინაგან სამყაროსა და განცდებს ასახავს. სწორედ ამიტომ,   მისთვის ეს საქმე განსაკუთრებული და ძვირფასია.

„თითქმის ორი წელია, რაც ხეზე კვეთის ხელოვნებას დავეუფლე. ზუსტად ვერ გეტყვით, დღეისთვის, რამდენი ნაკეთობა მაქვს დამზადებული, თუმცა, იმის თქმა ნამდვილად  შემიძლია, რომ თითოეული მათგანი დიდი სიყვარულით, სიფაქიზით და მთელი პასუხისმგებლობით მაქვს შექმნილი.

ხეზე კვეთა – ეს არის ძველი და სუფთა საქმე, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება. როდესაც ხეზე ვმუშაობ, განსაკუთრებული ემოციები მეუფლება, სიამაყეც, სიამოვნებაც და განცდა იმისა, რომ წინაპრების უძველეს ტრადიციას ვაგრძელებ. ხეზე კვეთა – ეს არის ჩემი შინაგანი მდგომარეობა.“

უყვარს ყველაფერი ქათული, ის რაც ეროვნულ ფასეულობებს უკავშირდება. თითოეული ნივთის შექმას თავისი ისტორია აქვს. ყოველი ნამუშევრის დამზადება იწყება იდეით, გრძელდება დიდი შრომით და სრულდება სიყვარულით. პროცესი რთულია, თუმცა საინტერესო. მთის სიყვარულით დაიწყო თავისუფლებისა და სიძლიერის სიმბოლოების – სვანური და ხევსურული  კოშკების შექმნა. ამზადებს ასევე  ქართული საკრავების მინიატურებს.  გიორგი მელიქიშვილი განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება ბოლნური ჯვრების დამზადებას. ამ  დროს მაქსიმალურ ყურადღებას აქცევს დეტალებს, რადგან ხელნაკეთი მისთვის  მხოლოდ ხელოვნების ნიმუში არ არის. ბოლნური ჯვარი, პირველ რიგში, სულიერი და ეროვნული სიმბოლოა.

„თითოეული ჩემი ნაკეთობა დიდი სიფრთხილით იქმნება. თუმცა როდესაც ბოლნურ ჯვრებს ვამზადებ,  განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდები სამუშაოს. თითოელი ორნამეტი და ჩუქურთმა აუჩქარებლად, სიყვარულით და რწმენით იკვეთება, რადგან

ბოლნური ჯვარი ხომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი და მნიშვნელოვანი  ქრისტიანული სიმბოლოა. რაც შეეხება სვანური და ხევსურული კოშკების მინიატურებს, მთის სიყვარულით დავამზადე. ჩემთვის ისინი სიმტკიცესთან და დამოუკიდებლობასთან  იგივდება. ნაკეთობების დამუშავების პროცესში  ორმაგად ამაყი ვარ, რადგან თავად ვუკრავ ქართულ  საკრავებზე. ამიტომ,  გადავწყვიტე ინსტრუმენტების მინიატურების დამზადებაც.“

ხეზე კვეთის დროს მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული მასალა, მოწესრიგებული იარაღი, ფანტაზია და მარჯვე ხელები, განსაკუთრებით კი სიფრთხილე, რადგან უმნიშვნელო ცდომილებამ შეიძლება სერიოზული დაზიანებაც გამოიწვიოს. გიორგისთვის უდიდესი ბედნიერებაა, როდესაც ხის უბრალო ნაჭერს ახალ სიცოცხლეს აძლევს და, მისგან ორნამენტებით მორთულ არაჩვეულებრივ ნივთს ქმნის. თითოეული ახალი ნამუშევარი კი ავტორისთვის შემოქმედებითი გამოწვევაა.

„ხეზე კვეთა მარტივი პროცესი ნამდვილად არ არის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ სწავლის პროცესში ხარ. ნაკეთობის დამზადებისას  აუცილებელია დიდი ნებისყოფა, განსაკუთრებული სიფრთხილით  და მშვიდად მუშაობა, რაიმე სახის დაზიანება რომ არ მიიღო. სწორად შერჩეული მასალა კი ყველაზე მთავარია, რომ ნამუშევარი სრულყოფილი იყოს. ყველა ჩემი დამზადებული ნივთი მიყვარს. ისინი დიდი შრომის შედეგია“.

დიდი ხნის სურვილი, გამხდარიყო ხეზე მკვეთი, მალე რეალობად იქცა. ხის მხატვრული დამუშავების ხელოვნებას  გიორგი მელიქიშვილი ხეზე კვეთის ოსტატის  ნოდარ გოგებაშვილის დახმარებით  დაეუფლა. მასწავლებელმა მოსწავლეს  პროფესიური უნარები შეასწავლა და ხელოვნების სიყვარულსაც აზიარა.

„ხეზე  კვეთის შესწავლის სურვილი ყოველთვის მქონდა.  ოცნების ახდენაში კი  ნოდარ გოგებაშვილი დამეხმარა. დღეს, თუ რამე ცოდნა გამაჩნია ამ სფეროში  და ვამზადებ ნაკეთობებს,  ეს სწორედ ბატონი ნოდარის დამსახურებაა. დიდი მადლობა მას, რომ ყოველთვის გვერდში მიდგას და ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ რაც  შეიძლება მეტი ვისწავლო და წარმატებებს მივაღწიო ამ მიმართულებით. სწორედ ასეთი ადამიანები უწყობენ ხელს, რომ საუკუნოვანი ტრადიცია მომავალ თაობებს გადაეცეს. პირველი ჩემი  ნამუშევარი იყო „გემი იალქნებით“, რომელიც  მასწავლებლის რჩევით დავამზადე. ხეზე კვეთის მრავალი სახეობა არის. ხეზე მუშაობას თავის ეტაპები აქვს, სირთულეებიდან გამომდინარე. მე, ამ ეტაპზე, რელიეფურ კვეთას ვსწავლობ.“

გიორგი მელიქიშვილის ნამუშევრების პირველი შემფასებლები და მისი შემოქმედების ყველაზე გულწრფელი გულშემატკივრები  მისი ოჯახის წევრები არიან. ადამიანები, რომელთა მხარდაჭერა და სიყვარული, ახალი ნამუშევრების შექმნის  შთაგონების წყაროა.

„ჩემი ოჯახი ყოველთვის გვერდში მიდგას, მოტივაციას მაძლევს და მამხნევებს. სწორედ მათი მხარდაჭერით და სიყვარულით ვამზადებ ბევრ ნაკეთობას. ჩემი საქმიანობის  ყველაზე დიდი გულშემატკივრები ჩემი ოჯახის წევრები არიან.“

გიორგი მელიქიშვილისთვის ხეზე კვეთა არის საქმე, სადაც ერთმანეთს ერწყმის ტრადიცია, რწმენა და შემოქმედებითი თავისუფლება. ფიქრობს, რომ ამ მიმართულებით, კიდევ უფრო  მეტი გამოცდილება მიიღოს, ცოდნა გაიღრმაოს, რომ მომავალში უფრო ლამაზი და ორიგინალური ნამუშევრები შექმნას.

მაია გავაშელი

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები