HomeTVბოლნისქალაქობა 2026“ — ტრადიცია, რომელიც ქალაქს აერთიანებს

ბოლნისქალაქობა 2026“ — ტრადიცია, რომელიც ქალაქს აერთიანებს

ისტორიული წარსული, მრავალფეროვანი კულტურა, ადგილობრივი ტრადიციები და საზეიმო განწყობა — ძველ გერმანულ უბანში „ბოლნისქალაქობა 2026“ აღინიშნა. ტრადიციად ქცეულმა სახალხო დღესასწაულმა წელსაც უამრავ სტუმარს უმასპინძლა და ისტორიული უბანი მთელი დღის განმავლობაში კულტურული ღონისძიებებისა და სადღესასწაულო აქტივობების სივრცედ აქცია. სპეციალურად ამ დღისთვის მოწყობილ საგამოფენო სივრცეებში წარმოდგენილი იყო რეწვის ოსტატთა ნამუშევრები, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია და ბოლნური ღვინო. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ მუნიციპალიტეტის თემების მიერ წარმოდგენილ ეთნოკუთხეებს და დაეგემოვნებინათ ადგილობრივი ნაწარმი. დღესასწაულის პროგრამა ყველა ასაკის სტუმარზე იყო გათვლილი. ბავშვებისთვის მოეწყო გასართობი და შემეცნებითი აქტივობები, სპორტული თამაშები, ანიმატორების შოუ, ქუჩის კარნავალი და ატრაქციონები. სადღესასწაულო განწყობას განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა კულტურული პროგრამაც, რომელშიც ბოლნისის მუნიციპალური თეატრი, კულტურის ცენტრი და მუნიციპალიტეტის სკოლები მონაწილეობდნენ. სახალხო დღესასწაულის მთავარი ღონისძიებების დაწყებამდე მაყურებლის წინაშე კულტურის სახლთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა — „თამარიონმა“ და „სიონმა“ —შთამბეჭდავი საცეკვაო ნომრები წარმოადგინეს და სტუმრებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. „ბოლნისქალაქობის“ ერთ-ერთი გამორჩეული ტრადიცია ყურძნის საზეიმო დაწურვაა — რიტუალი, რომელიც ბოლნისის მეღვინეობის მრავალსაუკუნოვან ისტორიასა და ვაზთან დაკავშირებულ ტრადიციებს უკავშირდება. დღის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ემოციური ნაწილი ბოლნისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია იყო. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ეპარქიის წინამძღოლმა ღვაწლმოსილ ადამიანებს განსაკუთრებული დღე მიულოცეს და მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური ჯილდოები გადასცეს. წელს ბოლნისის საპატიო მოქალაქის წოდება შვიდ ადამიანს მიენიჭა.ბოლნისმა სახალხო დღესასწაული პირველად 2017 წელს აღნიშნა. მას შემდეგ „ბოლნისქალაქობა“ ქალაქის ერთ-ერთ მთავარ კულტურულ მოვლენად და მუნიციპალიტეტის სავიზიტო ბარათად იქცა. ეს დღე არა მხოლოდ ადგილობრივ ტრადიციებსა და მემკვიდრეობას წარმოაჩენს, არამედ სხვადასხვა თაობას აერთიანებს და სტუმრებს ბოლნისის განსაკუთრებულ ხასიათს აცნობს. საზეიმო დღის დასკვნითი ნაწილი გრანდიოზული გალა კონცერტი იყო. მაყურებლის წინაშე ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, ანსამბლი „შვიდკაცა“ და ჯგუფი Reggaeon წარდგნენ. შემსრულებლებმა მსმენელს დაუვიწყარი მუსიკალური საღამო აჩუქეს, ხოლო ენერგიულმა გამოსვლებმა მაყურებელი საერთო სადღესასწაულო განწყობაში გააერთიანა.„ბოლნისქალაქობა 2026“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და კომპანია RMG-ის მხარდაჭერით, კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები