დღეს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ბოლნისის ფილიალმა, მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ბოლნისში უკრაინიდან შემოსული 15 ოჯახი მოინახულეს და ჰუმანიტარული დახმარება გადასცეს, რომლებიც სასურსათო პროდუქტებს, ბავშვებისთვის საჭირო საბაზისო მედიკამენტებსა და ჰიგიენურ ნივთებს მოიცავდა.
ეტაპობრივად ამანათები სამეგრელოს, იმერეთის, კახეთის, ქვემო ქართლსა და სხვა მუნიციპალიტეტებში დარიგდება.
პროექტის მხარდამჭერია სუპერმარკეტების ქსელი ,,2 ნაბიჯი”, ,,საქართველოს ბანკი” და საპატრიარქოს ახალგაზრდული ფონდი.
ლელა კვირიკაშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების უფროსი:
-დღეს წითელი ჯვრის საზოგადოების ბოლნისის რაიონულ ორგანიზაციასთან ერთად, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები უკრაინიდან დევნილი ოჯახები მოვინახულეთ და ჰუმანიტარული დახმარება გადავეცით. სიტყვებით ძნელია გადმოსცე თუ რას გრძნობენ ეს ადამიანები. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ მათთან მიმართებაში, იმედს ვიტოვებთ მალე დამთავრდება ომი და ისინი შეძლებენ საკუთარ სახლებში დაბრუნებას.
ილიევსკა ნატალია:
-აპრილის თვიდან აქ ვართ, ძალიან მოგვწონს ბოლნისი, მშვიდი, წყნარი ქალაქია, ყველა იღიმის, გვთავაზობენ დახმარებას. დიდი მადლობა მუნიციპალიტეტს, წითელ ჯვარს თანადგომისთვის. ჩვენი მიწიდან გამოვექეცით ომს, თავშესაფარი ვნახეთ საქართველოში, სადაც დიდი სითბოთი და სიყვარულით გვექცევიან.
ტკაჩ ილენა:
-მადლობა, რომ გვიმასპინძლეთ. 24 ადამიანი გამოვექეცით საომარ ვითარებას, დავუკავშირდით უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულთა ცენტრს და ხელი შეგვიწყვეს ყველანაირად. ბოლნისში ჩამოსვლის შემდეგ დაგვეხმარნენ საყოფაცხოვრებო ნივთებით. ასევე უფასოდ გვემსახურებიან საავადმყოფოები. დიდი მადლობა ყველაფრისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას და წითელ ჯვარს.
ნოტიჩევ ელიზავეტა:
ჩამოვედით მარტის თვეში, ხალხი ძალიან თბილად დაგვხვდა, გამოხატავენ სითბოს და სიკეთეს ჩვენს მიმართ. ამ ქალაქში ისე ვგრძნობთ თავს, როგორც საკუთარ სახლში. დიდი მადლობა ქართველებს, ბოლნისს და წითელ ჯვარს დახმარებისთვის.
რენზეს სვეტლანა:
-დაბრუნება გვინდა ჩვენს სახლში, მაგრამ არ შეგვიძლია, რომ წავიდეთ არ ვიცით შევაღწევთ თუ არა. ვნერვიულობთ ჩვენს ოჯახებზე, ნათესავებზე, მეგობრებზე. დიდი მადლობა გაფრინდაშვილების ოჯახს,რომლებმაც მიგვიღეს და დახმარება გაგვიწიეს, დიდი მადლობა მუნიციპალიტეტს და წითელ ჯვარს.